ჟან ტოდტი: საქართველო მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია საქართველოს ავტოსპორტისა და საავტომობილო კულტურის განვითარების საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებას ჰპირდება.

ეს განცხადება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტიმ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ორდღიანი ვიზიტი და საქართველოში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა.

ტოდტიმ მაღალი შეფასება მისცა ბათუმში მშენებარე "ა" კატეგორიის კარტინგის სარბოლო ტრასის პროექტსა და რუსთავში მშენებარე საავტომობილო სპორტულ კომპლექსსა და ტრასას. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტების დასრულების შემდეგ თავისუფლად იქნება შესაძლებელი საქართველოში მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, რომელთა ორგანიზებაშიც საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს
აქტიურად დაეხმარება.

საავტომობილო სპორტის გარდა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ზოგადად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და კულტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ჟან ტოდტიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში უსაფრთხო მოძრაობას მეტი ყურადღება ექცევა.

"მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება უსაფრთხოების ღვედები. საჭიროა დაინერგოს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რათა საგზაო შემთხვევების რაოდენობა და ფატალური შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდეს" - განაცხადა ჟან ტოდტიმ.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ჟან ტოდტი ბათუმს სტუმრობდა, დღეს დილიდან კი მან შეხვედრები თბილისსა და რუსთავში განააგრძო. რუსთავის საავტომობილო სპორტული კომპლექსის პროექტისა და ტრასის დათვალიერების შემდეგ, ის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მუშაობას გაეცნო, სადაც ავტომობილების გადაფორმებისა და მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო პროცედურების გავლა ხდება.

დღესვე ჟან ტოდტიმ შეხვედრა გამართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან გიორგი გრიგალაშვილთან და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან მაია სიდამონიძესთან.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული