- ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - გვითხრა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა. - მწვრთნელების - ბეჟან ჭიჭინავას, ილია ტლაშაძისა და გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით, ბიჭებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ბორჯომში გაიარეს. მათ ეხმარებოდნენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები -
მთავარი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ექცეოდა. ცხადია, რინგზეც ინტენსიურად მუშაობდნენ - თითოეული ვარჯიში ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
ახლა ნაკრების წევრები თბილისში კრივის კლუბ დკდ-ში განაგრძობენ წვრთნას. მზადებაში მთელი მწვრთნელთა საბჭოა ჩართული, რომ მოკრივეთა ენერგიის სწორად განაწილება და რინგამდე უშეცდომოდ მიყვანა შევძლოთ.
ეს ბიჭები წლეულს ანაპაში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. ესკერხან მადიევმა ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა, სახილ ალახვერდიევმა და ოთარ ნავერიანმა მხოლოდ გადამწყვეტი ორთაბრძოლები დათმეს და მეორე ადგილებზე გავიდნენ, გიორგი ჭიღლაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ნიკოლოზ ბეგაძე ახალგაზრდებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონია.
ასე რომ, ამ მოკრივეებს გამოცდილებაც აქვთ და მოტივაციაც, ნევისპირა ქალაქში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლონ. დარწმუნებული ვარ, საამისოდ არაფერს დაიშურებენ, მით უმეტეს, რომ გაისად ისინი უფროსებში გადაინაცვლებენ. ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"