ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატის რეპეტიცია მოსკოვში

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ მარდალეიშვილი
12-17 ივნისს ბებერი კონტინენტის მუშკეტერთა ელიტა თბილისში მოიყრის თავს - საქართველოს დედაქალაქი მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს სპორტის ამ სახეობის სამივე დისციპლინაში როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის. პასუხსაგები შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი მოხმალავეები, რომლებმაც რუსეთის დედაქალაქში მსოფლიო გრან პრის ("მოსკოვის ხმალი") გათამაშებაში იასპარეზეს.

ვაჟთა ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის 150 მოხმალავე იბრძოდა. ქართველთაგან რიოს ოლიმპიადის მონაწილე სანდრო ბაზაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 16 საუკეთესოში შედის, საკვალიფიკაციო პაექრობებისგან თავისუფალი იყო - პირდაპირ პლეი ოფიდან ჩაება შეჯიბრებაში: პირველ შეხვედრაში მან იტალიელ რიკარდო ნუჩიოს
სძლია - 15:13, მეორე ორთაბრძოლა კი რუს ანატოლი კოსტენკოსთან დათმო - 12:15 და 23-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ მარდალეიშვილმა - ექვსივე მეტოქეს მოუგო: ზედიზედ დაამარცხა იანმინ ქსუ (ჩინეთი, 5:3), ვორაგუნ სრინუალნადი (ტაილანდი, 5:2), ალ-მუსავი მურტადჰა (ერაყი, 5:0), უილიამ დიარი (დიდი ბრიტანეთი, 5:3), ენ თუ დასი (ვიეტნამი, 5:0), დმიტრი პოსტოევი (რუსეთი, 5:2). სამწუხაროდ, პლეი ოფში ვერ იყოჩაღა - სახელოვან რუმინელ მოხმალავე იულის ტეოდოსიუსთან ერთი ჩხვლეტით წააგო - 14:15. მარდალეიშვილი საბოლოოდ 38-ე ადგილზე გავიდა.

საბა სულამანიძემ ჯგუფში აჯობა ტომ სიზის (საფრანგეთი, 5:1), სიარჰეი შაჩანინს (ბელორუსი, 5:4), მაქს რეიმერს (ავსტრია, 5:1), ნიკიტა იაკოვენკოს (რუსეთი, 5:1) და კონსტანტინ ვორონოვს (ისრაელი, 5:4), ხოლო ანდრეუ მასკიევიჩთან (აშშ) დამარცხდა - 4:5. საბამაც პლეი ოფის პირველივე ორთაბრძოლა დათმო გერმანელ მაქსიმილიან ქინდლერთან (8:15) და 42-ე ადგილს დაჰყაბულდა.

ამჯერად საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა ბექა ბაზაძემ - მან ჯგუფში მხოლოდ ორი მეტოქე დაჯაბნა (ერაყელი ჰამზა ჰაბიბ ალ-მოჰამედალი - 5:3, რუსი პაველ გალუშკინი - 5:4), დანარჩენ ოთხ პაექრობაში ვერაფერს გახდა და 113-ე ადგილი ხვდა.

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ლუკა კურატოლი (იტალია), 2. ბონგულ გუ (კორეა), 3. არონ ზილაგი (უნგრეთი) და იუნგჰვან კიმი (კორეა).

ქალთა შეჯიბრებაში 142 მოხმალავე მოინაწილეობდა, მათ შორის - ორი საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.

თეოდორა კახიანმა ჯგუფში ხუთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - ევგენია კარბოლინა (რუსეთი, 5:2), კარლინ ტაილანდერი (საფრანგეთი, 5:4), იან ფუ (ჩინეთი, 5:3), ალინა მიხაილოვა (რუსეთი, 5:2) და კატერინა ნავარა (იტალია, 5:1), ხოლო ალექსის ანგლადესთან (აშშ) წააგო - 2:5. პლეი ოფის პირველივე ორთაბრძოლა ამერიკელ მაია ჩემბერლაინთან დათმო - 12:15 და 65-ე ადგილზე გავიდა.

დარია ანტონოვამ ჯგუფში სამ მეტოქესთან მიაღწია წარმატებას, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდა, პლეი ოფში უკრაინელ ოლენა ვორონინას ერთი ჩხვლეტის უპირატესობით სძლია - 15:14, თავად კი მის თანამემამულე ოლგა ხარლანთან დიდი ანგარიშით წააგო - 3:15 და 61-ე ადგილი ერგო.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. შარლოტ ლიმბახი (საფრანგეთი), 2. ანა მარტონი (უნგრეთი), 3. ბიანკა პასკუ (რუმინეთი), კაროლინ ქუროლი (საფრანგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული