აპრილში, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში, შინ ბრიტანელებს, ჩეხებს და პოლონელებს მოუგეს, ხოლო სლოვაკებს დაუზავდნენ.
თურქეთის საერთაშორისო ტურნირში ევროპის 12 საუკეთესოში შემავალ მასპინძლებსა და რუმინელებს დააყრევინეს ფარ-ხმალი, რომლებსაც სლოვაკეთიც ზედ მიაყოლეს.
ივლისის დასაწყისში, უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს სტუდენტთა ნაკრების დამარცხებით, თბილისის თასი შეინარჩუნეს. და აი, მორიგი წარმატება მალტაზე,
გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად 23 ნაკრები იბრძვის.
მათგან ჩვიდმეტი გუნდი შესარჩევ ტურნირში მონაწილეობს პლეი ოფში გასასვლელი 6 საგზურისთვის. ქართველმა წყალბურთელებმა პირველ რაუნდს "ოლიმპიკზე" უმასპინძლეს - სამი შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ დაამთავრეს. მეორე რაუნდში 10-ქულიანი მარაგით ჩაებნენ.
მალტაზე პირველ მეტოქედ ისრაელის გუნდი ჰყავდათ.
საქართველო - ისრაელი 13:8
6:2, 1:1, 3:2, 3:3
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, მარკო ელაჩა (2), დამირ ცრეპულია (3), მარკო ელეზი (3), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (1), კონსტანტინე გეგელაშვილი (1), ტატო ნიკოლეიშვილი (1), მარინო ფრანიჩევიჩი (2), ბექა კაპანაძე. მწვრთნელები - ვლადიმერ ისელიძე, იოვან პოპოვიჩი.
ისრაელი: კატზირი, პოლაჩეკი, ი. კარენი, სტრუგო, გოლდშმიდტი, ო. კარენი (2), შოჰამი, ეროსი, იუვალი, მურვიც ლაჰავი (3), ზონანსტერნი (1), პელედი, გოჰენი.
მეორე შესარჩევი ეტაპისთვის აქტიური მზადება საქართველოს ნაკრებმა ერთი თვის წინათ დაიწყო. სერბეთში საწვრთნელი შეკრების შემდეგ თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა - მასპინძლებს, რუმინელებსა და სლოვაკებს სძლია.
მერე თბილისის თასის მე-4 გათამაშებაში უკრაინა, ბელორუსი და საქართველოს მეორე ნაკრები დაამარცხა. მალტაში ჩასვლამდე ჩვენმა გუნდმა 10-დღიანი საწვრთნელი შეკრება ჩერნოგორიაში გაიარა და მასპინძლებთან ტესტ-მატჩებიც ჩაატარა.
იმ შეკრებისას შეუერთდნენ ნაკრებს ნატურალიზებული წყალბურთელები - ელაჩა, ელეზი, ცრეპულია და ფრანიჩევიჩი, რომლებიც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ. ისრაელთან მატჩშიც 13 გატანილი გოლიდან 10 მათ ანგარიშზე მოდის.
მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრა ქართველთა იერიშებით დაიწყო და სანამ მეტოქე გონს მოეგებოდა, ჩვენმა ბიჭებმა პირველ რვაწუთიან მონაკვეთში 6 ბურთი გაიტანეს ორის წილ.
სწორედ ამ პერიოდმა ითამაშა გადამწყვეტი როლი პაექრობის მოსაგებად. დანარჩენი 24 წუთი დაძაბულ ბრძოლაში გაილია, რაც პერიოდების ანგარიშებიდანაც ჩანს.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 13:8 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. იმავე დღეს ჯგუფის ფავორიტად შერაცხილმა მასპინძლებმა ბელორუსებთან წააგეს - 10:11 (2:2, 4:2, 1:5, 3:2).
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ისვენებდა. იმ დღის ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: უკრაინა - ბელორუსი 13:5 (3:2, 3:2, 2:1, 5:0), ისრაელი - მალტა 4:11 (1:2, 1:4, 1:2, 1:3).
შაბათს ერთბაშად ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. დილით ჩვენი ბიჭები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ.
საქართველო - უკრაინა 15:8
5:3, 3:0, 4:2, 3:3
საქართველო: ჭუმბურიძე, ელაჩა (5), ცრეპულია (2), ელეზი (2), ლაითაძე, ქავთარაძე (1), ხვედელიანი (1), ბაღათურია, რურუა (1), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (2), ფრანიჩევიჩი, კაპანაძე. მწვრთნელები - ისელიძე, პოპოვიჩი.
უკრაინა: პეტროვი, ცვირკუნი, შილინი (1), რატკოვი (1), დიადიურა, ჰრიშინი (1), აბრამოვი, ალექსეევი, სიტნიკი (2), ვოიტენკო (2), აბედინსკი (1), ბაბაიენკო, ვოლონჩუკი.
ივნისის მიწურულს თბილისის თასზე საქართველოს ნაკრებთან წაგების (9:11) შემდეგ სტუმართა გუნდის მეორე მწვრთნელმა ოლეგ ცუფრიკმა მითხრა, შესარჩევი ეტაპის მე-2 რაუნდისთვის 4 მოთამაშეს დავიმატებთ, გავძლიერდებით და მალტაზე თქვენს გუნდთან შეხვედრისას რევანშზე ვიფიქრებთო.
უკრაინელებმა, ეტყობა, ფიქრით კი იფიქრეს, მაგრამ ოცნება რეალობად ვერ აქციეს. თან თბილისურ ტურნირზე ჩამოყვანილ ნაკრებში მხოლოდ ფედორიშინი შეცვალეს ჰრიშინით, მაგრამ ამან სლავებს ვერ უშველა, რადგან ოთხი ნატურალიზებული წყალბურთელით გაძლიერებულმა ქართველებმა მეტოქე ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 15:8, თანაც ისე, რომ სამი პერიოდის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.
მხოლოდ მე-4 რვაწუთიან მონაკვეთში, როცა საქმე მომთავრებულად მიიჩნიეს, თავს დამშვიდების უფლება მისცეს. იმავე დღეს ქართველებთან და მასპინძლებთან წაგებით გაბრაზებულმა ისრაელმა ბელორუსს შავი დღე აყარა - 16:3 (3:0, 6:0, 1:6).
საღამოს ტური საქართველო-ბელორუსის შეხვედრით დაიწყო.
საქართველო - ბელორუსი 24:7
6:2, 6:1, 6:2, 6:2
საქართველო: ჭუმბურიძე, ელაჩა (2), ცრეპულია (4), ელეზი (3), ლაითაძე (1), ქავთარაძე (1), ხვედელიანი (2), ბაღათურია (2), რურუა (2), გეგელაშვილი (4), ნიკოლეიშვილი (2), ფრანიჩევიჩი (1), კაპანაძე. მწვრთნელები - ისელიძე, პოპოვიჩი.
ბელორუსი: კავალეუსკი, ხრიპაჩოუ, კაპაცევიჩი, ხარლაპი (1), შაპურაუ, მიშუტსკი, ივანოუ, თუმასი (1), ჩუპრინა (2), ჩარბაშანი (3), ფედარუკ შანტური.
ორიოდე კვირის წინათ თბილისის თასზე ქართველმა წყალბურთელებმა ბელორუსებს დიდი ანგარიშით - 18:5 მოუგეს. მალტაზე სხვაობა 17 ბურთამდე აიყვანეს.
ჩვენების პირველივე იერიში ცრეპულიას გოლით დასრულდა. ერთ წუთში მანვე ორამდე გაზარდა ანგარიში.
შემდეგ გუნდის კაპიტანმა რურუამ და ელეზიმ გამოიჩინეს თავი. ბელორუსებმა მხოლოდ მე-6 წუთზე შეძლეს პირველი საპასუხო გოლის გატანა (ტუმესი). პირველი პერიოდის ბოლომდე გუნდის მონაგარს ნიკოლეიშვილმა და ლაითაძემ კიდევ ორი ბურთი შესძინეს.
მომდევნო სამ რვაწუთიან მონაკვეთში ისელიძისა და პოპოვიჩის შეგირდებმა ისევ 6-6 ბურთი გაიტანეს, რასაც ბელორუსებმა თითო-ოროლათი უპასუხეს და ჩვენმა ბიჭებმა მორიგი გათამაშების ცხრილში მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს. იმავე დღეს უკრაინელებმა მასპინძლებს 10:8 (1:3, 1:2, 4:2, 4:1) აჯობეს, არადა, შესვენებამდე მალტელები 5:2-ს იგებდნენ.
მალტური ტურნირის ბოლო აკორდი იყო მასპინძლებისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება (მანამდე უკრაინამ ისრაელს აჯობა - 9:7).
საქართველო - მალტა 16:12
3:4, 3:3, 5:1, 5:4
საქართველო: ჭუმბურიძე, ელაჩა (4), ცრეპულია (5), ელეზი (2), ლაითაძე (1), ქავთარაძე (1), ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა, გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი, ფრანიჩევიჩი, კაპანაძე. მწვრთნელები: ისელიძე, პოპოვიჩი.
მალტა: ბორგ კილე, ლანსონი, გაბარეტა (3), სტელინი, მელი (2), ზამიტი (1), შ. კამილერი (2). ჯ. კამილერი (1), ბროუნრიგი, კრავინა, სულივან, დ. ზამიტი (3). დ. კამილერი.
2009 წელს შვეიცარიულ ლუგანოში ჩვენთვის ევროპის პირველ ჩემპიონატში სწორედ კუნძულელებთან დავმარცხდით. იგივე განმეორდა 2 წლის შემდეგ.
მალტაზე გამგზავრების წინ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ გვითხრა, სარევანშოდ ყველაფერს გავაკეთებთო. ქართველებმა სიტყვა საქმედ აქციეს - ოთხი ბურთის სხვაობით მოუგეს მალტელებს.
D ჯგუფის გათამაშების ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
საქართველო 4 4 0 0 68:35 12
უკრაინა 4 3 0 1 40:35 9
მალტა 4 1 0 3 41:41 3
ისრაელი 4 1 0 3 35:36 3
ბელორუსი 4 1 0 3 26:63 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"