ბარტოლი ერთხელ უკვე იყო უიმბლდონის ფინალში, როცა ვენუს უილიამსთან წააგო. ეს მისი მეორე ცდა იყო, თუმცა ფინალი უფრო აქტიურად საბინ ლისიცკიმ დაიწყო, რომელმაც პირველივე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტის მოპოვება შეძლო. ბარტოლიმ საფრთხე მოიგერია, მაგრამ იქვე ორი ორმაგი
თითქოს ეს იმას ნიშნავდა, რომ ფრანგი ზედმეტად ნერვიულობდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მარიონი უფრო დამაჯერებელი და მშვიდი იყო, ვიდრე გერმანელი. ლისიცკიმ მაშინვე დაკარგა მოპოვებული უპირატესობა, როცა ასევე ორმაგი შეცდომით დაასრულა საკუთარი გეიმი. ამის შემდეგ ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. საბინის ცალკეული დარტყმები კარგი იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, უზუსტობა გაცილებით მეტი ჰქონდა. ის ვერაფრით დაწყნარდა და სასტარტო წარმატების შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი დათმო.
სეტის წაგების შემდეგ ლისიცკიმ ცოტა ხნით დატოვა კორტი და მოედანზე უფრო მობილიზებული დაბრუნდა. მან მატჩში პირველად აიღო საკუთარი მოწოდება, თან ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა, შემდეგ კი მიღებაზე ბრძოლა გაუმართა მეტოქეს. ლისიცკის ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ზოგი თავისი შეცდომებით დაკარგა და ზოგიც - ბარტოლის კარგი თამაშის გამო.
ეს გამოუყენებელი შანსები გერმანელს ძვირად დაუჯდა. მომდევნო გეიმიდან მან ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება და 1:5 ჩამორჩა. ისე ჩანდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და ფინალი დაახლოებით ერთ საათში დასრულდებოდა. მეშვიდე გეიმში ბარტოლიმ მიღებაზე ორმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ამ დროს ლისიცკიმ მკვეთრად გააუმჯობესა თამაში. მან შეტევით მოიგერია ორი მატჩბოლი, მესამეზე კი მეტოქე დაეხმარა, როცა ბექჰენდიდან შეცდომა დაუშვა.
ურთულესი გეიმის მოგებით, გერმანელი საბოლოოდ გამოცოცხლდა, ბრძოლაში დაბრუნდა და მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ მატჩზე მეორე ჩაწოდებისას ბარტოლი კარგად განეწყო, ბრწყინვალედ ჩაატარა ეს გეიმი და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
მარიონ ბარტოლი გახდა უიმბლდონის პირველი ჩემპიონი, რომელიც საჩემპიონო გზაზე ტოპ-ათეულის არც ერთ წევრს არ შეხვდა. მან დაამარცხა 88-ე, 54-ე, მე-100, მე-17, 21-ე და 34-ე ნომრები.
ფინალი
მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-საბინ ლისიცკი (გერ, 23) 6:1, 6:4.
ყველა ჩემპიონი
კაცები. ერთეულები. ენდი მარეი (ბრიტანეთი)
ქალები. ერთეულები. მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი)
კაცები. წყვილები. ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი (აშშ)
ქალები. წყვილები. ჰსიე/პენგი (ტაივანი/ჩინეთი)
იუნიორები
ბიჭები. ერთეულები. ჯანლუიჯი კუინცი (იტალია)
გოგონები. ერთეულები. ბენლინდა ბენჩიჩი (შვეიცარია)
ბიჭები. წყვილები. კოკინაკისი/კირიოსი (ავსტრალია)
გოგონები. წყვილები. კრეიჩიკოვა/სინიაკოვა (ჩეხეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს უცნაური ფინალი ექნება