ჩვენც ვარსებობთ - საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპას უბრუნდება

AutoSharing Option
2018 წლის დეკემბერში ხელბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საფრანგეთი უმასპინძლებს. დასკვნით რაუნდში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად 9 ივნისს პირველ საკვალიფიკაციო ტურნირში ექვსი გუნდი ჩაებმება.

A ჯგუფში ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი (ათენში) ითამაშებენ, ხოლო B ჯგუფში ისრაელი, კოსოვო და საქართველო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

დღეს საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები კოსოვოში გაემგზავრება. ჩვენი გუნდი 9 ივნისს ქალაქ ჯაკობეში ისრაელს შეხვდება, ხოლო 10 ივნისს პრიშტინაში მასპინძლებთან გაარკვევს ურთიერთობას. ძირითად შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

უკვე ცნობილია, რომ კოსოვოს ტურნირის საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდის
მეშვიდე ჯგუფში ჰოლანდიასთან, უნგრეთსა და ბელორუსთან მოხვდება. აქ ორწრიანი ტურნირი გაიმართება. პირველ ეტაპზე კი ორ ჯგუფად დაყოფილი 6 გუნდი ერთ წრედ თამაშობს. წილისყრისას მასპინძლობის პრიორიტეტი კოსოვოსა და ფარერის კუნძულების ფედერაციებს ერგოთ, თუმცა ფარერებმა ეს უფლება არ გამოიყენა და A ჯგუფის ტურნირი ათენში გაიმართება.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთადერთხელ - 1994 წელს ითამაშა. და აი, 24-წლიანი შესვენების შემდეგ ბებერი კონტინენტის წარმომადგენლებს კვლავ შევახსენებთ, რომ ჩვენც ვცოცხლობთ. რადგანაც ქალთა ხელბურთს თითქმის ათწლიანი "შესვენება" გვქონდა, ეროვნული ნაკრები 19 და 17-წლამდელთა გუნდების წევრებითაა დაკომპლექტებული. მოთამაშე მწვრთნელის - ინა ჭკუასელის გარდა, საქართველოს ნაკრებში 3 ხელბურთელი 19 წლისაა, 4 - თვრამეტის, ერთი - ჩვიდმეტისა და ორიც - თექვსმეტი წლისა.

კოსოვო და ისრაელი ქალთა ხელბურთში არ გამოირჩევიან, მაგრამ მათ ზრდასრული, გამოცდილი ხელბურთელები ჰყავთ. ამდენად, კოსოვოში ჩვენების მიზანი საერთაშორისო სარბიელზე თამაშის გამოცდილების მიღება იქნება და იმის ჩვენება, რომ ქალთა ხელბურთს საქართველოშიც თამაშობენ და ეროვნული ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე ბრუნდება.

"ახალგაზრდული ნაკრები გვყავს, მაგრამ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ, - გვითხრა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ. - ჩვენს გოგონებს კოსოვოს ტურნირი დიდ გამოცდილებას შესძენს, მით უმეტეს, რომ 17-წლამდელები წლეულს აგვისტოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშებენ.

ამ შეჯიბრებას ლიტვა უმასპინძლებს. ცხადია, უფროსებთან მნიშვნელოვან ტურნირში ასპარეზობა მათ გამოაწრთობს და ბრძოლისუნარიანობას აუმაღლებს..."

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი, როგორც აღვნიშნეთ, 9-11 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
ანა ვარდიშვილი ("მამული", 1999), ქრისტინე ჯავახია (1998), მარიამ გვათუა (ორივე-"ფოთი", 2001), თინა ქიტესაშვილი ("ყვარელი", 1999), მედეა ჩოხელი (1999), ქეთევან ვენეცკი (ორივე-"პეგასი", 1998), ანა ყველაშვილი "(მამული", 1998), ანა ქებაძე ("პეგასი", 2000), ჯულია ჩირგაძე ("წყალტუბო", 2001), ინა ჭკუასელი ("მამული", 1985), ქეთი კუნელაშვილი ("ყვარელი", 1999), მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი.

B ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო (კოსოვოში)
9 ივნისი. 20:00, ჯაკოვე. საქართველო - ისრაელი
10 ივნისი. 20:00, პრიშტინა. კოსოვო - საქართველო
11 ივნისი. 19:00, ისრაელი - კოსოვო

მეორე შესარჩევი ეტაპი ორ წრედ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

I ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, უკრაინა, შვეიცარია
II ჯგუფი: მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, იტალია
III ჯგუფი: შვედეთი, სერბეთი, მაკედონია, A ჯგუფის გამარჯვებული
IV ჯგუფი: რუმინეთი, რუსეთი, ავსტრია, პორტუგალია
V ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, სლოვენია, ისლანდია
VI ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ლიტვა
VII ჯგუფი: ჰოლანდია, უნგრეთი, ბელორუსი, B ჯგუფის გამარჯვებული

ფინალურ სტადიაზე 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაიო? კოსოვო ვაღიარეთ უკვე? მერე გვეწყინება, აფხაზეთში რომ ჩავიდეს ვინმე სათამაშოდ
მერაბი
13:05 08-06-2017
0

სიახლეები პოპულარული