ნორვეგიის საუკეთესო სპორტსმენი შეკრების დროს გარდაიცვალა

AutoSharing Option
ვიდეო
100 მეტრზე ცურვაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი და 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის პრიზიორი, ნორვეგიელი ალექსანდრ დალე ოენი 26 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ინციდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საწვრთნელი შეკრებისას მოხდა. დალე ოენი გასულ წელს ნორვეგიის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

სკანდინავიელი აშშ-ში მაღალმთიან პირობებში გადიოდა შეკრებას. ადგილობრივი დროით დაახლოებით 20 საათზე დალე ოენის თანაგუნდელებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ჩემპიონი კარგა ხნით შეყოვნდა საშხაპეში. მას შემდეგ, რაც ოენისგან პასუხი ვერ მიიღეს, ისინი საშხაპეში შევიდნენ, სადაც იატაკზე გაშოტილი მოცურავე დაინახეს.

ალექსანდრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ექიმები გულის ამუშავებას ცდილობდნენ, მაგრამ 21 საათზე მათ ნორვეგიელის სიკვდილი დააფიქსირეს.

ნორვეგიის ცურვის ფედერაციის პრეზიდენტმა პერ რუნე ეკნესმა დაადასტურა, რომ მოცურავე გულის შეტევით გარდაიცვალა. "ალექსანდრე საშხაპეში იატაკზე ვიპოვნეთ, - მოჰყავს ეკნესის სიტყვები ფედერაციის პრესსამსახურს. - სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა და გზად საავადმყოფოსკენ სპორტსმენი გარდაიცვალა.

ეს საშინელებაა, ის ხომ სრულ წესრიგში იყო - ბევრს ხუმრობდა და არასოდეს ეტყობოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გუნდი შოკურ მდგომარეობაშია - შეკრებაზე ფიქრი არ შეგვიძლია..."

"მთელი გუნდი დათრგუნულია, - ამბობს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ლოვბერგი. - ეს შოკისმომგვრელი მოვლენაა ყველა ჩვენგანისთვის. ახლა ჩვენი ფიქრები ალექსანდრის ოჯახთანაა, რომელმაც ის ასეთ ადრეულ ასაკში დაკარგა. რთულია სიტყვების მონახვა ჩვენი განწყობის გადმოსაცემად. მომხდარის დაჯერება რთულია და ჩვენ უმძიმესი დღეები გველის".

2006 წელს შანხაიში 25-მეტრიან აუზში მსოფლიოს ჩემპიონატზე დალე ოენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 100 მეტრზე ბრასში. ის გახდა პირველი ნორვეგიელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცურვაში მედალი მოიგო. ოთხი თვის შემდეგ ოენი წარმატებით გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, სადაც ვერცხლი დაისაკუთრა და თან ეროვნული რეკორდი დაამყარა.

დალე ოენის კარიერის აღმასვლა 2008 წლიდან დაიწყო. ეინდჰოვენში ევროპის ჩემპიონატზე ის 100 მეტრზე ბრასში კონტინენტის ჩემპიონი გახდა; ასევე, ორი ვერცხლი მოიგო 50 და 200 მეტრ დისტანციებზე. პეკინის თამაშებზე კი იმავე 100 მეტრზე ვერცხლი მოიპოვა, რითაც ნორვეგიული სპორტის ისტორიაში შევიდა - ის ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, ვინც ოლიმპიადაზე ცურვაში მედალი აიღო.

ნორვეგიელის ბოლო წარმატება 2011 წლით თარიღდება. მან შარშან შანხაიში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თავის საყვარელ დისციპლინაში - 100 მეტრზე ბრასში. ესეც პირველი ოქრო იყო ნორვეგიული ცურვის ისტორიაში.

გასული წლების შედეგების მიხედვით, ოენი მსოფლიოს საუკეთესო მოცურავედ აღიარეს მოკლე აუზისთვის; აგრეთვე, გახდა ნორვეგიის საუკეთესო სპორტსმენი - მან გამოკითხვაში ბიატლონისტ ტერიე ბოეს გაუსწრო.

სულ დალე ოენს უმაღლესი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე რვა მედალი ჰქონდა მოგებული. 21 მაისს მას 27 წელი შეუსრულდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული