როლან გაროსი: დიდი საჩუქარი დაბადების დღეზე

AutoSharing Option
გუშინ, როლან გაროსზე ქალების ნახევარფინალების დღე იყო. პირველი მატჩი მართლაც უნიკალურ ხასიათს ატარებდა: მისი მონაწილეები - ტიმეა ბაშჩინსკი და ელენა ოსტაპენკო იუბილარები იყვნენ. და, რა თქმა უნდა, ისინი კორტზე ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთებას არ აპირებდნენ.

პირველი სეტი თანაბარი გამოვიდა - ხან ერთი ჩოგბურთელი გადიოდა წინ ბრეიკით, ხან მეორე. საბოლოოდ. ჩოგბურთელებმა სამჯერ გაცვალეს ბრეიკები და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ლატვიელი სულ წინ იყო და დამაჯერებლად მოიგო - 7:4.

მეორე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი. ლატვიელი 3:3-ზე 40:0-ს იგებდა, მაგრამ ხუთი შეცდომა დაუშვა. ის
ძალიან უკმაყოფილო იყო საკუთარი თამაშით, სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო და 3:6 დამარცხდა.

საერთო ჯამში, ამ მატჩში ძალიან არეული ჩოგბურთი მიდიოდა, საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯამში დაფიქსირდა 29 ბრეიკ-პოინტი და 16 ბრეიკი (რვა-რვა თითოზე). მესამე სეტი თითქმის დაემგვანა პირველს - ორჯერ მოხდა ბრეიკების გაცვლა, მაგრამ, როცა ოსტეპენკომ მესამედ მოიპოვა ბრეიკი, ბაშჩინსკიმ პასუხი გაცემა ვერ შეძლო, პირიქით, ბოლო გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება - 7:6(4), 3:6, 6:3 და ოსტაპენკო "დიდი სლემის" ტურნირი სენსაციური ფინალისტი გახდა. თავის მე-20 დაბადების დღეზე, ლატვიელი უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა.

* * *
მალე ცენტრალურ კორტზე მეორე ნახევარფინალის მონაწილეები გამოჩდნენ. განსხვავებით ბაშჩინსკისგან და ოსტაპენკოსგან, ამ ეტაპზე სიმონა ჰალეპისა და კაროლინა პლიშკოვას ხილვა სავსებით ლოგიკური იყო. სწორედ ეს ჩოგბურთელები არიან ყველაზე რეალური კანდიდატები იმისა, რომ რეიტინგში ლიდერობა ჩამოართვან გერმანელ ანჟელიკ კერბერს. პლიშკოვას ამისთვის ფინალში გასვლაც ეყოფოდა, ჰალეპს კი ტიტულის მოგება სჭირდება.

წინა მატჩისგან განსხვავებით, რუმინელმა და ჩეხმა გაცილებით დალაგებული და საიმედო თამაში აჩვენეს საკუთარ გეიმებში. პირველი ორი პარტიის ბედი თითო ბრეიკმა გადაწყვიტა: ჯერ ჰალეპმა შეინარჩუნა მესამე გეიმში აღებული ბრეიკი, მეორე სეტში კი პლიშკოვამ მეექვსე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება.

ჰალეპმა კარგი განწყობით დაიწყო გადამწყვეტი სეტი. ორი თავისი მოწოდება დამაჯერებლად აიღო, მიღებაზე კი ბრძოლა შეძლო და ბრეიკიც შეასრულა - 4:1. მას შემდეგი გეიმის მოგებაც შეეძლო, მაგრამ პლიშკოვამ ბრეიკ-პოინტი მოიგერია და აიღო თავისი გეიმი, შემდეგ კი ბრეიკიც შეასრულა.

თითქოს, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩეხის მხარეს გადავიდა, მაგრამ 3:4-ზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი ჩააბარა მეტოქეს. ჰალეპმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მატჩზე ჩაწოდება შეძლო, რითაც მეორედ გავიდა როლან გაროსის ფინალში - 6:4, 3:6, 6:3. ახლა, რუმინელს ერთი მოგება აშორებს კარიერაში "დიდი სლემის" პირველ ტიტულამდე და რეიტინგში ლიდერობამდე.

ქალები
1/2 ფინალი
ელენა ოსტაპენკო (ლატ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 7:6(4), 3:6, 6:3
სიმონა ჰალეპი (რუმ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 3:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული