ნასკარი ძალას იკრებს

AutoSharing Option
ამერიკულ სარბოლო სერიაში - ნასკარში - მეორე ეტაპი გაიმართა. ამჯერად პილოტებს ფინიქსის ოვალმა უმასპინძლა.

პოულიდან სტარტი აიღო მარკ მარტინმა, თუმცა მისი ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. პირველი სერიოზული ავარია ტრასაზე პოლ მენარდს შეემთხვა – ის ეი ჯეი ალმენდინგერს შეეჯახა და რბოლა პირველად შეწყდა. რესტარტის შემდეგ კი ლიდერობა მოიპოვა დენი ჰამლინმა და ბოლო 59 წრე არავის დაუთმო პირველი პოზიცია.

არადა, ლიდერობის დაკარგვის შანსი არსებობდა. რაიან ნიუმენის ავარიის შემდეგ ისევ საჭირო გახდა რესტარტის ჩატარება, მაგრამ ამჯერად არაფერი შეცვლილა. ჰამლინი ყველაზე ადრე გამოეხმაურა
რბოლის განახლების ნიშანს და ლიდერობა შეინარჩუნა, რომელიც ფინიშამდე არ გაუშვია ხელიდან.

ჰამლინმა კარიერაში მე-18 გამარჯვებას მიაღწია და ამ მოგებით სათავეში ჩაუდგა საერთო ჩათვლას. ეს ავტომრბოლელი იმით არის ცნობილი, რომ 2010 წელს, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, 33 ქულას იგებდა და ეს უპირატესობა გაფლანგა.

ახლა, როგორც ჩანს, ჰამლინი ისევ აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული