სერენა უილიამსი 15 ფინალია, არ აგებს

AutoSharing Option
რუმინელმა სიმონა ჰალეპმა "პრემიერ 5" კატეგორიის ტურნირზე ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. ერთი კვირის წინ, ტორონტოში მან გადამწყვეტი მატჩი ვერ დაასრულა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის წინააღმდეგ, ცინცინატიში კი ვერაფერი მოუხერხა მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს, რომელმაც კარიერაში 69-ე ტიტული გაიფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა შეხვედრა ორ პარტიაში მოიგო, მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. პირველ სეტში უილიამსი 1:3 ჩამორჩა და შემდეგ, ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით მოიგო პარტია - 6:3, მეორე სეტი კი, რომლის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, 67 წუთი გაგრძელდა.

სერენას "ვინერსებისა" და უნებლიე შეცდომების
ფანტასტიკური სხვაობა ჰქონდა - +17 (44 27-ის წინააღმდეგ). ჰალეპის მაჩვენებლები უფრო მოკრძალებული იყო - 18 "ვინერსი" და 14 უნებლიე შეცდომა.

ახლა, უილიამსს ფანტასტიკური სერია აქვს - მას WTA-ის ტურში ზედიზედ 15 ფინალი აქვს მოგებული! ბოლოს, გადამწყვეტი მატჩი მან ორი წლის წინ, სწორედ ცინცინატიში წააგო - ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან 6:2, 2:6, 6:7(6).

ჰალეპისთვის ეს ტურნირი მაინც აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ფინალში გასვლით მეორე ადგილი დაიკავა კლასიფიკაციაში. სერენამ კი სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა და ლიდერობს ამ მაჩვენებლით. როგორც გითხარით, უილიამსმა კარიერაში 69-ე ტიტული მოიპოვა და ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან: მარტინა ნავრატილოვა (167), კრის ევერტი (154), შტეფი გრაფი (107) და მარგარეტ კორტი (92).

ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 6:3, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული