აშშ-ის ღია პირველობა: იტალიელთა გარღვევა ნიუ იორკში

AutoSharing Option
მამაკაცთა ტურნირისგან განსხვავებით, ძალიან დაძაბული მატჩები იყო ქალთა ბადეში. ისე გამოვიდა, რომ პირველად 1982 წლის შემდეგ, ქალთა ოთხივე მეოთხედფინალში სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. გუშინ, სწორედ სამსეტიან მატჩებში გაარკვიეს ურთიერთობა პეტრა კვიტოვამ და ფლავია პენეტამ, აგრეთვე სიმონა ჰალეპმა და ვიქტორია აზარენკამ.

კვიტოვამ ამერიკის ღიას დაწყებამდე გამოაცხადა, რომ ექიმებმა მას მონონუკლეოზი აღმოუჩინეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩეხისთვის ოთხი მატჩის მოგებასა და ნიუ იორკში კარიერაში საუკეთესო შედეგის ჩვენებაში.

მეოთხედფინალში კვიტოვას დიდი ბრძოლა მოუხ
და ფლავია პენეტასთან. ეს იყო ურთულესი შეხვედრა - დაძაბული და მომქანცველი. ორივე ჩოგბურთელი ბევრს დარბოდა, იბრძოდა თითოეული ქულისთვის, იცვლებოდა შეცდომები და ბრეიკები.

პენეტა აღმოჩნდა პირველი, ვინც ამ ტურნირზე კვიტოვას სეტი მოუგო. და გადამწყვეტ პარტიაში თამაში სწორედ იტალიელს მიჰყავდა, იმ დროს, როცა ჩეხმა აშკარად მოუკლო. ფლავიამ 2:2-ზე გააკეთა ბრეიკი, შემდეგ კიდევ ერთი - 4:2-ზე და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა - 4:6, 6:4, 6:2. კვიტოვას მარცხის ერთ-ერთი მიზეზი 60 უნებლიე შეცდომა იყო, იმ დროს, როცა პენეტა მხოლოდ 16-ჯერ შეცდა.

33 წლის იტალიელისთვის მომავალი ნახევარფინალში მეორე იქნება ბოლო სამ წელიწადში. საკითხი იმაში მდგომარეობს, ეყოფა თუ არა ძალები პენეტას სიმონა ჰალეპთან საბრძოლველად, რადგან კვიტოვასთან მარათონის შემდეგ, ფლავიამ წყვილებში ნახევარფინალი ითამაშა.

* * *
ამერიკის ღია პირველობის ორგზის ფინალისტის ვიქტორია აზარენკასა და მსოფლიოს მეორე ჩოგანის სიმონა ჰალეპის მატჩში გამარჯვებულის წინასწარმეტყველება ძალიან რთული იყო. მათ მაყურებელს ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ემოციური მატჩი აჩუქეს. გეიმებში ხშირად იყო ანგარიში - "თანაბარი", ხოლო ბევრ გათამაშებაში დარტყმების რაოდენობა ორნიშნა რიცხვს აღწევდა. მესამე სეტის დასაწყისში, როცა აზარენკა 2:0 იყო დაწინაურებული, თამაში საათნახევრით შეწყდა წვიმის გამო.

"არ ვიცი, საიდან ვიპოვნე ძალა პაუზის შემდეგ თამაშის გასაგრძელებლად", - აღიარა ჰალეპმა მატჩის შემდეგ. ასეა თუ ისე, ორსაათნახევრიან მარათონში სწორედ მან გაიმარჯვა - 6:3, 4:6, 6:4. აზარენკამ მატჩბოლზე აუტში გაუშვა ბურთი და რუმინელს საშუალება მისცა, კარიერაში პირველად გასულიყო აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

ჰალეპს შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - 40 "ვინერსი" და 19 უნებლიე შეცდომა, აზარენკა იგივეთი ვერ დაიკვეხნიდა - 38 "ვინერსი" და 42 შეცდომა.

პირველად "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში, ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებს 32 წელს გადაცილებული სამი ჩოგბურთელი - 32 წლის რობერტა ვინჩი, 33 წლის პენეტა და 33 წლის სერენა უილიამსი. ასევე პირველად, ქალთა ტურნირის ნახევარფინალში ორ იტალიელს ვიხილავთ.

ქალები
1/4 ფინალი

ფლავია პენეტა (იტა, 26)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 4:6, 6:4, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 20) 6:3, 4:6, 6:4.

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ვინჩი; პენეტა (26)-ჰალეპი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული