დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მინდოდა ექვსი კვირით ინგლისურ ტურნეში წასვლა, რათა "ვარსკვლავის" რანგში მესაუბრა პრესასთან და დამერიგებინა ავტოგრაფები. გადავწყვიტე, სწორედ ამ ტურნეს დროს დამენებებინა თავი ნარკოტიკებისთვის, მარიხუანასთვისაც კი. ეს იმიტომ უნდა გამეკეთებინა, რომ მზად ვყოფილიყავი ფინიქსში სარეაბილიტაციო ცენტრში დასაბრუნებლად. მაშ ასე, გავჩერდი. არ ვიყენებდი არც კოკაინს, არც მარიხუანას. სმასაც კი შევეშვი.

და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მართლაც სერიოზული პრობლემები მქონდა. პირველი რამდენიმე საათი, უბრალოდ, გონებას ვკარგავდი. სასტუმროში მთელი ნომერი დავამსხვრიე, ჭკუიდან გადავდიოდი, მაგრამ ნარკოტიკს მაინც არ მივეკარე. საშინელი მგზავრობა იყო, მაგრამ ყველა ცდუნებას გავუძელი.
ამიტომაც, როცა ფინიქსში დავბრუნდი, უკვე სუფთა ვიყავი - სარეაბილიტაციო ცენტრისთვის გამზადებული. სერიოზული "ლომკა" გადალახული მქონდა.

მერილინმა მიმიყვანა ადგილზე, რომელსაც "მიდოუზი" (ცნობილი სარეაბილიტაციო ცენტრი არიზონას შტატში, რომელიც სპეციალიზდება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, სხვადასხვა ნერვული სტრესის მკურნალობაზე) ერქვა. იქაურობა უფრო ციხეს მომაგონებდა, ვიდრე სარეაბილიტაციო ცენტრს. პირველ რიგში, სხვადასხვა წამლით გამჭყიპეს. იქ ყველანი მსუქნები და აუჩქარებლები იყვნენ. თუ ჩხუბი მოგიწევდა, მათ ორი საათი სჭირდებოდათ საქმეში ჩარევისთვის.

მაშ ასე, მათ უამრავი წამალი მიმაღებინეს და ნარკოლოგებთან გასაუბრებაზე წამიყვანეს. მე კი მეგონა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი - ეს არის ადგილი, სადაც, უბრალოდ, უსაქმურობ და ტელევიზორს უყურებ, სანამ შენი დრო არ გავა. არ ვიცოდი, თუ მომიწევდა საუბარი ჩემს შორეულ წარსულზე და ფსიქიკურ ტრავმებზე. ამ შეშლილმა და მომაბეზრებელმა ნაბიჭვრებმა სული ამომხადეს საკუთარი შეკითხვებით:

- დიდი ხანია ნარკოტიკებს იღებთ?
- რომელ ნარკოტიკს იღებდით?
- რომელმა გარე გარემოებებმა გამოიწვია ნარკოტიკების გამოყენება?
- როგორი იყო ბავშვობაში თქვენი საშინაო ცხოვრება?
- შემთხვევით, ჰომოსექსუალი ხომ არ ხართ?

ჯანდაბა, ეს ბიჭები შეუსვენებლივ მამუშავებდნენ! ამ ბიჭს, რომელსაც არ ვიცნობდი და არ ვიცი, რომელი საჯდომიდან გამოძვრა, ეგონა, რომ მის ყველა პირად შეკითხვას ვუპასუხებდი. არ მინდოდა მასთან ამ საკითხების განხილვა.

- იცი რა? წადი შენი, ნაბიჭვარო! თქვენი დედაც! - ვთქვი მე. - როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს, თავხედო!

მეორე დღეს იქიდან წავედი.

XV თავი
ერთი კვირის შემდეგ სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში დავრეგისტრირდი, ტუსონში. მერილინი მომკლავდა, სამკურნალოდ რომ არ დავბრუნებულიყავი. ის შეიძლებოდა თბილ, უწყინარ ქალად მოგჩვენებოდა, მაგრამ ასეთი არ იყო. არ მომცა დანებების უფლება. მკაცრი, ენერგიული დასჯა მომიწყო.

მან თქვა: "არა, არა, ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ". სწორედ მაშინ დავინახე ის სხვა მხრიდან: მის თვალებში ნაპერწკალი გამოკრთოდა. მისთვის ეს არა გართობა, არამედ ნამდვილი საქმე იყო. ამიტომაც ფინიქსში კიდევ ერთი მცდელობა მქონდა.

მეორე სარეაბილიტაციო ცენტრში ადამიანები მომეწონნენ. დავუახლოვდი ერთ ახალგაზრდა შეძლებულ გოგონას, რომელიც მოდელიერის პროფესიაზე სწავლობდა. სრულიად გამოფიტული იყო ჰეროინისადმი მიდრეკილების გამო.

იქაც პრობლემები შემექმნა, რადგან ვიღაცამ ჩემს გრძნობებზე ითამაშა, ჩემ შესახებ მოუყვა ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს. ამიტომაც გამოვლანძღე ისინი. ვთქვი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი და ყველანი შეშინდნენ, რადგან მიჩვეულნი არ იყვნენ ზანგისგან ასეთ ლაპარაკს. იქაურმა თანამშრომლებმა მითხრეს: "უნდა წახვიდეთ, ყველა შეშინებულია". ამიტომაც დავურეკე გოგოს, რომელსაც იქ ვხვდებოდი. მოვიდა და ჩემს მდგომარეობაში შევიდა. ამის შემდეგ იქიდანაც წამოვედი.

ფინიქსი - კონსერვატული ქალაქია, სადაც მკაცრი წესებით ცხოვრობენ. როცა აქ ანტინარკოტიკულ სარეაბილიტაციო პროგრამას გადიხარ, შესაძლოა, რასისტული ქედმაღლობა იგრძნო ამ გამოცდილი ექიმებისგან, არადა, წესით, შენი დახმარება ევალებათ.

მათთვის ზანგის სიმბოლო ვიყავი. პერსონალს სტერეოტიპული წინასწარ შექმნილი წარმოდგენა ჰქონდა შავ ადამიანებზე და განსაკუთრებით, შავ სპორტსმენებზე. მთავარი ადმინისტრატორი იმდენად თავხედი აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ მითხრა:

- აქ სხვა სპორტსმენებიც იყვნენ და მათაც ეკეთათ სამკაულები, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ყველას დასანახად არ ისვრი ფულს მარცხნივ და მარჯვნივ.

- იმიტომ, რომ ფული საერთოდ არ მაქვს, - მშრალად ვუპასუხე.

დავიჭირე მისი რემარკის დაფარული აზრი. მან არ გამოიყენა სიტყვა "შავები", მაგრამ სწორედ ამას ფიქრობდა.

მერილინი ამ ყველაფერს ხედავდა და მუდმივად ცდილობდა, ჩემთვის ისეთი ადგილი ეპოვნა, სადაც დახმარებას აღმომიჩენდნენ. მაგრამ იმ დროს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა. ეს იყო 2006 წლის შობა და გადავწყვიტე, დღესასწაული არიზონაში "თოვლის შობად" (ამ შემთხვევაში სიტყვების თამაში: მაიკ ტაისონს მხედველობაში აქვს შობის აღნიშვნა კოკაინის გამოყენებით. ამ ნარკოტიკს სლენგზე "თოვლს" ეძახიან) მექცია. სანამ ჩემს თანაშემწეს, დერილს მეორე ოთახში ეძინა, სახლიდან გავაღწიე, ჩემს BMW-ში ჩავხტი და ბარ "პუსიკეტ ლაუნჯში" წავედი. იქ ადმინისტრატორი ვიპოვე - სექსუალური აღმოსავლეთევროპელი გოგონა, რომელიც ყოველთვის მომწონდა.

- სად ვიშოვო თეთრი ფხვნილი? - ვკითხე მას.
- ერთ წუთში შემიძლია მოვიტანო, - მიპასუხა მან.
სამი პატარა პლასტიკური პაკეტით დაბრუნდა. თითოში ერთი გრამი კოკაინი იყო.
შემდეგ ძალიან გამაკვირვა, როცა ასეთი რამ მკითხა:
- ჩემთვის ცოტა შეიძლება?
არასოდეს ყოფილა მცირედი მინიშნებაც კი იმისა, რომ ეს გოგონა ჩემ მიმართ ინტერესს გამოხატავდა. ოფისში მივედით და რამდენიმე ბილიკი მოვიმზადეთ.
- მაიკ, ნასვამი ხართ, - აღნიშნა მან. - ხომ არ გინდათ, სადმე წაგიყვანოთ?
- არა, ყველაფერი წესრიგში მაქვს, - უარი ვთქვი მე.

ვერ ვიჯერებდი, რომ ასე ვთქვი. ეს იყო ჩემი შანსი - მომეპოვებინა გოგო, რომელსაც ამდენი წელი გარს ვუვლიდი. მაგრამ ჩემი ეშმაკები ამოქმედდნენ. გავიფიქრე: "არ მივცემ უფლებას, სადმე წამიყვანოს. მას, უბრალოდ, ჩემი კოკაინი უნდა. წავიდეს ეს ძუკნა!" მინდოდა ჩემი ოცნების გოგოსთან - "თეთრ ფხვნილთან" განმარტოვება. უბრალოდ, ეგოისტური ვიყავი კოკაინის მიმართ. შემეძლო წავსულიყავი სახლში გოგოსთან ერთად, რომლის მოპოვებასაც ამდენი ხანი ვცდილობდი, მაგრამ არ მოვისურვე მასთან კოკაინის გაყოფა.

ამიტომაც მარტო ჩავჯექი მანქანაში. მაშინვე გადმოვყარე კოკაინის დიდი ნაწილი კონსოლზე, შემდეგ ამოვიღე ერთი ღერი სიგარეტი, იქიდან ნახევარი თუთუნი გადმოვყარე და კოკაინით შევავსე. რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და სახლში წავედი.

უნდა ვაღიარო, რომ მაინცდამაინც მოხერხებული მძღოლი არ ვარ, მაშინაც კი, როცა ფხიზელი გახლავართ. გზაზე ზოლებს უსისტემოდ ვიცვლიდი და ასე ჩავუარე პოლიციის სიფხიზლეზე შემოწმების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. მე ის ვერ დავინახე, მაგრამ პოლიციელებმა შეამჩნიეს, როგორ ვატარებდი მანქანას და უკან გამომყვნენ. ჯერ "სტოპის" ნიშანზე გავიარე, შემდეგ კინაღამ პოლიციის მანქანას დავეჯახე. გამაჩერეს. როცა პოლიციელი ჩემს მანქანას მოუახლოვდა, სწრაფად ვცადე კოკაინის გადაწმენდა კონსოლიდან, მაგრამ მისი ტყავის ზედაპირი ხაოიანი იყო, ამიტომაც კვალის მოსპობა არ გამომივიდა.

ფანჯარა ჩამოვწიე. პოლიციელმა მართვის მოწმობა და მანქანის დოკუმენტი მომთხოვა. მიცნო, შემდეგ კი დაინახა ეს ნაგავი კონსოლზე.

- მაიკ, ვერ ვიჯერებ ამ საზიზღრობას! - თქვა მან.

მანქანიდან გადმომიყვანა და ადგილზე ჩაატარა რამდენიმე ალკოტესტი, რომლის გავლა ვერ შევძელი, რადგან მთვრალი ვიყავი. მან გამჩხრიკა და შარვლის ჯიბეში ორი სხვა პაკეტი აღმოაჩინა. ცოტა ხანში, პოლიციელებმა ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლი მოიყვანეს და მან მანქანაში დარჩენილი კოკაინიც აღმოაჩინა.

დამაპატიმრეს.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული