სენა და შუმი უარესს სჩადიოდნენ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ნიკო როსბერგმა რევანში აუღო ლუის ჰემილტონს 2014 წელს, აბუ დაბიში მარცხისთვის და გახდა "სამეფო რბოლების" რიგით 33-ე ჩემპიონი. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ როსბერგი ჩემპიონი მხოლოდ ლუის ჰემილტონის ტექნიკური პრობლემების წყალობით გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს.

უბრალო, ინტელიგენტი, დადებითი, მშვიდი...
"თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან ამ მომენტს მიუძღვნა, - წერს როსბერგზე Sky Sports-ის ექსპერტი და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მარტინ ბრანდლი. - რბოლებში და ჩემპიონატებში გამარჯვება ყოველთვის ტიტანურ შრომასთან, მსხვერპლშეწირვასთან, რისკთან, სტრესთან, აღფრთოვანებასთან და იმედგაცრუებასთან ერთად მიიღწევა.
როსბერგი "მერსედესში" 2010 წელს მივიდა და ფუნდამენტალური როლი ითამაშა გუნდის განვითარებაში და დომინანტი მანქანაის შექმნაში. ამ პერიოდში, მისი თანაგუნდელები იყვნენ პილოტები, რომლებსაც საუკეთესოს უწოდებენ ფორმულა 1-ის ისტორიაში - მიხაელ შუმახერი და ლუის ჰემილტონი".

"როსბერგი მუდმივად ზეწოლის ქვეშ იყო, - წერს Auto Motor und Sport-ის ჟურნალისტი მიხაელ შმიდტი. - მან იცოდა, რომ ამ პარტიის გადათამაშებას ვერ შეძლებდა და თუ წააგებდა, შესაძლოა, ვეღარასოდეს გამხდარიყო ჩემპიონი. და როცა ნიკო მიხვდა, რომ ლუისი აყოვნებდა მას, უკანა ხედვის სარკეებში კი ფეტელი და ფერსტაპენი გამოჩდნენ, პანიკის მიზეზი მართლაც იყო.

მაგრამ მან შეინარჩუნა კონცენტრაცია - იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო მსგავს სიტუაციებში. დანაკარგის მინიმალიზაციის ტაქტიკის მიუხედავად, როსბერგს მოუწია ტიტულისთვის ბრძოლა და სებასტიანის შეტევების მოგერიება. და ის უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ჰემილტონის მოგება გრანპრიზე".

"როსბერგი განსხვავდება თავისი ბავშვობის მეგობრისგან და ყოფილი ჩემპიონისგან, მაგრამ ყველა რომ ერთნაირი იყოს, ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ამანდა დევისი. - ბევრი მწერდა, რომ ნიკო არ იმსახურებს ტიტულს. ლუის ჰემილტონმა წელს უფრო მეტი რბოლა მოიგო და არც ის არის საკამათო, რომ ბრიტანელი უფრო ნიჭიერია. მაგრამ, მეორეს მხრივ, როსბერგმა წარმატება ორი წელი მწარე წაგების შემდეგ მოიპოვა, რაც, თავის თავად, პატივისცემას იმსახურებს. ნიკო ჯიუტობდა და ბევრს მუშაობდა. ფინიშის შემდეგ, მან გუნდს სთხოვა მანქანით წრეები დაერტყა - ეს ზუტად ახასიათებს მას".

"უბრალო და ინტელიგენტი, დაოჯახებული და მშვიდი, პოლიგლოტი ნიკო როსბერგი არასოდეს იყო განებივრებული პუბლიკის სიყვარულით, მონცაში კი გულშემატკივრებმა უსტვინეს კიდეც, - გვახსენებს მასიმო ბრიცი La Gazzetta dello Sport-დან. - მიუხედავად ამისა, დამაჯერებელმა პილოტაჟმა, მობილიზებამ, აგრეთვე საერთო ჩათვლაში უპირატესობამ, საშუალება მისცა თავის ცხოვრებაში მთავარი წარმატებისთვის მიეღწია. ფერსტაპენის გასწრებით, ნიკომ თავისი ხასიათი აჩვენა და არ გატყდა რბოლის ბოლოს ზეწოლისგან".

დააშავა თუ არა ჰემილტონმა?
აბუ დაბიში ლუისმა მეტოქის შეყოვნება სცადა, რათა ის უკან მოძრავი კონკურენტების პრესინგში მოხვედრილიყო.

"მერსედესში" ჰემილტონს მეგობრები არ ჰყავს, ხოლო აბუ დაბიში გამოხდომის შემდეგ, ლუისი ჩამოაშორეს საბურავების ტესტებს, - იტყობინება AutoBild-ის წარმომადგენელი მიხაელ ცაიტლერი. - ჰემილტონმა ისევ აჩვენა, რომ არ შეუძლია წაგება. ის არ მივიდა როსბერგის საღამოზე. შედარებისთვის, წინა ორ წელს, ნიკო მიდიოდა ლუისის ზეიმზე და წაგებისგან გამოწვეული მწუხარების მიუხედავად, მხიარულობდა, ცეკვავდა და მღეროდა".

"სანამ ჰემილტონი ამაყობს თავისი გამოსვლით, "მერსედესში" ფიქრობენ მის წინააღმდეგ სანქციებზე", - ასეთი სათაურით გამოვიდა Mirror. "ლუისი არ დემორჩილა ორ პირდაპირ ბრძანებას გუნდიდან, მათ შორის, პადი ლოუს პირად მითითებას, - გვახსენებს გამოცემის ჟურნალისტი ფილიპ დანკანი. - "მერსედესი" უკმაყოფილო იყო იმით, რომ ჰემილტონმა მათი წესები დაარღვია, მით უმეტეს, გუნდი წინასწარ აფრთხილებდა, რომ პილოტები შეიძლება დაჯარიმდნენ ან გაირიცხონ ხელმძღვანელობის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო".

"ჰემილტონის კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს გერმანულ კონცერნს, თუ ხელმძღვანელები გადაწყვეტენ პილოტი რბოლებს ჩამოაშორონ", - გვახსენებს The Daily Mirror. "ტოტო ვოლფი არ მალავდა თავის აღშფოთებას. მან განაცხადა, რომ ჰემილტონი ემუქრებოდა "მერსედესის" გამარჯვებას და თავისი ინტერესები გუნდურზე მაღლა დააყენა", - თითქმის იგივეს იმეორებს ოლივერ ბრაუნი The Telegraph-დან.

"რამდენიმე დღით ადრე, ჰემილტონმა განაცხადა, რომ არ აპირებს როსბერგის შეყოვნებას, რადგან უფრთხილდება თავის რეპუტაციას. მაგრამ ფინიშამდე 15 წრით ადრე, ლუისმა გადაწყვიტა ხელი შეეშალა თანაგუნდელისთვის.

მან იცოდა, რომ როსბერგს მეორე ადგილიც ჰყოფნიდა, მაგრამ იმედი ჰქონდა ფეტელისა და ფერსტაპენის მხრიდან გასწრებები სიტუაციას შეცვლიდა, - აგრძელებს The Telegraph. - ლუისს არ მიაჩნია თავისი ტაქტიკა უსამართლოდ. მან მიულოცა როსბერგს, მაგრამ, როგორც კი პილოტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მათ ისევ ცივი გამომეტყველება დაუბრუნდათ. პოდიუმზე ასული ჰემილტონი ისე დადგა, რომ ნიკო არ დაენახა. მაგრამ გერმანელმა დაადასტურა ტოტო ვოლფის სიტყვები, რომ ის "კერკეტი კაკალია". და დროა, ეს ლუისმაც დაიჯეროს".

ამავდროულად, მარტინ ბრანდლმა განაცხადა, რომ ჰემილტონის ტაქტიკა არ გაკვირვებია. "დილით, რბოლის დღეს, მოვისმინე, რომ "მერსედესმა" ლუისს მიანიშნა - თუ ის ბინძურ თამაშებს დაიწყებდა, გუნდი როსბერგს პირველი იხმობდა პიტსტოპზე და ამით ბრიტანელს უპირატესობას წაართმევდა. ნიკი ლაუდამ და ტოტო ვოლფმა სასტარტო ბილიკზე დამიდასტურეს ეს სიტყვები. უკვე მაშინ ვიყავი დარწმუნებულ, რომ ჰემილტონი თანაგუნდელის შეჩერებას ფინალური პიტ-სტოპების შემდეგ დაიწყებდა", - ყვება ბრანდლი.

"ლუისის ტაქტიკა არასწორი იყო თანაგუნდელთან მიმართებაში და უპატივცემულობის გამოხატვა გუნდის მიმართ, - აღიარებს ის. - მაგრამ გამიკვირდებოდა და მეწყინებოდა, ლუისი სხვანაირად რომ მოქცეულიყო. ბოლოს და ბოლოს, ის ბუნებით ჩემპიონია და სამი ტიტულის მფლობელი. სენა და შუმახერი უფრო უარესებსაც სჩადიოდნენ. ეს ინციდენტი ბრიტანელს ახალ მეგობრებს არ შესძენს, მაგრამ ეს მას არ აღელვებს".

თუმცა, ყველა არ კიცხავს ჰემილტონის მეთოდებს. ასე მაგალითად, ცნობილმა ექსპერტმა ჯო სავარმა ბრიტანელის მხარდამჭერი ტექსტი დაწერა. "წავიკითხე უამრავი ნაგავი აბუ დაბის გრანპრის თემაზე და არ მესმის, რატომ არის ყველა ასეთი უკმაყოფილო, - აღნიშნავს ის. - ფინიშის წინ, ჩემს წინ ჩაიარა ვიღაც ნაღვლიანმა გერმანელმა და ჩაიბურტყუნა, რომ ლუისი "ბინძური პილოტია".

ცხადია, ამ ადამიანს არაფერი გაეგება ფორმულა 1-ის წესების. როგორც ფინიშის შემდეგ თავად ჰემილტონმა აღნიშნა, ის ტიტულისთვის იბრძოდა, ლიდერობდა და ჰქონდა ტემპის გაკონტროლების უფლება. ასეთია წესები.

ლუისი მართალია. პრესა ცდილობს ამისგან სკანდალი შექმნას, მაგრამ ვერც ერთი პილოტი ვერ დაადანაშაულებს ჰემილტონს. ეს იყო სამართლიანი ბრძოლა, ისინი იბრძოდნენ, როგორც დიადი პილოტები. ნაღვლიანმა გერმანელმა კი, უმჯობესია, სხვა რამეზე წეროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როსბერგს გაუმართლა, რომ ვეტელმა გადაასწრო ვერსტაპენს, თორე ეგ ჰოლანდიელი რამეს მოაწევდა...ჰემილტონის საქციელზე კიდე რა უნდა თქვა უბრალოდ პატარა კაცუნაა
musenbezi
19:50 30-11-2016
0

სიახლეები პოპულარული