ჩემპიონთა დუელი "ოლიმპიკში"

AutoSharing Option
ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისური წყალბურთი საგრძნობლად გამოცოცხლდა.

საქართველოს დედაქალაქმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეჯიბრებასაც უმასპინძლა. მათ შორის გამორჩეული იყო ლენტროფის საკვალიფიკაციო ეტაპები, რომლებიც წარმატებით დაძლია თბილისის "ლიგამუსმა".

ევროპულ კლუბებთან ღირსეულ პაექრობაში მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. მართალია, უფრო მაღალ საფეხურზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვერ გაუმკლავდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს დრო და გამოცდილება სჭირდება.

"ლიგამუსმა", რომელიც 2012 წლის ზაფხულამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოდიოდა, გაზაფხულზე მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაში თამაში მოისურვა. და აი, საჯილდაო ქვის მოსინჯვის ჯერი დადგა.

საწყლოსნო
სახეობათა ევროპის ფედერაცია წლეულს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ახალი ფორმატით ჩაატარებს, რაც თასისთვის ბრძოლაში ისეთ კლუბებსაც გაუხსნის გზას, რომლებსაც უწინ საამისოდ მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ.

შეჯიბრებაში 28 გუნდი იასპარეზებს (ფინანსური კრიზისისა და სხვა შინა პრობლემების გამო წლევანდელ გათამაშებას თავი აარიდეს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა იტალიის "პრორეკომ", ასევე, ზაგრების (ხორვატია) "მლადოსტმა", ბუდაპეშტის (უნგრეთი) "ვაშაშმა", ჩერნოგორიის კლუბებმა).

მათგან თვრამეტი, სიძლიერის მიხედვით, ოთხ ჯგუფში გადაანაწილეს, თან თითო ადგილი იმ კლუბებისთვის შემოიტოვეს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებენ საგზურებისთვის. იმ რვა გუნდს შორისაა "ლიგამუსი".

წყალბურთის მამებმა, გაითვალისწინეს რა წინა წლებში ჩვენთან მაღალ დონეზე ჩატარებული შეჯიბრებები, პირველი რაუნდის A ჯგუფის მასპინძლობა თბილისს ანდეს. 14-16 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონი საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" მომდევნო ეტაპის ორი საგზურისთვის პოლონეთის "ალკონიას (14.IX), ესპანეთის "საბადელსა" (15.IX) და ბელორუსის "ვიტბიშს" (16.IX) გაუწევს მეტოქეობას.

ჯგუფის აშკარა ფავორიტია "საბადელი", რომელიც ევროპის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალისტია. დანარჩენი 3 გუნდი მე-2 საგზურისთვის იბრძოლებს. საკვალიფიკაციო რაუნდის თბილისის ჯგუფის გამარჯვებული მოხვდება A ჯგუფში, სადაც მას ჰოლანდიის "შუურმანი", საბერძნეთის "ვოულიაგმენი", ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკი", უნგრეთის "ეგერი" და ჰანოვერის" (გერმანია) "ვასპო-98" ელოდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი D ჯგუფში ითამაშებს.

იქ კი უნგრეთის "სეგედ-ბეტონს", ბელგრადის (სერბეთი) "პარტიზანს", ბერლინის (გერმანია) "შანდაუ 04"-ს, ორადეის (რუმინეთი) "დიჯის" და სტამბულის (თურქეთი) "გალათასარაის" უკვე ადგილები დაჯავშნული აქვთ. ასპარეზობის მე-2 ეტაპის თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხ-ოთხი გუნდი გავა.

ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებისთვის მონდომებით ემზადება "ლიგამუსი" სახელოვანი ქართველი წყალბურთელის, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.

ამჟამად გუნდი ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობს: ზურაბ ჭუმბურიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ბექა ქენქაძე, გალაკტიონ ლაითაძე, ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, ლევან ჩიქვინიძე, ბექა კაპანაძე, გიორგი ქართველიშვილი, ალექსანდრე ყაზახიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, გივი სულაძე და ალექსანდრე ურუშაძე. მათგან მწვრთნელი ვის ანდობს "ლიგამუსის" სპორტული ღირსების დაცვას, ასპარეზობის დაწყების დღეს გამოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული