უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარკო მარკოვიჩი, ვიტალი კლიჩკო, დავით წიკლაური, ვლადიმირი პროდიუსი
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში ევროპის კრივის ფედერაციის პრეზიდენტ ფრანკო ფაჩინელის წერილი მოვიდა, რომელიც გვამცნობს, რომ ჩვენი მოკრივეების თავკაცი დავით წიკლაური ორი წლით ევროპული ორგანიზაციის მწვრთნელთა კომისიის წევრადაა არჩეული.

"მსოფლიო კრივის სამყაროში დიდ პატივს სცემენ დავით წიკლაურს, როგორც პროფესიონალ მწვრთნელსა და ექსპერტს. EUBC-ს სურს, რომ მან თავისი ცოდნა და გამოცდილება მწვრთნელთა კომისიის წარმატებისთვისაც გამოიყენოს", - ნათქვამია წერილში.

- ევროპული კრივის მწვრთნელთა კომისიაში ჩემი არჩევა დიდ პატივად და ქართული კრივის დაფასებად მიმაჩნია, -
გვითხრა საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა. - შარშან დეკემბერში AIBA-ს კონგრესზე ამ კომისიის წევრად ჩემი კანდიდატურა ბატონმა ოთარ რაგიმოვმა წარადგინა.

მოგეხსენებათ, ბატონი ოთარი წლების განმავლობაში საქართველოში მოღვაწეობდა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ისრაელში ცხოვრობს და იქაური კრივის ფედერაციის წევრია. მაშინ მის წინადადებას მხარი დაუჭირეს უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა. ვეცდები, ამ ადამიანების იმედები გავამართლო.

უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ. ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ კიდევ დეკემბერში დავიწყეთ, 12 იანვრიდან ბაკურიანში 12-დღიან შეკრებას მოვაწყობთ - ჭაბუკების, ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ნაკრები გუნდების წევრები საერთო-ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. იქვე მწვრთნელთა სემინარებიც ჩატარდება. ამ შეკრებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა 22-წლამდელებისთვის ექნება, რადგან მათ 13-22 მარტს რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი ელით.

თუმცა მანამდე ნაკრების რვა წევრი - ნოდარ დარბაიძე (თბილისი, 49 კგ), არტიომ გომციანი (ახალქალაქი, 56), დავით გორგილაძე (აჭარა, 64), გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი, 69), ესკერხან მადიევი (თბილისი, 69), რატი ტლაშაძე (გორი, 81), ნიკოლოზ ბეგაძე (რუსთავი, 91) და გიორგი ჭიღლაძე (თბილისი, +91), ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით, დებრეცენის საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში უკრაინელ და ბელორუს მოკრივეებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და მერე რუმინეთს მიაშურებენ.

- შარშან ამ ბიჭებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ტურნირში ისახელეს თავი...
- დიახ, ოღონდ - ახალგაზრდებში, წლეულს კი უფროსებში გადმოინაცვლეს. სწორედ მათი ასაკისთვის გარდამავალი პერიოდის უკეთ დასაძლევად ევროპის კრივის ფედერაციამ კალენდარში 22-წლამდელთა კონტინენტის პირველობა შეიტანა. ეს თაობა ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსეული შევსებაა, მაგრამ ნაკრებში ადგილის დასაბევებლად ჯერ კიდევ დიდი გარჯა მოუწევთ. მთავარი კი ის არის, რომ ეროვნულ გუნდში მოსახვედრად ჯანსაღი კონკურენცია გვექნება, რაც ნაკრების წევრთა ბრძოლისუნარიანობასა და მოტივაციას გაზრდის.

- როგორც ჩანს, 22-წლამდელთა ნაკრებიდან მოკრივეები წლეულს ზაფხულს, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილოთ?
- ყველაფერი მათ მონდომებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული. არავინ დაიჩაგრება და გარჯა არავის დაეკარგება. მით უმეტეს, რომ წლეულს უფროსების ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ძალიან მცირე შუალედითაა ერთმანეთისგან დაშორებული. ამდენად, ნაკრებისთვის ღირსეული ცვლა გვჭირდება. უფროსთა ნაკრებსაც შალვა დუნდუა უდგას სათავეში.

20-27 თებერვალს მისი თავკაცობით სევერიან ჭილაძე (თბილისი, 56 კგ), ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი, 60), ლაშა გურული (რუსთავი, 64), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ალექსანდრე დოკვაძე (თბილისი, 91) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ.

ყველამ იცის, რომ ნაკრების წევრობა გარანტირებული არავის აქვს. კონკურენციაც საამისოდ გვჭირდება.

- წლეულს სახელოვანი ქართველი მოკრივის - დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირიც გაქვთ დაგეგმილი...
- დიახ, 15-20 აპრილს თბილისში. მსგავსი შეჯიბრებები ჩვენთან უწინაც ჩატარებულა, ოღონდ ორი-სამი ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. წლეულს კი 15 ქვეყნის საუკეთესო მოკრივეები გვეწვევიან კრივის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების მესვეურებთან ერთად, რაც ჩვენი სინამდვილისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ ტურნირის შემდეგ შეირჩევა ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოემზადება.

- ჭაბუკებსა და ახალგაზრდებზეც მინდა გკითხოთ...
- ძალიან გვინდა, რომ საქართველოში კრივის გეოგრაფია გავზარდოთ, ის რეგიონები და ქალაქები წავახალისოთ, რომლებიც სპორტის ამ სახეობის განვითარებას ცდილობენ. მაგალითისთვის მარნეულიც კმარა. ბოლო წლებში აქ კრივის ოთხი დარბაზი გაიხსნა, აქაური ოთარ ნავერიანი შარშან ახალგაზრდებში ევროპის პირველობის პრიზიორი გახდა. 8-13 თებერვალს სწორედ მარნეულში გაიმართება 18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი.

თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ჭაბუკთა საქართველოს პირველობას გორი ან კახეთი უმასპინძლებს. მარტის მიწურულს დკდ-ს კლუბი ახალგაზრდებისთვის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მოაწყობს, ოღონდ ამჯერად შეჯიბრება უფრო წარმომადგენლობითი იქნება. თანაც მანამდე ჩვენი მოკრივეები აზერბაიჯანელ და ყაზახ თანატოლებთან ერთობლივ წვრთნას გაივლიან.

ასე რომ, დატვირთული სეზონი გველის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ტურნირის მსვლელობისას მწვრთნელებისთვის სემინარები ჩატარდება, ზოგი ჩვენი, ზოგიც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით. 2017 წლის მიწურულს უკვე ქართველ მოკრივეებთან მხოლოდ სერტიფიცირებული მწვრთნელები იმუშავებენ და გვჯერა, რომ შედეგებიც უკეთესი გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული