საკრივო ამბები: კლიჩკო 10 დეკემბერს

AutoSharing Option
ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან შეხვედრის მეორედ გადადების შემდეგ, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ ბრძოლის ახალი თარიღი დაასახელა - 10 დეკემბერი.

შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კლიჩკომ 10 დეკემბრისთვის დაჯავშნა ჰამბურგის Barclaycard Arena. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა უკრაინელი 10 დეკემბერისთვის კიდევ ერთხელ ფიურისთან მატჩ-რევანშის ორგანიზებას თუ სხვა მეტოქეს აირჩევს.

ამ ინფორმაციის კომენტარისას, კლიჩკოს მენეჯერი ბერნდ ბენტე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.

"ვლადიმირი იმედგაცრუებულია იმით, რომ ამ ბიჭმა კიდევ ერთხელ გააუქმა ბრძოლა. ფაქტობრივად, ფიურის ყველანი მძევლებად ვყავართ აყვანილი. ამასთან, კლიჩკო აგრძელებს ვარჯიშებს.
მალე ერთი წელი გავა მისი ბოლო ბრძოლიდან", - განაცხადა ბენტემ.

* * *
ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი რიკარდო მაიორგა (31-9-1, 25KO) დიდ რინგზე დაბრუნებისთვის ემზადება.

სკანდალური ნიკარაგუელი მოკრივის მომავალი მეტოქე არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია ბრძოლის სავარაუდო თარიღი - მაიორგას მორიგ დაბრუნებას დეკემბერში უნდა ველოდოთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკარაგუელი კარიერას ანახლებს. 2011 წელს, მიგელ კოტოსთან წაგების შემდეგ, მან რინგიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, 2014 წელს, მოკრივემ დიდ სპორტში დაბრუნება სცადა. მაშინ მან ორი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა ნაკლებად ცნობილ მოკრივეებთან, რის შემდეგაც მობერებულ ვარსკვლავს შეინ მოსლის დაუპირისპირდა და ნოკაუტით წააგო. ეს ბრძოლა გასული წლის აგვისტოში გაიმართა და მას შემდეგ, მაიორგა რინგზე აღარ გამოჩენილა. ოქტომბერში ნიკარაგუელი 43 წლის გახდება.

* * *
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის მამამ განაცხადა, რომ სჯერა პროფესიულ რინგზე თავისი ვაჟის დაბრუნების.

" იმის შესახებ მინდა მოგითხროთ, რაც მე თავად არ ვიცი. მაგრამ მჯერა, რომ ჩემი შვილი დაბრუნდება და კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს. უფრო მეტ ბრძოლაზე არ ვლაპარაკობ, რადგან დღეს ლაპარაკია მარჩიანოს რეკორდის დამხობაზე (49-0, 43KO). ვფიქრობ, ფლოიდს შეუძლია ამის გაკეთება.

ჩემი ვაჟი მალე 40 წლის გახდება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ კარგად უნდა შევამოწმოთ ის და მეტოქის შერჩევას ჭკუით მივუდგეთ", - განაცხადა ფლოიდ მეივეზერ-უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ფლოიდ მეივეზერმა კარიერა გასული წლის შემოდგომაზე დაასრულა და მას შემდეგ, უამრავი ჭორი ვრცელდება მისი რინგზე დაბრუნების შესახებ. თუმცა, თავად ექს-ჩემპიონი ყველა ინტერვიუსა და კომენტარში ამტკიცებს, რომ დიდ სპორტში დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული