მთავარი დამცავი იარაღი - ჩაფხუტია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. სამწუხაროდ, მოტორბოლაში, ისევე როგორც სხვა სერიებში, არსებობს ფატალური შემთხვევები. დღეს მოტოგრანპრიში მომხდარ ტრაგედიებს გავიხსენებთ.
მსოფლიოს ჩემპიონატი ოფიციალურად 1949 წელს დაარსდა და სწორედ მაშინ, სადებიუტო რბოლის დროს დაიღუპა პირველი პილოტი. ეს გახლდათ ბრიტანელი ბენ დრინკვოტერი. ტრაგედია კუნძულ მენზე მოხდა. ბრიტანელი ვერ შევიდა მოსახვევში, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა. ასე დაიწყო მოტოგრანპრის ისტორია.
უცნაურია, რომ მაშინდელი მინიმალური უსაფრთხოების
თავიდან საფრანგეთის გრანპრის პრაქტიკის დროს დაიღუპა იტალიელი დარიო ამბროზინი, შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში უელსტერის გრანპრიზე ორ იტალიელს არ გაუმართლა: პრაქტიკის დროს სანტე ჯემინიანი დაიღუპა, რბოლა კი იანი ლეონისთვის აღმოჩნდა სავალალო.
თუ მანამდე უბრალოდ პილოტები იღუპებოდნენ, 1953 წელს, პირველად ისტორიაში სიცოცხლეს გამოესალმა მსოფლიოს ჩემპიონი. 500 კუბური სანტიმეტრის კლასში უძლიერესმა ლესლი გრეჰემმა იმავე კუნძულ მენზე პარასკევის პრაქტიკის დროს დაკარგა მოტოციკლზე კონტროლი და სასიკვდილოდ დაიმტვრა.
მომავალ წელს კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი დაიღუპა. ეს გახლდათ ისტორიაში ერთადერთი ავსტრიელი ჩემპიონი - რუპერტ ჰოლაუსი. ის მონცაზე ვარჯიშის დროს დაიმტვრა. რაც ყველაზე საინტერესოა, 125 კუბური სანტიმეტრის კლასში ის სიკვდილის შემდეგ გახდა ჩემპიონი.
16 წლის შემდეგ ანალოგიური რამ მოხდა ფორმულა 1-ში, როცა დაღუპული იოხენ რინდტი გამოაცხადეს ჩემპიონად.
ჰოლაუსის სიკვდილის შემდეგ მოტორბოლაში სიმშვიდემ დაისადგურა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა. უიღბლოთა სიაში ჩაეწერენ რობერტო კოლომბო (1957) და ბობ ბრაუნი (1960). ორივე ვარჯიშების დროს დაიღუპა.
ტრაგედიების მორიგი პიკი 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, 1969-1977 წლებში სარბოლო უქმეების დროს 10 პილოტი დაიღუპა. ტრაგედიების სერია უილიამს აივიმ გახსნა, რომელიც რბოლის დროს მოტოციკლიდან ჩამოვარდა და თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო. ექიმებმა ვერ შეძლეს ბრიტანელის გადარჩენა.
ერთი წლის შემდეგ მენის კუნძულზე დაიღუპა ნიჭიერი ესპანელი პილოტი სანტიაგო ერერო. პილოტი ბოლო წრეზე მესამე ადგილისთვის იბრძოდა, მაგრამ მოსახვევში შეცდა და მთელი სისწრაფით ბარიერს შეეჯახა. ამის გამო ერეროს გუნდმა "ოსმა" სამუდამოდ შეწყვიტა ავტოსპორტში გამოსვლა. იმავე წელს ნიურბურგრინგზე ვარჯიშების დროს დაიღუპა ბრიტანელი რობინ ფიტონი.
მომდევნო სამ სეზონში ორ-ორი პილოტი იღუპებოდა. 1972 წელს ჩემპიონატს გამოაკლდნენ ანჯელო ბერგამონტი და გუინტერ ბარტუში, მომდევნო სეზონში კი მონცაზე საშინელი ავარია მოხდა.
იტალიის გრანპრის დროს, ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ტრასაზე დაეცა რენცო პასოლილი. მის უკან მიმავალმა იარნო საარინენმა რეაგირება ვერ მოასწრო და იტალიელს შეეჯახა. ჯაჭვური რეაქციით ავარიაში 12 პილოტი მოხვდა. ამ ყველაფერმა რენცოსა და იარნოს დაღუპვა გამოიწვია. ცნობისთვის, საარინენი ამ მომენტისთვის ისტორიაში ერთადერთი ფინელი ჩემპიონი გახლავთ.
მოგვიანებით ისევ მშვიდობიანმა პერიოდმა დაისადგურა. მართალია, ტრაგიკული შემთხვევები იყო, მაგრამ ისე მასიური არა, როგორც წინა წლებში. 1974 წელს დაიღუპა ბილი ნელსონი, 1976 წელს - ოტელო ბუშერენი, 1977 წელს - ულრიხ გრაფი.
მომდევნო ორ სეზონში ტრაგედია არ მომხდარა, მაგრამ 1980 წლიდან ისევ გაგრძელდა სამწუხარო ტრადიცია. სილვერსტოუნში დაიღუპა დაიტონას რბოლის ჩემპიონი, ფრანგი პატრიკ პონი. ერთი წლის შემდეგ იუგოსლავიაში მისი ბედი გაიზიარა თანამემამულე - მიშელ როგერმა. კიდევ ერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა 1983 წელს საფრანგეთის გრანპრიზე - არ გაუმართლა მიშელ ფრუტჩის.
საბედნიეროდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოტორბოლებში სასიკვდილო შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ 1989 წელს მომხდარ ავარიას არავინ დაუტოვებია გულგრილი. ივან პალესიეზე ძალიან ახლოს მოძრაობდა ანდრეას პრინინგთან და შეტევისთვის ემზადებოდა, როცა ამ უკანასკნელს ძრავამ უმტყუნა. სიჩქარე მკვეთრად დაეცა და მოტოციკლები ერთმანეთს შეეჯახნენ, რამაც ტრასაზე დაცემა გამოიწვია.
საოცარია, მაგრამ არავინ ჩქარობდა პილოტებისთვის დახმარების აღმოჩენას, პირველი, ვინც წაქცეულებს დახმარება გაუწია, მათი კოლეგა ვირჯინიო ფერარა იყო. მაგრამ ივანის გადარჩენა შეუძლებელი იყო - მან გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა მიიღო.
ამის შემდეგ, მთელი 17 წლის განმავლობაში ტრასებიდან სამწუხარო ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ მოტოსპორტი ყოველთვის რჩებოდა უაღრესად სახიფათო სპორტის სახეობად. 2003 წელს, იაპონიის გრანპრიზე დაიღუპა ადგილობრივი პილოტი დაიჯირო კატო. პილოტი ერთ-ერთ მოსახვევში შეცდა და ბარიერს შეასკდა. მან წამოდგომა ვეღარ შეძლო.
წელს კი მოტოსპორტმა ორი შესანიშნავი პილოტი დაკარგა. სან მარინოს გრანპრიზე დაიღუპა ნიჭიერი იაპონელი სეია ტომიძავა, რომელმაც მარკო სიმონჩელის მსგავსად ვერ დაიმორჩილა მოტოციკლი და ორი მეტოქის საბურავებქვეშ მოექცა. საკვირველია ის, რომ ინციდენტის შემდეგ ორგანიზატორებმა რბოლა არ გააჩერეს და არ იჩქარეს დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა. რამდენიმე საათის შემდეგ სეია საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"