თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი

AutoSharing Option
ფოტოზე: პრესცენტრი დოჰაში

იყო დრო, საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე პრესის ლოჟაში, კოლეგებს ერთმანეთის გასაცნობად და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისთვის თუ დასამეგობრებლად, როგორც იტყვიან, თავზე საყრელი დრო გვქონდა.

ახლა რეალობა ასეთია: ჟურნალისტი პრესის ლოჟაში მოსვლისთანავე მიუჯდება მაგიდას, წამების დაუკარგავად გამართავს და მოიმარჯვებს კომპიუტერს (ვიღას ახსოვს საწერ-კალამი და ბლოკნოტი) და მუშაობას ისე იწყებს, შენკენ შეიძლება სულაც არ გამოიხედოს.

ასე ვსხედვართ ერთ მაგიდასთან გვერდიგვერდ, ჩემგან მარცხნივ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი და მე. ესპანეთის და ტუნისის ხელბურთელთა მატჩი დაძაბულად მიმდინარეობს.

კოლეგა, ჩემგან განსხვავებით, ოპერატიულ რეჟიმშია -
მატჩს თვალს ადევნებს და იმავდროულად, გაწაფულად მუშაობს კომპიუტერზე, პირდაპირ გადასცემს ტექსტურ რეპორტაჟს. კომპიუტერის მონიტორზე მე მხოლოდ დროდადრო ვაფიქსირებ საჭირო ინფორმაციას. შესვენებაზე კოლეგამ სულ ცოტა ხნით დრო გამონახა და ... ქართველი ხართ, ალბათ, არა? - მეკითხება ინგლისურად.

შემატყო, შეკითხვამ გამაკვირვა (ჩემს სააკრედიტაციო ბარათზე ქვეყანას ვერ ამოიკითხავდა, რადგან პირველად მოხდა, რომ წარმომავლობა აღარ დააფიქსირეს გვარ-სახელის და პროფესიის გვერდით. ვითომ უსაფრთხოების მიზნით? ვერ გეტყვით).

ეს კოლეგა ჩემი კომპიუტერის ეკრანზე მითითებს და უკვე რუსულად მეუბნება: ქართველებს კარგი დამწერლობა გაქვთ, ძველი, უნიკალური. და იქვე დასძინა, რომ მისი ჰობია მსოფლიო ხალხების ანბანის გაცნობა.

გერმანელი აღმოჩნდა, ჰანც ზეელიგერი. ისიც მითხრა, 2018 წელს საქართველოში 19 წლამდე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად ჩამოვალ, თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი მსმენია, ძალიან მაინტერესებს პირადად ვნახოო. სავიზიტო ბარათები გავცვალეთ, მოკლედ, დავმეგობრდით...

სხვებიც, მსოფლიო ხელბურთის სამყაროში ღრმად ჩახედული და გაცნობიერებული ჟურნალისტები, რომლებიც დოჰაში ვაჟ ხელბურთელთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე მრავლად არიან აკრედიტებულები, ინტერესით მოელიან საქართველოში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სტუმრობას.

ზოგიერთი კი ჩვენთან ჩამოსვლას მანამდეც აპირებს ჩემპიონატისათვის მზადების მიმდინარეობის გასაცნობად.

ზემოხსენებული მატჩი ესპანელებმა მოიგეს. როგორც ადრე ვწერდი, ამ ნაკრებში ბასკები თამაშობენ და ამიტომაც ვქომაგობთ. ისე, თუ შენი გუნდი არ მონაწილეობს, სამი კვირა ესწრებოდე ჩემპიონატს და არავის გულშემატკივრობდე, ძნელია. ჩვენც გამოსავალი გამოვნახეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ასეთი ფორმულირება არ მომწონს და ვერც "თ"-ს დატვირთვა გავიგე - მრავლობითის ნიშანია, თუ "ლუი მეთოთხმეტეს სინდრომი"- საკუთარ თავზე "თ"-ებით წერა/საუბარი.? :) პ.ს. სხვა მხრივ, სტატია კარგია -მადლობა. პ.პ.ს.სხვათა შორის, არც ესპანეთის დაშლის მომხრე ვარ...
"ამიტომაც ვქომაგობ -თ"?!
17:43 29-01-2015
0
”თ”-ს წერს ალბათ იმიტომ,რომ კატარში ჩემპიონატს სხვა ქართველი ჟურნალისტებიც ესწრებიან და... ვქომაგობთ. ეს ”თ” პიროვნული არა მგონია.
კოკო
23:49 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული