16 წლის ლიტველმა რუტა მეილიუტიტემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს კვლავ მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა, თუმცა სანამ ფინალების შესახებ გიამბობდეთ, ერთ ნახევარფინალზე უნდა შევჩერდეთ, რომელშიც ამ პირველობაზე მსოფლიოს პირველი რეკორდი დამყარდა.

ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა, 16 წლის ლიტველმა რუტა მეილიუტიტემ 100 მეტრზე ბრასით დისტანცია წუთსა და 4.35 წამში გაცურა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ცნობილ ამერიკელს ჯესიკა ჰარდის, რომელმაც 2009 წელს წუთი და 4.45 წამი დააფიქსირა.

რაც შეეხება ფინალურ გაცურვებს, პირველებმა პალაუ სან ჟორდის აუზში ურთიერთობა მამაკაცებს შორის 100 მეტრზე ბრასით მოცურავეებმა გაარკვიეს. ოქროს მედლისთვის იბრძოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი,
სამხრეთაფრიკელი კამერონ ვან დერ ბურგი და ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ავსტრალიელი კრისტიან სპრენგერი. შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო სწრაფი ავსტრალიელი აღმოჩნდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელმა ფილიპე ლიმამ სულ მცირედით აჯობა სლოვენიელ დამირ დუგონჟიჩსა და წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ფაბიო სკოცოლის.

ქალებს შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში ძირითადი ფავორიტები იყვნენ ავსტრალიელი ალისია კოუტსი და ამერიკელი დანა ვოლმერი. მაგრამ ამ დისციპლინაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონმა, 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა ვოლმერმა მხოლოდ ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. კოუტსი კი ბოლომდე იბრძოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ მაინც წააგო ამომავალ ვარსკვლავთან, შვედ სარა სისოსტრიმოთან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს უკვე მოგებული აქვს ამ დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონატში. ეს რომში მოხდა, როცა სკანდინავიელი 15 წლის იყო.

ბრაზილიელმა სეზარ სიელო ფილიომ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში. მან გაუსწრო მთავარ კონკურენტებს - ამერიკელ იუჯინ გოდსოესა და ფრანგ ფრედერიკ ბუსკეს, რომლებმაც ვერცხლი და ბრინჯაო გაინაწილეს.

დღის ბოლო ფინალში - 200 მეტრზე კომპლექსურ სტილში ქალები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. აქ პირველივე მეტრებიდან ლიდერობა მოიპოვა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა უნგრელმა კატინკა ჰოშუმ. პოდიუმზე მის გვერდით იდგნენ ალისია კოუტსი (ამ ავსტრალიელს უკვე სამი ვერცხლი დაუგროვდა) და მასპინძელი მირეა ბელმონტე გარსია.

კაცები
ბრასი. 100 მ
1. კრისტიან სპრენგერი (ავსტრა) 58,79
2. კამერონ ვან დეო ბურგი (აფრ) 58,97
3. ფელიპე ლიმა (ბრა) 59,65

ბატერფლაი. 50 მ
1. სეზარ სიელო ფილიო (ბრა) 23,01
2. იუჯინ გოდსოე (აშშ) 23,05
3. ფედერიკ ბუსკე (საფ) 23,11

ქალები

ბატერფლაი. 100 მ
1. სარა სიოსტრიომი (შვედ) 56,53
2. ალისია კოუტსი (ავსტრა) 56,97
3. დანა ვოლმერი (აშშ) 57,24

კომპლექსური. 200 მ.
1. კატინკა ჰოშუ (უნგ) 2.07,92
2. ალისია კოუტსი (ავსტრა) 2.09,39
3. მირეს ბ. გარსია (ესპ) 2.09,45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბარსელონაში დიდი ცურვა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული