კიმი კმაყოფილიცაა და უკმაყოფილოც

AutoSharing Option
ფინელი კიმი რაიკონენი აღიარებს, რომ რალიში სადებიუტო სეზონი ისე არ წარიმართა, როგორც წლის დასაწყისში გეგმავდა. ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა არაერთხელ დაამტვრია თავისი "სიტროენი", ცოტა ხნის წინ კი ესპანეთის რალიზე სტარტამდე გამოეთიშა ეტაპს, რადგან ვარჯიშის დროს მოუვიდა ავარია.

"სეზონი ისე არ მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში მე ამისთვის მზად ვიყავი: აბსოლუტურად ნორმალურია ამდენი ავარია, როცა რაღაც ახალს სწავლობ", - ამბობს რაიკონენი ბრიტანული "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, "სიტროენის" გუნდის მენეჯერი ბენუა ნოჟიე დარწმუნებულია, რომ ფორმულა 1-ის ყოფილს პილოტს შეუძლია
რალიში უფრო მაღალი შედეგების ჩვენება.

"კიმი სწავლას აგრძელებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მისი სადებიუტო სეზონია და პირველად მონაწილეობს ასეთი მაღალი დონის ტურნირზე, - აცხადებს მენეჯერი. - თუ კიმი ჩვენს გუნდში დარჩება, რისი დიდი სურვილიც გვაქვს, მომავალ წელს გამოცდილების მიღებას გააგრძელებს და მისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება".

რაიკონენი ამბობს, რომ არ ნანობს ფორმულა 1-დან რალიში გადასვლას: "ფინეთში რალი - სპორტის ეროვნული სახეობაა. ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული ამ სერიით და კარგად ვიცნობ სახელგანთქმულ ფინელ რალისტებს, რომლებსაც სხვადასხვა წლებში დიდი წარმატებებისთვის მიუღწევიათ.

ამიტომაც ყოველთვის მინდოდა თავად მესინჯა ძალები რალის მანქანის საჭესთან, ასე რომ ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ასეთი საშუალება მომეცა და მას ხელიდან ვერ გავუშვებდი. წელს ნამდვილი სიამოვნება მივიღე!"
როგორც ჩანს, კიმი მომავალ წელსაც აპირებს რალიში კარიერია გაგრძელებას: "ბევრს არ აქვს ასეთ დონეზე გამოსვლის შანსი, მე კი გამიმართლა. მომავალში ძალიან გამომადგება ის, რაც წელს ვისწავლე".

უახლოეს უქმეებზე რაიკონენი ბრიტანეთის რალიში ჩაებმება - ეს არის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი. ჯერჯერობით კიმი პირად ჩათვლაში 21 ქულით მეათე ადგილზეა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული