ნა ლიმ ჩინელებს გული ისევ დაწყვიტა

AutoSharing Option
ქალებს ტურნირზე ისევ არ ასრულდა ჩინელი გულშემატკივრების ოცნება - ნა ლი ვერაფრით ახერხებს საშინაო ტურნირზე ფინალში გასვლას. ამჯერად, მისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა პეტრა კვიტოვა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. გასულ კვირას მან ტოკიოს ტურნირი მოიგო და ახლა, ძალიან ჰგავს იმ ჩოგბურთელს, რომელმაც ორი წლის წინ უიმბლდონი მოიგო.

ჩოგბურთელებმა ვერ აჩვენეს იდეალური თამაში, ძალიან ბევრი იყო შეცდომები. მაგალითად, კვიტოვა პირველი სეტის ბოლოს საერთოდ ვერ ახვედრებდა მიზანში და ამის გამო დათმო პარტია, მეორეში ნა ლი იყო პასიური და სეტებს შორის თანაფარდობა აღდგა. მესამე
სეტში განვითარებული მოვლენები კი ლოგიკას არ შეესაბამებოდა. თავიდან ჩინელმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 დაწინაურდა.

გულშემატკივრებმა სიხარული ვერ მოასწრეს, რომ პეტრა სტატუს-ქვო აღადგინა და ბრეიკის გავიდა წინ. გადამწყვეტი აღმოჩნდა გეიმი კვიტოვას მოწოდებაზე, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა და ბოლოს, ჩეხმა გაიხსენა, რომ ძლიერი მოწოდების პატრონია. ორჯერ პირველი ბურთი ჩააგდო და წინ გაიჭრა. კვიტოვამ 2 საათსა და 31 წუთში დაამარცხა ადგილობრივი პუბლიკის კერპი - 4:6, 6:2, 6:4.

პეტრამ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში სერბ ელენა იანკოვიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა შეაჩერა ლუსი საფაროვას ტრიუმფალური სვლა - 6:7, 6:4, 6:4. ელენა აგრძელებს ბრძოლას წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად და კვიტოვასთან დღევანდელი ნახევარფინალი, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.

პეკინის ტურნირზე შორს არის თავისი ოპტიმალური კონდიციებისგან სერენა უილიამსი, მაგრამ ასეთ ფორმაშიც კი ის აღემატება თავის კონკურენტებს. მეოთხედფინალში ამერიკელმა მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკის. პირველ პარტიაზე კარგად ლაპარაკობენ ციფრები: 26 წუთში სერენამ 17 "ვინერსი" მიითვალა, კაროლინს კი მხოლოდ ერთი მოგებული ქულა ჰქონდა. მეორე სეტში ამერიკელი 4:0 დაწინურდა, მაგრამ შემდეგ მოდუნდა და მეტოქეს ზედიზედ სამი გეიმის აღების საშუალება მისცა. თუმცა რეალურ ბრძოლაზე ლაპარაკი არ ყოფილა. სერენამ კონცენტრაცია თავის გეიმზე მოახდინა და მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე - 6:1, 6:4.

სეზონში მე-12 ფინალში გასასვლელად ამერიკელი აგნიეშკა რადვანსკას შეხვდება. მათ შორის ურთიერთშეხვედრებში სერენა წინ არის - 6:0 და დღესაც, უილიამსი ფავორიტი იქნება. აგნიეშკას უცნაური მატჩი ჰქონდა ანჟელიკ კერბერთან. სასტარტო პარტიაში 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელიც 9:7 მოიგო. მეორე სეტიც პირველის მსგავსი იყო, თუმცა პოლონელმა არ გაიმეორა წინა პარტიის შეცდომები და თავიდან აიცილა მეორე ტაი-ბრეიკის თამაში - 7:6(7), 6:4. სერენასთან ასეთი არასტაბილური თამაშით წარმატების შანსები მცირე იქნება.

China Open
1/4 ფინალი
ელენა იანკოვიჩი (სერ,8)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:7, 6:4, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9)-ნა ლი (ჩინ, 4) 4:6, 6:2, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ,1)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6) 6:1, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 7) 7:6(7), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩოგბურთის ლეგენდები დღევანდელ ვარსკვლავებს აქებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული