ავთანდილ ხურციძე: ისე მიყვარს საქართველო, მისთვის ჩემ წილ ტყვიასაც არ დავეშურები

AutoSharing Option
37 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე 15 წელიწადია, პროფესიულ რინგზე გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 37 ბრძოლიდან მხოლოდ ორი პაექრობა დაამთავრა ფრედ, ამდენივე დათმო, დანარჩენი კი მოიგო, მათ შორის - 26 პაექრობა ნოკაუტით.

ამ დღეებში WBO-ს ვერსიით ლესტერში ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩვენებურმა ტონი ლანგფორდი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და დროებითი ტიტული მოიპოვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

საგულისხმოა, რომ ინგლისელ სპორტსმენს აქამდე 18-დან ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ამ გამარჯვებით ქართველმა მოკრივემ მსოფლიოს ჩემპიონ ბილი ჯო
სონდერსის გამოწვევა მიიღო. პრომოუტერმა ფრენკ უორენმა თქვა, რომ ხურციძისა და ინგლისელი სონდერსის ორთაბრძოლა, შესაძლოა, 8 ივლისს ლონდონში გაიმართოსო. რაც შეეხება ქართველის მომავალ მეტოქეს, მან პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა განაცხადა - "გაჩვენებთ, ვინაა ხურციძე, როცა მას შევხვდები. თუ ვერ დავამარცხებ, დიდი ბრძოლების დავიწყება მომიწევს".

- ავთანდილ ხურციძეს ბრიტანელმა მოკრივემ პრესკონფერენციაზე შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

ბრიტანელმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე 24-დან 12 ორთაბრძოლაში წარმატებას ნოკაუტით მიაღწია.

- ჯერ გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს, - გვითხრა ავთანდილ ხურციძემ, რომელიც ამჟამად სამშობლოშია და მომავალი პაექრობებისთვის შინ ემზადება. - შარშან ამერიკელ დუგლასთან შემომთავაზეს შეხვედრა, ეს სპორტსმენი რეიტინგით მეხუთე იყო. 10-რაუნდიანი მატჩის მესამე და მეშვიდე რაუნდებში მეტოქე ნოკდაუნში გავგზავნე, მე-10 რაუნდის დასაწყისში კი მსაჯმა ჩემი აშკარა უპირატესობის გამო ორთაბრძოლა შეწყვიტა. WBO-ში პირველი ნომერი გავხდი. სონდერსს ჩემთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ უარი თქვა და სხვას შეხვდა.

- მერე ქუთაისურად ვერ დაელაპარაკეთ?
- (ეცინება). იქ რიონისპირული არ ჭრის, რადგან მთავარი ფულია. როგორც გითხარით, ბილი სხვას დაუპირისპირდა და მოუგო. კანონით, მისი შემოსავლის 20 პროცენტი მე გადმომირიცხეს. ახლაც ქამრის დასაცავად ჩემთან პაექრობას თავს თუ აარიდებს, იგივე განმეორდება. ვნახოთ, ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს.

- ავთო, ვიცი, რომ თავიდან სპორტის სხვა სახეობებს მისდევდით, კრივი რატომ აირჩიეთ?
- მამა მოჭიდავე იყო. დილაობით მავარჯიშებდა - გამოიწრთობი და ჯარში გამოგადგებაო. ჩემი უფროსი ძმა დადიოდა კრივზე და მისი მიბაძვით აღმოვჩნდი რინგზე. ძმას ჭკუა ეყო და დროზე ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე, მე კი დღემდე შემოვრჩი სარბიელს.

37 წლის ვარ, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ ეს არის, რომ 12 წელიწადია, 72 კილოში გამოვდივარ, წონის შენარჩუნება მიჭირს - ყოველი ორთაბრძოლის წინ, სულ მცირე, 10 კილოს ვიკლებ, რაც საკმაოდ რთულია. მართალია, ევროპის ჩემპიონი სამჯერ გავხდი, ხუთჯერ ინტერკონტინენტური ქამარი მოვიგე, ორჯერ ინტერნაციონალში გავიმარჯვე. ახლა ამ ტიტულებს WBO-ს ჩემპიონობა დაემატა, მაგრამ ბრძოლის ჟინს ვერაფრით ვიცხრობ - ვგრძნობ, რომ მეტის მიღწევა შემიძლია.

- მშობლები რას გეუბნებიან?
- მამამ რამდენჯერმე მითხრა, დაანებე მაგ ჩხუბს თავი და საქართველოში დაბრუნდი, ოჯახს მოეკიდე, ბარსა და თოხს გაუშინაურდი - საამისოდ ჯანი არ გაკლიაო. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, ამაზე დროზე გეფიქრა, სანამ რინგზე ამიშვებდი-მეთქი.

ქუთაისში ჩემი პირველი მწვრთნელი იყო მერაბ ლორთქიფანიძე. თუმცა სამოყვარულო კრივში დიდხანს არ დავრჩენილვარ. ჩემი აქტიური სპორტული კარიერის ხანა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში არც შუქი იყო, არც ცხელი წყალი და სპორტისთვის არავის ეცალა. ჩემი თავი რა მოსატანია, მაშინ ბევრმა სახელოვანმა ათლეტმა აქცია სპორტს ზურგი - რა უნდა ექნათ, ოჯახი ჰყავდათ სარჩენი. მეც კრივს დავანებე თავი და ქუჩაში აღმოვჩნდი, მაგრამ 21 წლისა მივხვდი, რომ ჩემი ადგილი რინგზე იყო და ვარჯიში განვაახლე, ამჯერად უკვე პროფესიულ კრივში.

- კარიერა როგორ წარიმართა?
- 2003 წელს სახელოვანი ქართველი მოკრივის - რამაზ ფალიანის დახმარებით ამერიკაში წავედი. მან წაიღო ჩემი ორთაბრძოლების ვიდეოჩანაწერები ოკეანის გაღმა და იქაურ პრომოუტორებს აჩვენა. ისინიც დაინტერესდნენ. იქ ვემზადებოდი პირველი პაექრობისთვის.

რამაზ ფალიანის მიბაძვით ვისწავლე სპორტული რეჟიმის დაცვა და ეს ჩვევა დღემდე მომყვება. იმავე წელს პირველი ოთხრაუნდიანი პაექრობა ნოკაუტით მოვიგე. მერე საქართველოში დავბრუნდი, ხელახლა ამერიკაში წასასვლელი ვიზა ვერ ავიღე და სპორტისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, უკრაინის ვარიანტი რომ გამოჩნდა. 2006-2010 წლები კიევში გავატარე, კლიჩკოების კლუბში, ვიტალი კლიჩკო იყო მთავარი პრომოუტერი. ჩემს ბრძოლებსაც ხშირად ესწრებოდა და მისი რჩევებიც გამომადგა - 20-დან ყველა პაექრობა მოვიგე.

- კურიოზებსაც ხომ ვერ გაიხსენებდით?
- მახსოვს, მოსათელ დარბაზში მორიგი ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი. ამ დროს ლამაზი გოგონა მომიახლოვდა და ვინაობა მკითხა. ვიფიქრე, მოვეწონე-მეთქი და გახუმრება ვცადე - ვალიკო მიზანდარი მქვია-მეთქი. ეტყობა, "მიმინო" არ ჰქონია ნანახი. მან ფურცელზე ჩაინიშნა და გამშორდა. ცოტა ხანში დიქტორმა მიზანდარი იხმო რინგზე. მე იმ გოგოსთან საუბარი გადამავიწყდა და დიქტორისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მწვრთნელი დროზე რომ არ გამოჩენილიყო, წაგებას ვერ გადავურჩებოდი.

- კიევიდან ამერიკაში როგორ ამოყავით თავი?
- კეთილი ადამიანების დახმარებით 2013 წელს გავემგზავრე ოკეანის გაღმა და წარმატებით განვაგრძობ რინგზე გამოსვლას.

- ოლიმპიურ თამაშებზე არასდროს გიოცნებიათ?
- მართალი გითხრა, არა. ოთხრაუნდიანი ბრძოლები არ მიყვარს, უფრო თორმეტრაუნდიანი პაექრობები მიზიდავს. თანაც უწინ პროფესიული რინგიდან სამოყვარულოში ვერავინ გადავიდოდა. ახლა პროფესიონალებსაც დართეს ნება, ოლიმპიადის საგზურებითვის იბრძოლონ.

ქართველ მოკრივეებს 2000 წლის ოლიმპიადის შემდეგ თამაშებზე ხელშესახები შედეგები არ ჰქონიათ, მეტიც - რიოს ოლიმპიადამ უჩვენოდ ჩაიარა. ახლა ქართულ კრივში გამოცოცხლება იგრძნობა, ნიჭიერი თაობა მოდის, საერთაშორისო სარბიელზეც აღწევენ წარმატებას.

ღმერთმა ნუ ქნას და, ჩვენს ბიჭებს წინა ოლიმპიური ციკლის მსგავსად ტოკიოს საგზურების მოპოვება გაუჭირდეთ, ჯერ გადაუწყვეტელ ნაბიჯსაც გადავდგამ - ისე მიყვარს საქართველო, რომ მისთვის ჩემ წილ ტყვიასაც არ დავეშურები. იმედია, ქართველი მოკრივეები უჩემოდაც მიაღწევენ მიზანს და ქომაგებსაც გაახარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაგიმარჯოს, სულით და გულით ქართული გენის მატარებელი!
zaza
12:09 08-05-2017
0
მაგარი კაცი ხარ ავთო. ქართველი ჯიგარი. წარმატებებს გისურვებ კრივშიც და პირად ცხოვრებაშიც
lasha19
01:58 08-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული