ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშების სასტარტო მატჩი შინ რუსეთის ეროვნულ გუნდთან მინიმალური ანგარიშით (13:14) დათმო. ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან პაექრობის დასასრულამდე წუთით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მასპინძლებს ოთხი იერიში გაუცუდდათ. თუმცა მანამდეც 2-3 სამი ბურთით დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს.

- წაგების მიუხედავად, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, სახელოვანმა ქართველმა წყალბურთელმა ვლადიმერ ისელიძემ. - მატჩის წინ სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ - მთელი შეხვედრის განმავლობაში პრესინგით გვეთამაშა, რომ
მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები არ დაგვეთმო, რაც გამოგვივიდა კიდეც. ბოლო შეტევებისას მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, ორთაბრძოლის მოგებაც შეიძლებოდა.

რუსებს კარგი ნაკრები ჰყავთ, რადგან სელექციის მეტი საშუალება აქვთ, მათი ეროვნული ჩემპიონატის მარტო უმაღლეს ლიგაში რვა თანაბარი ძალის გუნდი თამაშობს. ჩვენ კი ორი წელიწადია, ყველა შეხვედრაში თითქმის უცვლელი შემადგენლობა გაგვყავს.

საბედნიეროდ, ბოლო დროს გუნდში ახალგაზრდები მომრავლდნენ. რუსებთან მატჩის წინ დიდხანს ვფიქრობდით, ძირითად შემადგენლობაში ვინ დაგვეყენებინა - პერსპექტიული ახალგაზრდა მესხი თუ გამოცდილი ცრეპულია. რადგანაც ნაკრებში უკვე გვყავდა ერთი ახალწვეული - შუშიაშვილი, ორი გამოუცდელი წყალბურთელით თამაში დიდი რისკი იყო. ბოლო მომენტში ისევ დამირ ცრეპულია ვამჯობინეთ. მანაც გაგვიმართლა - ოთხი ბურთი გაუტანა მეტოქეს.

აუზების უქონლობისა და კლუბების დაუფინანსებლობის გამო ეროვნულ ჩემპიონატებს ვერ ვატარებთ, ამიტომ ბოლო დროს ნაკრების წევრთა ერთმა ნაწილმა ოსტატობის ასამაღლებლად უცხოურ კლუბებს მიაშურა.

ანდრია ბითაძე იტალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, რეზი იმნაიშვილი სლოვაკეთშია, ზურაბ რურუა - რუმინეთში, ბექა ქავთარაძე - სერბეთში. მალე შეიძლება მის კვალს გიორგი რუსიშვილიც დაადგეს.

შინ დარჩენილთა მოსამზადებლად ალტერნატიული გზა უნდა გამოვნახოთ: ადრიატიკის ან სერბეთის ჩემპიონატში გვინდოდა უკონკურსოდ მონაწილეობა, მაგრამ იქ მატჩები მხოლოდ უქმეებზე ტარდება, ფიზიკურად და ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ უარი ვთქვით.

ახლა ვფიქრობთ, იქნებ პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადავდოთ და რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშოთ. იქ შეჯიბრებები ტურებად იმართება - ერთი კვირის განმავლობაში 7-8 შეხვედრას ატარებ, მერე გარკვეული დრო გეძლევა ძალების აღსადგენად და მომდევნო ტურისთვის მოსამზადებლად. ვნახოთ, რა გამოგვივა.

რუსებთან მატჩისთვის სერბეთსა და უნგრეთში ვემზადებოდით. აუზების სიმრავლით ბუდაპეშტმა გაგვაკვირვა. თუ დახურული არ არის, ყველა აუზს მსუბუქი გადახურვა აქვს. უამრავი ხალხი დადის ორგანიზმის გასაკაჟებლად, თითოეულ ბაზას წყალბურთის გუნდი ჰყავს.

ჩვენ დედაქალაქში ერთი ოაზისი გვქონდა - "ლაგუნა ვერე" და ისიც გაგვიუქმეს. ხალხის ჯანმრთელობისა და წყალბურთის საკეთილდღეოდ, ვფიქრობ, ამ აუზის აღდგენა საშური საქმეა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ლიგაზე, ცხადია, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ჯერჯერობით პრეტენზია ვერ გვექნება - გრანდებთან აქაური მატჩები გამოცდილება-ოსტატობის ასამაღლებლად და ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ ზედიზედ მესამედ მოვხვდეთ ფინალურ ეტაპზე და იქ კი უწინდელზე უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუცილებლად უნდა აღდგეს ასეთი კომპლექსი საქართველოში საჭიროა
bbbb
12:17 21-11-2016
0
წყალბურთს მეტი ყურადღება ჭირდება, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.

საქართველოში ასემდე ადამიანი თამაშობს და ვარჯიშობს წყალბურთს პროფესიონალურად მაშინ როდესაც ათასზე მეტი მარტო აუზი აქვთ მთელ რუსეთში და ამ დროს ჩვენი ბიჭები ტოლ-სწორად ეთამაშენ ამხელა რუსეთის ნაკრებს და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ გამარჯვების შანს.

რაც შეეხება "ლაგუნა"-ს, თუ ბატონ ბიძინას არ სურს ხარჯის გაწევა მის აღდგენაზე, სხვა უმრავ სიკეთეთან ერთად იქნებ ესეც მოიმოქმედოს და სახელმწიფოს გადასცეს "ლაგუნა" ასაღორძინებლად.
პანტელეიმონი
21:49 19-11-2016
0

სიახლეები პოპულარული