რბოლა უკვე პირველ მოსახვევში დაიძაბა. ფეტელმა შესანიშნავი სტარტი აიღო და რიკარდოს გაუსწრო, მაგრამ მეტი მოინდომა. პირველ მოსახვევში ფერსტაპენს შეეხო და ინერციით ტრასიდან გადაადგო როსბერგი.
ფერსტაპენი ამ ავარიას გადაურჩა, ნიკო ბოლო ადგილამდე დაეშვა, ფეტელის მანქანას კი წინა გაკიდება გაუტყდა - მისთვის რბოლა დასრულებული იყო. ცნობისთვის, ამ ინციდენტისთვის ფეტელი
პოულის მფლობელი ჰემილტონი მთავარი მეტოქის გარეშე დარჩა და ისე ჩანდა, რომ სწრაფად მოიპოვებდა კომფორტულ უპირატესობას, მაგრამ რიკარდო წამნახევარზე შორს არ უშვებდა ლიდერს. კიდევ წამნახევრით უკან ფერსტაპენი მოძრაობდა.
როსბერგს მოუწია ბოლო ადგილიდან წინ გზის გაკვლევა და შვიდი წრის შემდეგ, უკვე მე-11 ადგილზე იყო. თუმცა, მისი წინსვლა ვირტუალურმა უსაფრთხოების მანქანამ შეწყვიტა, რადგან რომენ გროსჟანი გამოეთიშა რბოლას ბოლო მოსახვევში.
"მერსედესმა" რბოლაში პაუზით ისარგებლა და როსბერგის პიტსტოპი ჩაატარა. ასევე ბოქსებში შევიდა ფერსტაპენი და "ფორს ინდიას" ორივე პილოტი. პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ, როსბერგი მეშვიდე ადგილამდე ავიდა, ჰემილტონი კი დამაჯერებლად ლიდერობდა - ექვს წამს უგებდა რიკარდოს და 40 წამს - როსბერგს.
ლუისმა და კიმი რაიკონენმა პირველი პიტსტოპი მე-19 წრეზე შეასრულეს. ორივე პილოტმა "ჰარდის" საბურავები მიიღო, რომელსაც, პოტენციურად, ფინიშამდე უნდა მიეყვანა ისინი. ერთი წრით შემდეგ, ასევე ყველაზე ხისტი საბურავები მისცეს რიკარდოს.
ჰემილტონის პიტსტოპის შემდეგ, ლიდერი ფერსტაპენი გახდა, თუმცა ლუისი ახალი საბურავებით უფრო მაღალ ტემპში მოძრაობდა და თანდათან, ორ ლიდერს შორის სხვაობა ექვს წამამდე დაეცა. 27 წრის შემდეგ, მაქსი მეორედ შევიდა ბოქსებში და ჰემილტონი ისევ სათავეში ჩაუდგა რბოლას, თან უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ რიკარდოსთან 15 წამი იყო. მესამეზე იყო ფერსტაპენი.
პირველი სამეულის უკან მყოფი რაიკონენი და როსბერგი ფინიშამდე 24 წრით ადრე, მეორე პიტსტოპზე შევიდნენ და საბოლოოდ ჩამორჩნენ ლიდერებს. პიტლეინიდან გამოსულმა როსბერგმა მაშინვე შეუტია რაიკონენს პირველ მოსახვევში და მეოთხე ადგილზე გადავიდა. იქვე ფერსტაპენმა მეორე ადგილის დასაკავებლად შეუტია რიკარდოს. რამდენიმე წრე "რედ ბულის" პილოტები თითქმის გვერიდგვერდ იდგნენ, მაგრამ ავსტრალიელმა გაუძლო შეტევებს.
ფინიშამდე 20 წრით ადრე, ჰემილტონი მთელს პელოტონს 20 წამზე მეტს უგებდა და თითქმის გარანტირებული ჰქონდა მოგება და ჩემპიონატში ლიდერობა. მაგრამ ბრიტანელს არ გაუმართლა. 41-ე წრეზე მის მანქანაზე ძრავი დაიწვა. აალებული "მერსედესი" ტრასის მიღმა გაჩერდა, ლუისი ვერ იჯერებდა მომხდარს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ჰემილტონმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
რბოლის ახალი ლიდერი რიკარდო გახდა, რომელსაც კვალდაკვალ მისდევდა თანაგუნდელი ფერსტაპენი. "რედ ბულში" სინქრონული პიტსტოპი ჩაატარეს და სხვაობა მის წევრებს შორის ორ წამამდე გაიზარდა. როსბერგი მესამე იყო ლიდერებთან ნახევარწუთიანი ჩამორჩენით.
თითქოს რბოლაში საინტერესო აღარაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ მსაჯებმა როსბერგი ათი წამით დააჯარიმეს - გადაწყვიტეს, რომ ნიკომ წესები დაარღვია რაიკონენის გასწრებისას. ასე რომ, მესამე ადგილის შესანარჩუნებლად, გერმანელი კიდევ წამნახევრით უნდა დაცილებოდა კიმის, რაც მოახერხა და პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.
რაც შეეხება ლიდერობისთვის ბრძოლას, ბოლო წრეებზე ფერსტაპენი სტაბილურად ეწეოდა რიკარდოს - ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, "რედ ბულის" პილოტებს შორის მხოლოდ ნახევარი წამი იყო. მაგრამ, ამგვარი ზეწოლის მიუხედავად, დანიელმა შეინარჩუნა პირველი ადგილი და ამ სეზონში პირველი, კარიერაში კი მეოთხე გრანპრი მოიგო. სხვათა შორის, "რედ ბულისთვის" ეს იყო პირველი დუბლი 2013 წლის შემდეგ.
საერთო ჩათვლაში როსბერგი უკვე 23 ქულით უსწრებს ჰემილტონს. მესამეზე გაიმყარა პოზიციები რიკარდომ - მას 44 ქულით ჩამორჩება რაიკონენს.
შემდეგი ეტაპი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება - "სუზუკაზე" იაპონიის გრანპრის გაიმართება.
ლუის ჰემილტონი: ვიღაცას ჩემი ჩემპიონობა არ უნდა
კითხვები მაქვს "მერსედესთან". ჩვენი ძრავები რვა მანქანაზეა დამონტაჟებული, მაგრამ მხოლოდ ჩემს ავტომობილზე გამოდის მწყობრიდან. ეს დაუშვებელია.
ვიბრძვით ჩემპიონობისთვის, ძრავები კი მხოლოდ ჩემს ბოლიდზე ფუჭდება. ვერ ვიგებ, რატომ ხდება ასე. შევეცდები მომდევნო კვირას რბოლის წინ კონცენტრაციას. წინ კიდევ არის გადამწყვეტი ეტაპები და დღევანდელი რბოლაც სწორედ ასეთი იყო.
ვიღაცას არ უნდა, რომ წელს ჩემპიონატი მოვიგო, მაგრამ არ დავნებდები. ბრძოლას გავაგრძელებ.
მალაიზიის გრანპრი (56 წრე, 310.408 კმ)
1(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull 1:37.12,776 25
2(3). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +2,443 18
3(2). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +25,516 15
4(6). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +28,785 12
5(11). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.01,582 10
6(7). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.03,794 8
7(22). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +1.05,205 6
8(8). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +1.14,062 4
9(9). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren +1.21,816 2
10(19). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault +1.35,466 1
11(16). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso +1.38,878
12(17). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
13(10). ფელიპე მასა (ბრა) Williams 1 წრე
14(15). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე
15(21). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
16(20). ესტებან ოკონი (საფ) Manor 1 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
17(18). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 46 წრე
18(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 40 წრე
19(13). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 39 წრე
20(14). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 17 წრე
21(12). რომენი გროსჟანი (საფ) Haas 7 წრე
5(5). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari 0 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 288 (8)
2. ლუის ჰემილტონი 265 (6)
3. დანიელ რიკარდო 204 (1)
4. კიმი რაიკონენი 160
4. სებასტიან ფეტელი 153
6. მაქს ფერსტაპენი 147 (1)
7. ვალტერი ბოტასი 80
8. სერხიო პერესი 74
9. ნიკო ჰიულკენბერგი 50
10. ფერნანდო ალონსო 42
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 553
2. რედ ბული 359
3. ფერარი 313
4. ფორს ინდია 114
5. უილიამსი 121
6. მაკლარენი 62
7. ტორო როსო 47
8. ჰაასი 28
9. რენო 8
10. მანორი 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"