თბილისში საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საჩოგბურთო ბაზა გახსნა. 12 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის 9 ღია და 2 დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაციას დაესწრნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. მათ ახლად გახსნილი ობიექტი დაათვალიერეს.

Sportall.Ge

როგორც პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. პრემიერმა ჩოგბურთელებს აღნიშნული ობიექტის გახსნა მიულოცა.

"დღეს გავხსენით კიდევ ერთი და ბოლო ობიექტი, ეს არის კორტების ცენტრი; პრაქტიკულად, ნულიდან გავაკეთეთ ყველაფერი. აქ არის ცხრა ღია და ორი დახურული მოედანი. ჯამში, ეს პროექტი 6,5 მილიონი ლარი დაჯდა.

ჩვენს ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოედნები ექნებათ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულოა, აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება.

ჩვენ გვაქვს წარმატებები, გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასე რომ, ეს არის მათთვის სტიმულის მომცემი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ჩოგბურთელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Sportall.Ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, აღნიშნული ობიექტი ქართული სპორტისთვის მთავრობის საჩუქარია. მისივე თქმით, ახალაშენებული კორტები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, საფარი კი უმაღლესი ხარისხისაა.

"აღნიშნული ობიექტი ხელს შეუწყობს როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ჩოგბურთი საქართველოში ძალიან პოპულარულია. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აღნიშნულ სპორტის სახეობას დიდი პერსპექტივა აქვს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი ობიექტი ხელს შეუწყობს ქართველ ჩოგბურთელებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის.

Sportall.Ge

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ობიექტის მაღალ სტანდარტებსა და საფარის ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.

"დედაქალაქს ბოლო წლების განმავლობაში პრობლემა ჰქონდა და ჩვენი სპორტსმენები ვერ ემზადებოდნენ ადგილზე. მათ უწევდათ სხვადასხვა ღონისძიებისთვის გარეთ მზადება. დღევანდელი დღიდან დედაქალაქში გვაქვს მაღალი დონის სათანადო სტანდარტებით მომზადებული კორტები, სადაც არა მხოლოდ ჩვენი სპორტსმენები მოემზადებიან, არამედ ოლიმპიადის შემდეგაც ბევრი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების მასპინძლობა შეგვეძლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, თბილისში გაიმართება. დედაქალაქს 50 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენი ესტუმრება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული