"ამ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა არ გვსურდა, მაგრამ ძირეული ცვლილებები აუცილებელია!"

AutoSharing Option
"სპორტულ ასოციაცია საქართველოს მოცურავეთა კლუბის" "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სპორტულ ასოციაცია საქართველოს მოცურავეთა კლუბს", ორგანიზაციას, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე საკუთარი ძალისხმევით, ენთუზიაზმითა და ცურვის სიყვარულით ზრუნავს ქართული ცურვის წინსვლასა და განვითარებაზე, ატარებს სხვადასხვა ტურნირსა და ღონისძიებას და უწევს სპორტის ამ მშვენიერ სახეობას პოპულარიზაციას, გვსურს, წლის ბოლოს მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ ამჟამად ქართულ ცურვაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, წელს ქართველმა მოცურავეებმა რიოს ოლიმპიადის 3 "B" ლიცენზია მოიპოვეს. კერძოდ: თეიმურაზ კობახიძე (200 თ/ყ), ირაკლი რევიშვილი (400 თ/ყ), ირაკლი ბოლქვაძე
(200 ბრასი). მსოფლიო ცურვაში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო საქართველოდან რიოში მხოლოდ ერთი მოცურავის მონაწილეობა გახდა შესაძლებელი და ამისთვის ირაკლი რევიშვილი შეირჩა. ერთბაშად 3 ლიცენზია ქართული ცურვისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო და ამის ხარჯზე ალბათ უმეტესობა იფიქრებს, რომ სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ კარგი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის.

როდესაც 2012 წელს ირაკლი ბოლქვაძემ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და ამით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული ცურვის წინსვლას, გვეგონა, რომ უკვე მზად ვიყავით განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და რეალურად ეს სავსებით შესაძლებელი იქნებოდა შესაფერისი ხელშეწყობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით, მაგრამ...

ალბათ, ყველას ახსოვს, თუ როგორ შეუწყო ხელი "საქართველოს მოცურავეთა კლუბმა", იგივე "Georgian Swimmers Club"-მა ბოლქვაძის მიერ ლიცენზიის მოპოვების ამბის გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით... ამის შესახებ სტატიები ევროპისა და ამერიკის წამყვანი ცურვის ჟურნალებისა და მაუწყებლობების პირველ გვერდზე მაიკლ ფელპსის (!) სტატიებთან ერთად ქვეყნდებოდა. ამით საქართველო და ქართული ცურვა მართლაც გაიცნო მსოფლიომ. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილადაც ხომ თბილისი იყო გადაწყვეტილი და ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს, რასაკვირველია, თავისი როლი უნდა ეთამაშა ქართული ცურვის განვითარებასა და წინსვლაში,მაგრამ...

მაგრამ რეალურად დავდექით ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე მოცურავეთა რაოდენობა 70-საც ვეღარ აღწევს, არადა, აქამდე 100-ზე ნაკლები არ იყო ხოლმე. "ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის" მონაწილე ქართველი მოცურავეების დიდი ნაწილი დღეს, ერთი წლის შემდგომ აღარ არის აქტიური სპორტით დაკავებული. და ესენი არიან 1999-2002 (!) წელს დაბადებული მოზარდები, რომლებმაც სწორედ ახლა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში და ასახელონ საკუთარი ქვეყანა, მაგრამ...

ვერ ხედავენ პერსპექტივას, ვერ ხედავენ თანადგომას და სხვა უფრო გამოსადეგი საქმიანობებით კავდებიან. ძნელია მათი გაკიცხვა... ვინც ჩახედულია სპორტის ამ სახეობაში, კარგადაც ეცოდინება, თუ რამხელა რუტინული შრომა არის საჭირო თუნდაც ერთი წამის გასაუმჯობესებლად, რამხელა დროს, ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვს ძლიერი შედეგების დაფიქსირება.

ფინანსები ტყუილად არ გვიხსენებია, არ დაგვავიწყდეს, რომ ასაკობრივი ნაკრებების წევრებს, რომლებიც ევროპელ თანატოლებს ბევრად არ ჩამორჩებიან და რეალურად აქვთ მათი დაწევისა და გასწრების შესაძლებლობაც, აუზების აბონემენტების ყიდვა უწევთ... გასაკვირია, ხომ...?

ასეთივე "პატივი" აქვთ ხოლმე ზოგჯერ წილად ეროვნული ნაკრების წევრებს, როდესაც კერძო 50-მეტრიან აუზზე საერთაშორისო შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად თანხის გადახდა უწევთ. სწორი მენეჯმენტის და ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შედეგად ასეთ მოცურავეებს ბევრად უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ...

აი, მივადექით ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხსაც - ბიუჯეტს და მის სწორად გადანაწილებას. ცურვაზე გამოყოფილი თანხა, საწყალოსნო სახეობათა ფედერაციის მთლიანი წლიური ბიუჯეტის 10%-საც კი არ შეადგენს... კიდევ გაგიკვირდათ, ალბათ, ხო? ცურვას ხომ 3 ოლიმპიური ლიცენზიანტი ჰყავს და სხვა საწყლოსნო სახეობებს, ჩვენი მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთი. აბა, რატომ აქვს ცურვას ასეთი მცირე დაფინანსება?

პასუხი მარტივია: ცურვის ხელმძღვანელობა, ანუ უფროსი მწვრთნელი არ ითხოვს მეტს, ან ვერ ითხოვს, მაგრამ როგორ ვერ უნდა მოითხოვოს, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ხომ მოცურავეებისთვის რაც შეიძლება დიდი ბიუჯეტის მოძიება და ამ ფინანსების სწორად დაგეგმვა/გადანაწილებაა? მოცურავეებიც თავიანთი შედეგებით მაქსიმალურად ხელს უწყობენ, მაგრამ...

მოდი, ჩამოვწეროთ და გავაანალიზოთ, თუ რა ევალება ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელს და ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებებს. საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, მთავარმა მწვრთნელმა უნდა:

აწარმოოს სწორი მენეჯმენტი;
დაამყაროს სწორი კომუნიკაცია სხვა მწვრთნელებთან და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. უზრუნველყოს მწვრთნელებს შორის მეგობრული, ჯანსაღი ურთიერთობის შექმნა;
შეუქმნას და გაუღვივოს მოტივაცია მოცურავეებსა და მწვრთნელებს;
დაესწროს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციას, ცურვის "კლინიკებს" და მიღებული ახალი ინფორმაცია გაუზიაროს მწვრთნელებსა და მოცურავეებს;
სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი სხვა მწვრთნელებთან შეთანხმების შედეგად;
დაგეგმოს შეჯიბრების განრიგი და პროგრამები;
პირადად ჰქონდეს კავშირი ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრებთან, იცოდეს მათი პრობლემების შესახებ;
უზრუნველყოს მოცურავეებისთვის კომფორტული სავარჯიშო გარემოს შექმნა;
დაამყაროს კარგი კომუნიკაცია სპორტსმენების მშობლებთან;
უზრუნველყოს საერთაშორისო შეჯიბრებზე გუნდთან ერთად გამოცდილი, კომპეტენტური მწვრთნელების გამგზავრება;
გახადოს სპორტის ეს სახეობა უფრო პოპულარული. მის განსავითარებლად მოიძიოს ფინანსები კერძო წყაროებიდან.

ახლა გავაანალიზოთ, თუ რომელ ვალდებულებებს ასრულებს ჩვენი უფროსი მწვრთნელი და რომლებს - ვერა. მენეჯმენტი ვერ ხორციელდება სათანადო დონეზე, ვერ იგემება წლიური კალენდარი სწორად და ამას თავად მწვრთნელებიც აღიარებენ. ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ თავად უფროსმა მწვრთნელმა ოლიმპიადის წინ ბოლო საერთაშორისო შეჯიბრისთვის მოსამზადებლად მოცურავეები წაიყვანა ბულგარეთში ისეთ მიგდებულ ბაზაზე, სადაც ალბათ ყველაზე ჩამორჩენილი ცურვის ქვეყანაც კი არ გაუშვებდა თავის გუნდს, არათუ ნაკრებს. ბაზაზე, სადაც მხოლოდ 25-მეტრიანი აუზი იყო, არადა, რამდენიმე კვირაში 50-მეტრიან აუზზე გადამწყვეტი შეჯიბრი და ოლიმპიადა ახლოვდებოდა. რომ არა ეროვნული ნაკრების წევრების დაჟინებული მოთხოვნა, მოცურავეებს ბაზაზე დარჩენა მოუწევდათ. მწვრთნელი დარჩენის მომხრე იყო.

არანაკლებ "სახარბიელო" სიტუაცია გვაქვს საშინაო შეჯიბრებზე... 2015 წელს, როგორც იქნა, გვეღირსა თანამედროვე ელექტრონული ტაბლო და კედლების სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზუსტი დროების დაფიქსირება. გვეგონა, რომ გვეშველა, ახლა მაინც აღარ მოგვიწევდა გამარჯვებულების გამოვლენა და დროების დაფიქსირება რამდენიმე მწვრთნელის მიერ აღებული დროების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით, მაგრამ.... საქართველოს 2016 წლის ზაფხულის ჩემპიონატი ისევ ხელის წამზომებით ჩატარდა,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, "სპორტული ასოციაცია საქართველოს მოცურავეთა კლუბმა" შევთავაზეთ შეჯიბრის ჩატარება დიღმის ახალ საცურაო აუზზე, ელექტრონული ტაბლოს სისტემის გამოყენებით. აუზის დირექციასთან შუამდგომლობას ჩვენს თავზე ვიღებდით და ისინი იმავე თანხის სანაცვლოდ დაგვითმობდნენ აუზს, რაც "ოლიმპიკის" აუზისთვის იყო გამოყოფილი. ტაბლოს ფუნქციონირებასაც ჩვენ უზრუნველვყოფდით, მაგრამ...

გაურკვეველი მიზეზების გამო უარი მივიღეთ. ხელის წამზომის პრობლემის გარდა, როდესაც შეჯიბრი საკმაო ხნით ჩერდება ხოლმე სავარაუდო შედეგების განხილვისას, ასევე მოთელვაზეც კი ხდება ხოლმე ისეთი კურიოზული ფაქტები, როდესაც მოცურავეები წყალში უნდა ჩავიდნენ მოსათელად და ამ დროს წყალბურთელებს თურმე ტესტი აქვთ საცურაო და მოცურავეებს ნახევარი საათი ლოდინი უწევთ. მოთელვა სულ 45 წუთი გრძელდება... 15 წუთში მოთელვას მოასწრებს ვინმე?

თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირის დროს იმართება კონფერენციები და "კლინიკები", რომლებზეც ახალი ტექნოლოგიების განხილვა მიმდინარეობს და უამრავი საჭირო ინფორმაციის მიღებაა საჭირო და აუცილებელი, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარი მწვრთნელისგან დანარჩენ მწვრთნელებს არანაირი სიახლე არ მიუღიათ. ყველა საღად მოაზროვნე პიროვნება დაგვეთანხმება, რომ თუ თავად მწვრთნელები არ განვითარდნენ, მოცურავეთა წინსვლაზე საუბარიც ზედმეტია.

კიდევ ერთი პრობლემა თავად მწვრთნელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაა. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს ერთმანეთთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს. მთავარ მწვრთნელს კი პირდაპირ ევალება, იკისროს ლიდერის და პრობლემების მომგვარებლის როლი, თუმცა მრავალი წელია უკვე, ეს ვერ ხერხდება. ყველა მწვრთნელისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არის ზოგი ისეთი, ვინც საერთაშორისო ტურნირებზე ვერ/არ ახერხებს სპორტსმენებისთვის სათანადოდ ყურადღების მიქცევას და უშუალოდ შეჯიბრის დროს აუზზე ყოფნის მაგივრად სხვა საქმიანობით არის დაკავებული. მათი შერჩევაც უფროსი მწვრთნელის პრეროგატივაა.

რაც შეეხება კალენდრის შედგენას, შეჯიბრების გრაფიკის გაწერასა და ბიუჯეტის გადანაწილებას, თავად მწვრთნელებიც ამბობენ, რომ საკმაო ხარვეზებია ამ მიმართულებით და მათი გამოსწორება აუცილებელია. ისინი ნაკლებად არიან ჩართულები ამ პროცესში და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს რამდენიმე პიროვნება.

ცალკე განხილვის თემაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოცურავის, ირაკლი ბოლქვაძის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, რიოს ოლიმპიადაზე გამგზავრების წინა დღეს ირაკლის უთხრეს, რომ მისმა დოპინგტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და რიოში ვეღარ გაემგზავრებოდა. პირველ რიგში, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ასეთ სიტუაციაში სპორტსმენს მაინც შეეძლო ოლიმპიადაზე წასვლა. ამისთვის საჭირო იყო 24 საათის ვადაში დოპინგტესტის პასუხის გასაჩივრება. ირაკლი წავიდოდა ოლიმპიადაზე, ანტიდოპინგური საერთაშორისო ორგანიზაცია "ვადა" გამოიკვლევდა დოპინგტესტის შედეგებს და კვლავ დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში შესაბამისად დასჯიდა სპორტსმენს, მაგრამ.... მოხდა ისე, რომ ირაკლის ამ წესის შესახებ არ შეატყობინეს. როგორც მოგეხსენებათ, ხანგრძლივი კვლევების, ამერიკაში თავად სპორტსმენის ხარჯებით გაკეთებული შარდის, თმის ღერის ანალიზების შედეგად უკვე დადგინდა, რომ ბოლქვაძის ორგანიზმში არანაირი აკრძალული პრეპარატის კვალი არ იქნა ნაპოვნი. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ირაკლიმ დოპინგტესტის პასუხის შესახებ შემთხვევით გაიგო. უფროს მწვრთნელს მისთვის არათუ ინფორმაცია არ მიუწოდებია, არამედ მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში არც მოუკითხავს. არადა, სპორტსმენს ყველაზე მეტად სწორედ ასეთ დროს სჭირდება გვერდში დგომა და დახმარება.

"საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა სამსახურმა" მთავარი მწვრთნელი გააფრთხილა, რომ განმეორებითი ტესტის პასუხებამდე ეს ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელებულიყო. მოხდა ისე, რომ ინფორმაცია იმავე დღეს თითქმის მთელმა ცურვის სამყარომ გაიგო. გარკვეულმა ნაწილმა თავად ირაკლიზე ადრე. გასაკვირია, ხომ...?

ცალკე დაძაბულობა გამოიწვია იმან, თუ ვინ წავიდოდა ოლიმპიადაზე. B ლიცენზიის მქონე ჩვენს 3 სპორტსმენს არ მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში შეძლებდნენ რიოში გამგზავრებას. ამის გამო ზოგიერთმა არასწორად დაგეგმა ოლიმპიადამდე დარჩენილი ბოლო პერიოდი და ვერ შეძლო მოპოვებული ლიცენზიების გაუმჯობესება.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ კანადაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოკლე (25 მ) აუზისთვის დასრულდა. ჩვენმა სპორტსმენებმა ისე ნამდვილად ვერ იასპარეზეს, როგორც ყველა მოველოდით და გვსურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ ბიჭები კანადაში შეჯიბრის დაწყებამდე 2 დღით ადრე ჩავიდნენ, ხანგრძლივი, დამღლელი ფრენების შედეგად (Tbilisi---Istanbul(airport hotel for a night)---Frankfurt---Toronto---Windsor). სასაათო სარტყელში 9-საათიან სხვაობასთან შეგუება და მეორე დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ძლიერი შედეგის ჩვენება დაგვეთანხმებით, ძალზე რთულია. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელი კანადაში მოცურავეებზე 3 დღით ადრე ჩავიდა, რათა საერთაშორისო კონფერენციებს დასწრებოდა. ალბათ, კარგი იქნებოდა, მოცურავეებისთვის დამატებით სასტუმროს ნომრის 2 ღამის გადასახდელი ფინანსებიც რომ გამოყოფილიყო, მაგრამ...

რამდენიმე დღის წინ დასრულებული "თბილისის მერიის ღია თასის გათამაშებაც" სამარცხვინოდ ჩატარდა. ისევ იჩინა თავი უკვე კარგად ნაცნობმა პრობლემამ - ხელის წამზომებით დაფიქსირებულმა გაურკვეველმა შედეგებმა. ამასთანავე, ახალი პრობლემაც გამოჩნდა - მწვრთნელებს არ მისცეს შეჯიბრზე მომსახურებისთვის განკუთვნილი ისედაც მიზერული თანხა! ამ თანხით მოცურავეთათვის მედლების და დიპლომების ყიდვა გახდა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჯიბრი ჩაშლის წინაშე დგებოდა. ესეც სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი...

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი პრობლემა რჩება თანამედროვე ქართულ ცურვაში, რომლებზე საუბარიც არ გვსურს ახლა. ჩვენ არც ამ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა გვინდოდა, მაგრამ უკვე აუცილებელია ძირეული ცვლილებების განხორციელება, რათა ქართულმა ცურვამ უკუსვლა არ გააგრძელოს. დროა, გავითავისოთ, რომ სპორტში მთავარი არის სპორტსმენი და მის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს როგორც უფროსი მწვრთნელი, ისე ფედერაცია, თუ, რა თქმა უნდა, გვსურს ქართული ცურვის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა!", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული