ქართველების ოქრო-ვერცხლი 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ბულგარულ პლოვდივში 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.

ქართველ მოხმალავეს 3 მაისს მხარი აუბეს თანაგუნდელებმა: ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი წლის წინათ გუნდურში მესამე ადგილი დაიკავა, გუშინ კი შედეგი გააუმჯობესა - მეორე ადგილი დაიკავა.

ჩვენი ბიჭები (სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე) სტარტზე უკრაინელებს (ბოგდან პლატონოვი, ოლექსეი სტაცენკო, დმიტრო რასკოსოვი) დაუპირისპირდნენ. ოთხი ორთაბრძოლის შემდეგ ისინი შეხვედრას 13:20-ს აგებდნენ. მე-5 პაექრობაში ევროპის სამგზის ჩემპიონმა ბაზაძემ რასკოსოვს 13 ჩხვლეტა მიაყენა ორი
ჩხვლეტის წილ და თავისი გუნდი 25:23 დააწინაურა. მას შემდეგ ქართველებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და საბოლოოდ 45:42 გაიმარჯვეს.

ჩვენმა მოხმალავეებმა მეორე შეხვედრა იტალიელებთან (ფრანჩესკო ბონსანტო, ლეონარდო აფედე, ფრანჩესკო დარმიენტო) გამართეს. ორთაბრძოლა აქაც წინა პაექრობის მსგავსი სცენარით წარიმართა: იტალიელები 20:15 დაწინაურდნენ. სანდრო ბაზაძემ დარმიენტოს, რომელსაც პირადში ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა მოუგო, ამჯერად 9 ქულა აართვა, თავად კი ხუთი ქულა დათმო და ანგარიშში სხვაობა ქულამდე შეამცირა. მერე აპენინელები 7 ქულით გავიდნენ წინ და ფინალში გასასვლელად 5 ქულაღა სჭირდებოდათ, მაგრამ ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ აფედეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - 12:2 აჯობა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - 45:42.

არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა ნახევარფინალური პაექრობა ბელარუსის მოხმალავეებთან (არტსიომ კარაბინსკი, არტსიომ ნოვიკაუ, მიხაილ აკულა, ანტონ დავიჟენკა). რვა ორთაბრძოლის შემდეგ გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია, ბაზაძემ აქაც გამოიჩინა თავი - არტიომ კარაბინსკის 6:1 აჯობა, საქართველოს ნაკრებმა 45:41 მოიგო შეხვედრა და ფინალში გავიდა, სადაც რუს მოხმალავეებთან (ილია ანდრეევი, ალექსანდრ ტრუშაკოვი, კირილ ეფიმოვი) დამარცხდა 38:45 და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მესამე ადგილისთვის პაექრობაში გერმანიამ ბელარუსი დაამარცხა - 45:43.

ახლა კი პლოვდივში გამართული დანარჩენი ორთაბრძოლების შესახებ: მოხმალავე ვაჟთა პირად პირველობაში, სანდრო ბაზაძის გარდა, კიდევ სამი ქართველი მოფარიკავე გამოდიოდა. მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია - ბულგარელ ლიუბოსლავ ბურნევსა (5:3) და თურქ ახმედ აკარის (5:2). დანარჩენი სამი პაექრობა დათმო. პლეი ოფში ისევ ბურნევი დაამარცხა - 15:10, მაგრამ თანაგუნდელ სანდრო ბაზაძესთან ვერაფერს გახდა - 6:15. საბოლოოდ, 31-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

საბა სულამანიძემ ჯგუფში მხოლოდ არტიომ კარაბინსკის (ბელარუსი, 5:4) მოუგო, ხოლო დანარჩენი დათმო და 45-ე ადგილზე გავიდა. ორი საფეხურით დაბალი ადგილი დაიკავა ვაჟა რეჭიამ, რომელიც ჯგუფში ყველა მეტოქესთან დამარცხდა.

მოხმალავე გოგონებშიც ოთხი ქართველი ცდიდა ძალებს. სხვებზე უკეთ გამოვიდა (მე-14 ადგილი) ლიკა ჯიჯიეიშვილი. ჯგუფში მან ექვსიდან ოთხ მეტოქეს მოუგო: ნატალია ბუგაევსკის (მოლდოვა, 5:2), ნურ ადალიოღლუს (თურქეთი, 5:4), იოანა ეფიმოვას (ბულგარეთი, 5:4) და სოფია ჩიარალიას (იტალია, 5:3). პლეი ოფში კაროლინა ვალშაკს (პოლონეთი, 15:13) აჯობა, ბელარუს პალინა კასპიაროვიჩს (ბელარუსი) კი ვერ გასცდა - 8:15.

22-ე ადგლი დაიკავა ოლიმპიური ჩემპიონის - ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილმა მარიამ აფციაურმა. ჯგუფში მან სამი მოხმალავე დაჯაბნა (უკრაინელი მარია ციმბოტა-5:3, თურქი ფატმა კოშე-5:1, პოლონელი ანჟელიკა ვატორი-5:3), ამდენივესთან კი დამარცხდა. მერე პლეი ოფიც დათმო იმავე ანჟელიკა ვატორთან - 8:15 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მარიამ ფხაკაძემ და ანა აფრასიძემ ჯგუფში 2-2 მოგებითა და 4-4 წაგებით (პლეი ოფში პირველივე პაექრობები დათმეს, შესაბამისად, რუს ევგენია კარბოლინასა და უნგრელ ლიზა პუშტაისთან) XXV-XXVI ადგილები დაიკავეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული