მარტინა ჰინგისი ყოფილი ქმრის ცემაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
შვეიცარიული გაზეთი Neue Zuricher Zeitung-ი იტყობინება, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარტინა ჰინგისი ეჭვმიტანილია ყოფილი ქმრის, პროფესიონალი ჟოკეის, ტიბო იუტენის ცემაში. ამ საქმეში ასევე გადიან მარტინას დედა - მელანი მოლიტორი და ამ უკანასკნელის ბოიფრენდი მარიო ვიდმერი.

"ორშაბათს საღამოს ჩვენს საერთო სახლში ვიმყოფებოდი, როცა კარზე ზარი გაისმა. ეს იყო მარტინა თავის დედასთან, მელანი მოლიტორთან და მის საყვარელთან ერთად. ჩვენს შორის კამათი დაიწყო, რომლის დროსაც ქალები თავზე დამაცხრნენ, მირტყამდნენ და მკაწრავდნენ. ჩემი აღზრდა არ მაძლევს უფლებას, ქალზე ხელი ავწიო. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი,
მაგრამ ამ დროს მარიო ვიდმერმა თავში DVD-პლეერი ჩამარტყა",
- ამტკიცებს იუტენი.

ჟოკეის თქმით, მას სახლიდან გაქცევის გარდა, არაფერი რჩებოდა, მაგრამ მალე დაბრუნდა შინ პოლიციელების თანხლებით და მათი დახმარებით საკუთარი პასპორტი და საკრედიტო ბარათები დაიბრუნა, რომლებიც თითქოს მარტინამ წაართვა.

"გასულ პარასკევს ვიღაც იყო გარაჟში და ჩემი მანქანა დააზიანა. გარაჟის გასაღები მხოლოდ მარტინას აქვს. ყველაფერი კი მისი გაუთავებელი ღალატებით დაიწყო. ახლა ამას ქურდობა და ჩხუბი დაემატა. ბოლოს კი მუქარის შეტყობინება მივიღე, რომ ის ჩემს თავს რუს ბანდიტებს მიუგდებდა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - შიშს ვერ მალავს ჟოკეი.

ჰინგისი და იუტენი 2010 წელს დაქორწინდნენ და ამა წლის დასაწყისში დაშორდნენ ერთმანეთს. 2013 წლის აგვისტოში მარტინა დიდ სპორტში დაბრუნდა და წყვილთა თანრიგში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად გამოსვლა დაიწყო, თუმცა დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია.

მარეი შავ სიაში იყო
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ყოფილმა მსაჯმა ადელ არეფმა ჟურნალისტებს უამბო ენდი მარეისთან კონფლიქტის შესახებ, რომელიც 2006 წელს, დევისის თასის მატჩის დროს მოხდა.

"ბევრი ფიქრობს, რომ მსაჯობიდან ამ კონფლიქტის გამო წავედი, მაგრამ ეს ასე არ არის. ენდი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. ბრიტანეთი სერბეთის ნაკრებს ხვდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და წყვილთა შეხვედრის დროს მარეიმ ხაზის მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილების შემდეგ ნერვები ვერ მოთოკა.

მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რადგან საქმე ეხებოდა უკანა ხაზს - ასეთ შემთხვევებში, ძალიან რთულია ხაზის მსაჯის გადაწყვეტილების შეცვლა. ის კი გაუთავებლად ილანძღებოდა. მიკროფონები ჩემთან ახლოს იყო დამაგრებული და BBC-მ მთელი ეს ტირადა ჩაიწერა.

მომდევნო დღეს მე უკვე აღარ შემეძლო სასტუმროდან გასვლა, უკანა კარიდან ვხვდებოდი ქუჩაში. ჩვენ ხომ აკრძალული გვაქვს პრესასთან ასეთი საკითხების განხილვა, ასე რომ, მოთმინების გამოჩენა მომიწია. თუმცა ენდრიუ კასლმა BBC-ის ეთერში თქვა, რომ მე მართალი ვიყავი - ეს მცირე შვება იყო ჩემთვის.

მე არასამართლიანად მიმაჩნია ის, რომ მსაჯებს არ აქვთ
საკუთარი გადაწყვეტილებების განმარტების საშუალება. ამის შესახებ შემდეგ დიდხანს ლაპარაკობდნენ. საინტერესო ის არის, რომ მე მაშინ მონტე კარლოში ვცხოვრობდი და მარეიმ იქ რამდენიმე კვირა დაჰყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. ჩუმად ჩავუვლიდით ხოლმე ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ქუჩაში შევეჩეხებოდი მას.

ორი წლის შემდეგ პარიზში მან ბოდიში მოიხადა. ახლა ჩვენ ვიხსენებთ ამას და ვიცინით. სინამდვილეში ენდი შესანიშნავი ადამიანია. უბრალოდ, როცა ის ახალგაზრდა იყო, პრესას მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდა.

მსაჯებს წესად აქვთ "შავი სიის" შედგენა, რომელშიც შედიან მოთამაშეები, რომელთა თამაშის განსჯა მათ არ სურთ და მარეი იყო ჩემს "შავ სიაში". იმიტომ, რომ არ მინდა მუდმივად ვიჩხუბო ერთი და იმავე მოთამაშესთან. გარკვეული დროის განმავლობაში, სიაში იყო არნო კლემანიც.

ფრანგი ჩოგბურთელები მუდივად ეკამათებიან და ეწუწუნებიან ფრანგულად მოლაპარაკე მსაჯებს. "ძალიან ცხელა", "ბოლბოი იქ არ დგას, სადაც საჭიროა", "პირსახოცი სხვა ფერისაა"... ისინი მუდმივად ეძებენ გამართლებას წაგების გამო"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული