- მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]
ტიტულოვანი სპორტსმენი "ლელოს" სტუმარი გახლდათ.
- რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ფაქტობრივად, არ დამისვენია და წლის მიწურულს ეილათში (ისრაელი) 23-წლამდელ ევროპის ჩემპიონატში ვიასპარეზე, - გვითხრა ლაშამ. - იქ სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. ახალი წლიდან ვარჯიში განვაახლე, რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გავიარეთ ევროპის ჩემპიონატის
მოგეხსენებათ, ძალოსნობა ტრავმული სპორტია - სიმძიმეებთან გიწევს შეჭიდება. წელის ტრავმა გამიმიზეზდა, მაგრამ ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის - ზურაბ კახაბრიშვილისა და ჩვენი ნაკრების ექიმ გიორგი ჭინჭარაულის დახმარებით დროულად შევძელი ტრავმების მოშუშება და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა.
- ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ - ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს სპლიტში საასპარეზოდ მოტივაცია ხომ არ გაკლდათ?
- ზოგიერთი სახელოვანი ათლეტი ოლიმპიადის შემდეგ ერთი-ორი წელიწადი დასვენებას ამჯობინებს - საერთაშორისო ტურნირებში არ მონაწილეობს. ჩემს გეგმებში ასეთი დასვენება არ შედის. მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლის ოლიმპიადამდე ყველა ტურნირში ვიასპარეზო...
- ასე ვთქვათ, მეორე წრეზე წახვედით...
- რიოს ოლიმპიადის შემდეგ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება იყო და მინდოდა, ქომაგებისთვის კიდევ ერთხელ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები, რომ მეტოქეებს არ ვნებდები. მწვრთნელები კი უფრო შორს იხედებიან - მათ ჩემთვის ბევრად მეტი ტიტული აქვთ დაგეგმილი, ვიდრე დღეს გამაჩნია.
- ხორვატიულ ბატალიებსა და იქაურ ემოციებზე უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვიყვებით?
- სერიოზული კონკურენტები მყავდა: დისკვალიფიკაციის შემდეგ დიდ სპორტს დაუბრუნდა ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ორ-ორგზის გამარჯვებული რუსი ალბეგოვი. რიოს ოლიმპიადის სომეხი ვერცხლის პრიზიორი გორ მინასიანი და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი, ესტონელი მარტ სეიმი და სხვები.
ეს შეჯიბრება ჩემთვის ფსიქოლოგიურად იყო ძალიან რთული: მოგეხსენებათ, ოლიმპიური ჩემპიონისგან ქომაგები ყოველთვის გამარჯვებას ელიან, წაგება არ გეპატიება.
ჩემპიონობა კი, მაგრამ რეკორდი წინასწარ არ დაგვიგეგმავს. ამიტომ ატაცში ასპარეზობა 203 კილოგრამით დავიწყე. ირაკლი თურმანიძემ 201 კილოთი ბრინჯაო გაინაღდა. სამწუხაროდ, შემდეგ მან ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, გორ მინასიანმა 211 კილო აიტაცა და დაწინაურდა, ეს პატარა წონა არ არის - სანამ მას შარშან მოვხსნიდი, მსოფლიოს რეკორდი იყო.
გორის შედეგი, ფაქტობრივად, გამოწვევა გახლდათ. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მითხრა, სხვა როგორ გავუშვათ წინ, შენ ბევრად დიდი შედეგისთვის ხარო მზად. 215 კილოზე მეტი არასდროს დამიძლევია. გადავწყვიტეთ, ირანელი ბეჰდადის მიღწევაზე მიგვეტანა იერიში. ცდა წარმატებული გამოდგა - 217 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დავამყარე.
აკვრაში პირველსავე ცდაზე 238-კილოიანი შტანგის აწევით ორჭიდში ოქროს მედალი გავინაღდე, მაგრამ მინდოდა ამ მოძრაობაშიც მომეპოვებინა ოქროს მედალი. არადა, რუბენ ალექსანიანმა პირველსავე ცდაზე 240, მეორეზე 244 კილო ასწია. ამიტომ მეორე ცდაზე 245 კილო დავძლიე. ფაქტობრივად, აქაც გავინაღდე პირველობა, სინკლერის ცხრილით გამარჯვებისთვის კი 250 კილოს აწევა საკმარისი გამოდგა.
- აკვრასა და ორჭიდშიც თუ შეიძლებოდა მსოფლიო მიღწევების გაუმჯობესება?
- ცხადია, შეიძლებოდა, მაგრამ 264 კილოს დაძლევა იოლი არ არის. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ წონის დაძლევა შემეძლო, ამიტომ არ გამირისკავს - ტრავმის შემდეგ მაინც ვფრთხილობდი. თან ამის საჭიროებაც არ იყო.
- წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპელი კონკურენტების გარდა, სხვა კონტინენტის წარმომადგენლებიც გეყოლებათ, თუნდაც ირანელი ბეჰდადი.
- სელიმი დიდი სპორტსმენია. მისი პირადი მწვრთნელი ირანის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. იგი სპლიტში ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვიდა და კვარცხლბეკზე რომ ავედი, სწორედ მან დამაჯილდოვა.
ჩვენებს რომ ვკითხე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, ბატონმა გიორგი ასანიძემ მითხრა, დღეს შენ ისეთი სპორტსმენი ხარ, ყველა კონკურენტი ქვეყნის წარმომადგენლები რომ გაკვირდებიან, ასე რომ, ეს ნუ გაგიკვირდებაო. როგორც მე ვსწავლობ მეტოქეთა ბრძოლის ტექნიკასა და ტაქტიკას, დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე იქცევიან.
ჩვენი მთავარი მიზანია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება და ტიტულის შენარჩუნება. მანამდე კი უამრავი ბარიერი გვაქვს გადასალახავი. უპირველესი წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც დეკემბერში ამერიკა უმასპინძლებს. ვეცდები, ქომაგებს იმედები არ გავუცრუო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"