აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა

AutoSharing Option
ქალებს მერვედფინალური ეტაპი უნდა დაესრულებინათ, მაგრამ საქმეში ამინდი ჩაერია და ორგანიზატორებს ვიქტორია აზარენკასა და ანა ივანოვიჩის მერვედფინალის მეორე დღისთვის გადადება მოუწიათ.

დანარჩენ სამ მატჩში თამაშობდნენ ჩოგბურთელები, რომლებიც არასოდეს ყოფილან "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. თავდაპირველად გაიმართა იტალიური დერბი კამილა ჯორჯისა და რობერტა ვინჩის შორის. ჯორჯიმ წინა ეტაპზე კაროლინ ვოზნიაცკი გამოთიშა ბრძოლას, მაგრამ თანამემამულის წინააღმდეგ ბევრი არაფერი გამოუვიდა.

კამილამ მხოლოდ საწყის გეიმებში ითამაშა კარგად და ბრეიკით დაწინაურდა (4:1), მაგრამ რობერტამ თანდათან გადალახა სასტარტო მღელვარება და ზედიზედ შვიდი გეიმის აღება შეძლო. ჯორჯიმ ბოლომდე
გონს მოსვლა ვეღარ შეძლო და ვინჩი ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში.

* * *
სიმონა ჰალეპის საზაფხულო გმირობებზე უკვე დავწერეთ (ოთხი მოგებული ტურნირი), შემოდგომაზე კი მან პირველი მატჩი ჩაატარა და ის წარუმატებლად დასრულდა. რუმინელმა ჩააგდო იტალიელ ფლავია პენეტასთან პირველი სეტი. ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, პენეტა კი საკმაოდ აქტიურად თამაშობდა და აჯობა მეტოქეს "ვინერსებით".

მეორე პარტიაში იტალიელმა მაშინვე მოიპოვა უპირატესობა, ჰალეპი კი ბრეიკ-პოინტებს იღებდა, მაგრამ დიდი ხანი შანსებს ვერ იყენებდა. მან მხოლოდ მერვე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და თამაშის სურათი მაშინვე შეიცვალა. 2:4-დან რუმინელმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო, სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო და ერთი სეტბოლიც გამოიმუშავა. და სწორედ ამ დროს წამოვიდა წვიმა და პენეტამ სასწრაფოდ დატოვა კორტი. უამინდობამ მას სულზე მიუსწრო.

მატჩი ოთხი საათის შემდეგ განახლდა, ფლავიამ სეტბოლი მოიგერია და ბრეიკიც გააკეთა, თუმცა მატჩზე ვერ ჩააწოდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც იტალიელი 6:1 დაწინაურდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. პენეტა მეოთხედ გავიდა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში, არადა, "დიდი სლემის" სხვა ტურნირებზე ასე შორს არ გასულა.

ასე რომ, მეოთხედფინალში კიდევ ერთ იტალიურ დერბის ვნახავთ - პენეტა ვინჩის წინააღმდეგ.

* * *
აშშ-ის ღიაზე ერთადერთი ამერიკელი შემორჩა - სერენა უილიამსი. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ელისონ რისკემ ვერ შეძლო გამოცდილი დანიელა ჰანტუხოვას დამარცხება. სლოვაკმა საკმაოდ ხარისხიანი თამაში აჩვენა და მხოლოდ მეორე სეტის ბოლო ნაწილი ჩააგდო. ვეტერანს კარგი სტატისტიკა ჰქონდა - 15 ეისი, 46 "ვინერსი" და 22 უნებლიე შეცდომა.

ბოლოს ჰანტუხოვა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში 11 წლის წინ იყო! ახლა მას ერთით მეტი დასვენების დღე ექნება აზარენკასთან ან ივანოვიჩთან შედარებით.

1/8-ფინალი
რობერტა ვინჩი (იტა, 10)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:4, 6:2; ფლავია პენეტა (იტა)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 21) 6:2, 7:6(3); დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ელისონ რისკე (აშშ) 6:3, 5:7, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: სერენას რევანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული