პირველი ფინალური გაცურვა იყო მამაკაცებს შორის 400 მეტრი თავისუფალი სტილი. ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი სუნ იანი მთავარი ფავორიტი გახლდათ და მან გაამართლა სპეციალისტთა და გულშემატკივართა მოლოდინი, როცა ძალიან დამაჯერებლად აიღო ოქროს მედალი. დისტანციის პირველი ნახევარი ის მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა - ნახევარი წამით უსწრებდა პაულ ბიდერმანის დროს. მაგრამ მესამე 100 მეტრის გაცურვისას, აზიელმა შესამჩნევად უკლო ტემპს, რის გამოც რეკორდი არ შედგა. მეორე
* * *
ქალებს შორის ანალოგიურ დისტანციაზე ამერიკელმა კეტი ლედეცკიმ ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სუნ იანისგან განსხვავებით, ის პირველი 300 მეტრი ინარჩუნებდა მსოფლიოს რეკორდის შანსს, მაგრამ ფედერიკა პელეგრინის რეკორდი გადარჩა. შეგახსენებთ, რომ 16 წლის ამერიკელმა შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე ორჯერ უფრო გრძელ დისტანციაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა ესპანელმა მელანი კოსტა შმიდმა, რომელიც მეორე იყო ფინიშთან, მესამეზე კი ზელანდიელი ლორენ ბოილი აღმოჩნდა. ამ დისციპლინაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა კამილ მუფამ მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.
* * *
დღის ბოლოს, 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტების დრო დადგა. ქალებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში სტარტიდანვე დაწინაურდნენ აშშ-სა და ავსტრალიის ნაკრებები, თანაც ყოველ ცვლაზე ლიდერები "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ, ბოლო ეტაპზე მეგან რომანომ ზედ ფინიშზე გაუსწრო ალისია კოუტსს და აშშ-ის ნაკრებს იმ დღეს მეორე ოქრო მოუტანა. ავსტრალიელებისთვის ეს მარცხი იმდენად დასანანი იყო, რომ კოუტსმა აუზში ცრემლები ვერ შეიკავა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მასზე დიდი ხანი პრეტენზიას აცხადებდა შვედეთის ნაკრები, მაგრამ მედალი ჰოლანდიას ერგო, რაც პლანეტის საუკეთესო სპრინტერის რანომი კრომოვიჯოჯოს დამსახურებაა.
ამის შემდეგ მამაკაცების ჯერი დადგა და აქ უკვე ბოლო მეტრებამდე მოგების შანსი სამ ნაკრებს ჰქონდა - საფრანგეთს, აშშ-სა და რუსეთს. პირველი ფინიშთან ფრანგი ჟერემი სტრავიუსი მივიდა, არადა, ნაკრების ლიდერებმა - იანიკ ანიელმა და ფლორან მანადუმ აშკარად ჩააგდეს ეს ესტაფეტა. მეორე ადგილზე აშშ გავიდა, რომელმაც სულ რაღაც 0.02 წამი მოუგო რუსეთის კვარტეტს. ავსტრალიელები ესტაფეტის ბოლო ეტაპზე გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას, მეხუთე ადგილზე გასულმა იტალიელებმა კი ფენომენალური რეაქცია აჩვენეს ესტაფეტის გადაცემის დროს - 0.03, 0.02 და 0.00 წამი!
კაცები
400 მ. თავისუფალი
1. სუნ იანი (ჩინ) 3.41,59
2. კოსკუ ჰაგინო (იაპ) 3.44,82
3. კონორ ჯაგერი (აშშ) 3.44,85
4x100 მ. თავისუფალი
1. საფრანგეთი 3.11,18
2. აშშ 3.11,42
3. რუსეთი 3.11,44
ქალები
400 მ. თავისუფალი
1. კეტი ლედეცკი (აშშ) 3.59,82
2. მელანი კოსტა შმიდი (ესპ) 4.02,47
3. ლორენ ბოილი (ზელ) 4.03,89
4x100 მ. თავისუფალი
1. აშშ 3.32,31
2. ავსტრალია 3.32,43
3. ჰოლანდია 3.35,77
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ჩინეთი ლიდერობს