კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ბასილია (შუაში) შეგირდებთან ვარჯიშზე
სენაკში დამთავრდა ახალგაზრდა კარატისტთა (WKF-ის წესებით) საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც კატასა და კუმიტეში სხვადასხვა კუთხის 140 წარმომადგენელი სამ ასაკში (14-15, 16-17, 18-20 წწ.) იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

- შეჯიბრება შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ყოფილ კარატისტ ლევან შონიასა და სენაკის გამგეობას, - გვითხრა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა, კარატეში მე-8 დანის მფლობელმა კახა ბასილიამ. - ორგანიზატორებმა შეჯიბრების მონაწილეებს ასპარეზობისა და დასვენებისთვის შესანიშნავი პირობები შეუქმნეს.

პირველობის შედეგებს
ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ ასაკის გოგო-ბიჭებისთვის ეს იყო შესარჩევი ტურნირი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 17-19 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. 15-კაციანი დელეგაციით გავემგზავრებით. ასაკების მიხედვით,  გუნდებს სენაკში გამართული შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით დავაკომპლექტებთ.

სოფიაში სერიოზული კონკურენცია იქნება. გულშემატკივრებმა იციან, რომ 2018 წელს მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ოლიმპიურ თამაშებს არგენტინა უმასპინძლებს. ამ ასპარეზობის პროგრამაში კარატეც შეიტანეს და ლიცენზიების მოპოვება ძალიან რთული იქნება. თუმცა გვჯერა ჩვენი შეგირდების, რადგან მათ საერთაშორისო სარბიელზე 4-5-წლიანი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, წლეულს ტრაბზონში მსოფლიო გიმნაზიადა (მსოფლიო სასკოლო თამაშები) გაიმართა 11 სახეობაში. საქართველოს სპორტსმენებმა 11 მედალი მოიპოვეს, საიდანაც შვიდი ჯილდო კარატისტებზე მოდის.

ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა - თამუნა თურმანიძემ, ზურაბ გიორგაძემ და დიმა კუჩერენკომ წლეულს კვიპროსში თანატოლთა ევროპის პირველობაზე მედლები დაიმსახურეს. დარწმუნებული ვარ, ხელცარიელი არც ბულგარეთიდან დავბრუნდებით. ყველაფერი ეს კი 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას ემსახურება.

- ბატონო კახა, გულშემატკივრებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ კარატეში რამდენიმე მიმართულებაა...
- ასე იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადია, ხუთი მიმართულება - შოტოკანი, შიტორიუ, გოჯურიუ, ვადერიუ და კიოკუშინკაი ერთ მსოფლიო ფედერაციაში გაერთიანდა და შეჯიბრებები WKF-ის წესებით ეწყობა. წლეულს, 3 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონგრესზე კარატე გახდა ოლიმპიური ოჯახის წევრი და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედლები გათამაშდება.

ჩვენთანაც წლების განმავლობაში კარატეს რამდენიმე მიმართულება ცალ-ცალკე მოქმედებდა. 2012 და 2016 წლებში გაერთიანებული ყრილობები ჩავატარეთ. წლეულს, 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩვენი ფედერაცია თავის წევრად ოფიციალურად აღიარა და სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანადგომასაც შეგვპირდა.

- ოლიმპიურ თამაშებზე კარატეში რამდენი საგზური გათამაშდება და ჩვენ რა შანსები გვაქვს?
- ტოკიოში მედლები კატასა და კუმიტეში გათამაშდება ქალთა და ვაჟთა შორის. კუმიტეში ქალები -55, -61 და +61, ხოლო ვაჟები -67, -74 და +74 კილოგრამ წონით კატეგორიებში იბრძოლებენ ჯილდოებისთვის. თითოეულ წონაში 10-10 სპორტსმენი იქნება. ამდენად, ტოკიოს თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება უფრო ძნელი იქნება, ვიდრე - მედლებისა. ამჟამად კარატეში WKF-ის წესებით მსოფლიოში 100 მილიონი სპორტსმენი ვარჯიშობს. ოლიმპიურ ოჯახში მიღების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ეს რაოდენობა გაორმაგდება. ჩვენ 15 000 წევრი გვყავს.

რაც შეეხება შანსებს, ყველაფერი დაფინანსება-თანადგომაზეა დამოკიდებული. ფრანგი კარატისტების წლიური ბიუჯეტია 15 მილიონი ევრო, თურქებისა - 10 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანელებისა - 2 მილიონი დოლარი, ჩვენ კი ნახევარ მილიონ გაუფასურებულ ლარზეც თანახმანი ვართ, რომ შედეგები დავდოთ.

საანგარიშო ყრილობაზე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, არგენტინაში ახალგაზრდების ოლიმპიადასა და 2019 წელს ბელორუსში მეორე ევროპულ თამაშებზე 2-2 ლიცენზიანტი გვყავდეს. შარშან ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში ირაკლი ტყებუჩავა მეექვსე იყო. ორი წლის წინათ გოგიტა არქანიამ იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, ჰენრი ვეკუა ევროპის პრიზიორია, დავით ტყებუჩავა - პრემიერლიგის გამარჯვებული.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ტიტულოვან სპორტსმენებს ახალგაზრდებიც აუბამენ მხარს და მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.

- სალიცენზიო ტურნირები როდის გაიმართება?
- 14-21 წლისანი ნოემბერში იბრძოლებენ არგენტინის საგზურებისთვის ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც ესპანური ტენერიფე უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიადისა და მე-2 ევროპული თამაშების ლიცენზიების უმეტესობა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გაიცემა, დანარჩენი საგზურების ბედი მოგვიანებით გაირკვევა.

- უახლოეს შეჯიბრებებზე რას იტყვით?
- ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე უკვე გითხარით. უფროსებში ევროპის ჩემპიონატი 4-10 მაისს სამსუნშია დაგეგმილი. მანამდე კი შესარჩევი ტურნირები გვექნება - დუბაის, შარმ ელ შეიხისა და ამერიკის ეგრეთ წოდებულ პრემიერლიგებში ვიასპარეზებთ.

კვარცხლბეკი
კ ა ტ ა
გოგონები
14-15 წწ. 1. ანა დარჩიაშვილი, 2. ეთერ მაზმიშვილი.

ვაჟები
14-15 წწ. 1. დავით ბრეგაძე, 2. რევაზ მუკბანიანი, 3. თორნიკე მიქაბერიძე
16-17 წწ. 1. ნიკა ახალაძე, 2. ნიკა მაყიშვილი
18-20 წწ. 1. სერგო მალხასიანი, 2. ლადო გოგრიჭიანი, 3. ენვერ თურქია, ბესიკ ჩხიკვაძე

კ უ მ ი ტ ე
გოგონები
14-15 წწ. 1. სალომე ასაბაშვილი, 2. ნათია სინჯარაძე, 3. მერი კეკელიძე, დიანა კვარაცხელია
16-17 წ.წ. 1. მედეა ზვიადაური, 2. მონიკა გამისონია, 3. სალომე ქავთარაძე, ქრისტინე სახოკია
18-20 წწ. 1. თამარ თურმანიძე, 2. ანასტასია ბერიკაშვილი, 3. ნათია გვილავა, ქეთი ზაზიკაშვილი

ვაჟები
14-15 წწ.
-52 კგ. 1. ალექსანდრე ტყვაცირია, 2. ლუკა ვასაძე, 3. გურამ ძიძიგური, ლუკა გლურჯიძე
-57 კგ. 1. ლუკა ხვედელიანი, 2. ნიკა ოქრიაშვილი, 3. ნიკა დარჩია, თემურ ღურწკაია
-63 კგ. 1. გიგა ოძელაშვილი, 2. ტარიელ სამხარაძე, 3. ლაზარე კალმახელიძე, 3) აბუბაქირ ბინალიევი
- 70 კგ. 1. ლუკა საფარიძე, 2. გიორგი სარსევანიძე, 3. ჯემალ ატაშოვი, მათე ჩაგანავა
+70 კგ. 1. დიმიტრი ცირგაია, 2. ნოდარ გოგიაშვილი, 3. გიორგი ზენაიშვილი, ბექა ფადარაშვილი

16-17 წწ.
-55 კგ. 1. გიორგი წულეისკირი, 2. გიორგი ეპიტაშვილი, 3. ნიკა მაყიშვილი, ანდრო ტერვართანიანი
-61კგ. 1. ვიტალი კუჩერენკო, 2. გუგა ივანაშვილი, 3. დავით ჩირაძე, ოთარ აბეწვაშვილი
-68 კგ. 1. ნიკიტა ბელიავსკი, 2. ზურაბ გიორგაძე, 3. თენგო თედიაშვილი, გიორგი ხეცურიანი
-76 კგ. 1. ირაკლი ჭურღულია, 2. ბადალა მეზურნიშვილი, 3. კოკა ქირია, დაჩი ლაფერიშვილი
+76 კგ. 1. ოთარ ანთაძე, 2. ლუკა კოდუა, 3. ნიკა გაჩეჩილაძე, დავით გოგოლაძე

18-20 წწ.
-60 კგ. 1. გიორგი ყოჩიშვილი, 2. თემურ მაისურაძე, 3. ალეკო სურმანიძე, ილია ახალაია
-67 კგ. 1. ნიკოლოზ ქობალია, 2. ნიკა ჩხაიძე, 3. ანზორ დარბაიძე, ნიკა ჭანტურია
-75 კგ. 1. ბექა შერმადინი, 2. მინდია კოტორაშვილი, 3. ბობა დალაქიშვილი, გიორგი ბეგლარაშვილი
-84 კგ. 1. მალხაზ ჩაბოშვილი, 2. გიორგი ხუციშვილი, 3. ხვიჩა კიპაროიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული