სებასტიან ლოები მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ის თაყვანისმცემლებისთვის მთავარი მოვლენა იაპონიის გრანპრი იყო, ავტოსპორტში ოქტომბრის პირველი უქმეები უფრო მნიშვნელოვანი ამბით აღინიშნა: საფრანგეთის რალის მოგების შემდეგ სებასტიან ლოები მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი გახდა!

ამ გამარჯვებამ ფრანგს სერიოზული პროგრესის საშუალება მისცა Castrol-ის სარბოლო რეიტინგში. ერთი წლის წინ ლოებმა ვერ შეძლო საშინაო რბოლაში ფინიშზე მისვლა. ამიტომაც გასულ უქმეებზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით, მკვეთრად გაიუმჯობესა მდგომარეობა - მეექვსე ადგილიდან მეორემდე ავიდა!

ფორმულა 1-ის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო მრბოლელისთვის წინააღმდეგობის გაწევა - მხოლოდ სებასტიან ფეტელმა გაძლო. სუზუკაზე გამარჯვებამ
"რედ ბულის" პილოტს ქულათა საერთო რაოდენობის გაზრდის საშუალება მისცა: ასეთი რამ მისთვის წელს მხოლოდ მესამედ მოხდა. საქმე ისაა, რომ გერმანელი შარშან ბრწყინვალედ გამოდიოდა და წელს, ყოველ რბოლაში შარშანდელი ქულების დაცვა უწევს.

ლოები ამ სარბოლო რეიტინგის შექმნის დღიდან პირველად ავიდა მეორე პოზიციაზე. მას ამაში უნებლიედ ფერნანდო ალონსო დაეხმარა - პირველ წრეზე გამოთიშვამ ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ლიდერი კლასიფიკაციაში მეორედან მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა. ასევე ორი საფეხურით დაეშვა ძირს ჯენსონ ბატონი: ერთი წლის წინ მან სინგაპურის გრანპრიზე მეორე ადგილი დაიკავა, ახლა კი იაპონიაში პოდიუმზეც ვერ მოხვდა.

გასაგებია, რომ ფორმულა 1-ის წარმომადგენლებს წინ კიდევ ხუთი ეტაპი აქვთ და ისევ შეეცდებიან ლოების შევიწროებას. თუმცა ფრანგსაც სერიოზული არგუმენტი აქვს - კლასიკურ რალიში ორი ეტაპია დარჩენილი და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს იქ ქულათა მარაგის შევსების კარგი შანსი აქვს, რადგან შარშან ფინიშამდე ვერ მივიდა.

ფეტელმა კი 2011 წლის ბოლო ხუთ გრანპრიზე ორი პირველი და ორი მეორე ადგილი მოიპოვა და 7000 ათასი ქულა დაიმსახურა - გაზრდილი კონკურენციის პირობებში ამ ქულების დაცვა რთული იქნება. ამიტომაც შეიძლება პირველად მოხდეს ისე, რომ Castrol-ის სარბოლო რეიტინგში კალენდარული წელი პირველ ადგილზე ვერ დაასრულოს ფორმულა 1-ის პილოტმა.

რაც შეეხება ქვეყნების ჩათვლას, გერმანია და ბრიტანეთი კვლავაც ლიდერები არიან, ავსტრალია კი დიდი ხნის შემდეგ პირველად აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე. ის ლოების წარმატების წყალობით საფრანგეთმა ჩამოაგდო მესამე პოზიციიდან.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 800
2. ს. ლოები (რალი) 20 354
3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 942
4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 830
5. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 097
6. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 050
7. უ. პაუერი (IndyCar) 15 786
8. ნ. როსბერგი (ფორმულა 1) 14 562
9. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 14 394
10. დ. ჰამლინი (NASCAR) 14 335

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული