ლოები იაპონიაში ჩავარდა

AutoSharing Option

იაპონიის რალიმ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს პირველობისთვის ლამაზი ბრძოლა აჩუქა. პირველ რიგში ეს იმიტომ მოხდა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერმა სებასტიან ლოებმა ვერ იპოვნა თავისი ტემპი. ფრანგი, რომელსაც სამი კვირის შემდეგ სამშობლოში შეუძლია მორიგი ჩემპიონობის გაფორმება, ამჯერად წარუმატებლად გამოვიდა. რა თქმა უნდა, მეხუთე ადგილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ არა სებასტიანისთვის, რომელიც წელს მუდმივად პოდიუმზე ადიოდა.

სხვა ფავორიტებმა იაპონიის ეტაპი სტაბილურად გაიარეს. ვინ იცის, როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი, "ფორდის" მანქანებს პრობლემები რომ არ შექმნოდათ. შაბათის სპეცმონაკვეთების შემდეგ ლიდერთა მჭიდრო ჯგუფი ჩამოყალიბდა და ნებისმიერს

შეეძლო გამარჯვებაზე ფიქრი. კვირას პირველი ბრძოლას ლატვალა გამოაკლდა. "ფორდის" მეორე ნომერი ისევ ჯობდა თანაგუნდელს, მე-15 სპეცმონაკვეთის შემდეგ ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ფინელმა მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძოლა, არადა, გაცილებით მეტი შეეძლო.

კვირას "ფორდის" ბოლო იმედი მიკო ჰირვონენი იყო, მაგრამ მან მაშინვე წააგო - ფინელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. საერთოდ ასე ხდება - თუ "ფორდის" პილოტები დისტანციას შეცდომების გარეშე გადიან, მაშინ მათ ტექნიკური პრობლემები უშლით ხელს. იაპონიაში ასეთი რამ ორ მანქანას დაემართა. იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდი ტყუილად არ ხარჯავს ენერგიას Ford Fiesta S2000-ის გასაძლიერებლად.

პირველობისთვის ბრძოლა გააგრძელეს პეტერ სოლბერგმა და სებასტიან ოჟიემ. ნორვეგიელი პირველი გავიდა ტრასაზე და ე. წ. "მწმენდავის" როლს ასრულებდა. შესაძლოა, ამის გამო აგებდა ოჟიესთან, მაგრამ დროის მთავარი დანაკარგი შეცდომამ გამოიწვია. ამის წყალობით ოჟიემ კარიერაში მეორე ეტაპი მოიგო, რაც ბრწყინვალე შედეგია ამ ახალგაზრდა რალისტისთვის. ჯერ კიდევ შარშან, ოჟიე ქულათა ზონასთან მიახლოების გამო ხარობდა, ახლა კი ორი გამარჯვება დაუგროვდა. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგი კლასის
ხარჯზე იგებს სპეცმონაკვეთებს.

X ეტაპი. იაპონიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:10.26,4; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +15,7; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +26,0; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +35,2; 5. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +53,3; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +1.13,5; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +3.03,1; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +10.17,9; 9. იარი კეტომაა (ფინეთი, "ფორდი") - +14.47,1; 10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +15.20,8...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 201 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 158; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 132; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 118; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 107; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 94; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 56; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 31; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 30; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული