ელენა ისინბაევა სპორტიდან გამარჯვებით წავიდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ დღეს მთავარი ყურადღება ქალებს შორის ჭოკით ხტომისკენ იყო მიპყრობილი. ამ სახეობის ლეგენდამ, რუსმა ელენა ისინბაევამ პლანეტის პირველობამდე დიდი ხნით ადრე განაცხადა, რომ ეს შეიძლება ბოლო სტარტი ყოფილიყო მის კარიერაში. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ ისინბაევა მოსკოვის სტარტის შემდეგ ერთწლიან პაუზას აიღებდა.

ისინბაევა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა ამ ტურნირზე 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება. მან ჩააგდო ბოლო სამი დიდი სტარტი - პლანეტის ორი პირველობა და ლონდონის თამაშები. ამიტომაც 13 აგვისტოს ელენა არ მიიჩნეოდა
აბსოლუტურ ფავორიტად. სეზონის საუკეთესო შედეგი კუბელ იარისლეი სილვას ჰქონდა, ამერიკელი ჯენიფერ სური კი ლონდონის ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია, თან ზამთარში ისინბაევას დარბაზებისთვის მსოფლიოს რეკორდი წაართვა.

ისინბაევამ პირველი ნახტომის შემდეგ გაირთულა საქმე, რადგან პირველ ცდაზე ვერ აიღო 4.65 მეტრი, მისმა კონკურენტებმა კი ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთეს. შემდეგი სიმაღლე იყო 4,75 მეტრი. ნამდვილი ბრძოლა სწორედ აქედან დაიწყო. ისინბაევას, სურსა და გერმანელ შპიგელბურგს პირველივე ცდა წარმატებული გამოუვიდათ. რუსი მესამეზე იყო, რადგან ერთი ზედმეტი ცდა ჰქონდა გამოყენებული.

4,82 მეტრზე ისინბაევამ პირველი ცდა გააფუჭა, მაგრამ მეორე ნახტომი გამოუვიდა. თუმცა ეს კვლავ არ იყო საკმარისი გამარჯვებისთვის, რადგან სურმაც დაიპყრო ეს სიმაღლე და ლიდერობა შეინარჩუნა.

კულმინაცია შემდეგ სიმაღლეზე - 4.89 მეტრზე მოხდა. რუსი პირველი გავიდა სექტორში და მაშინვე ბრწყინვალე ნახტომი შეასრულა, მაგრამ ეს ჯერ არ იყო ჩემპიონობა, რადგან სამ-სამი ცდა უნდა შეესრულებინათ სურსა და სილვას. ვერც ერთმა ამ სიმაღლის აღება ვერ მოახერხა და ელენა ისინბაევა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა.

ამის შემდეგ მან 5,07 მეტრი შეუკვეთა და თავისივე მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება სცადა, მაგრამ სამივე ცდა წარუმატებელი გამოუვიდა, მაგრამ მაინც, იმ საღამოს გმირი სწორედ ეს ბრწყინვალე სპორტსმენი იყო.

ჭოკით ხტომა
1. ელენა ისინბაევა (რუს) 4,89
2. ჯენიფერ სური (აშშ) 4,82
3. იარისლეი სილვა (კუბ) 4,82

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელენა ისინბაევამ კარიერის დასრულება გამოაცხადა
მკითხველის კომენტარები / 1 /
არსად არ წასულა,ის დეკრეტულ სჰვებულებაში გავიდა ორი წლით,ასე გამოაცხადა ევრო სპორტმა დღეს რუსულ ენაზე
sano
10:19 14-08-2013
0

სიახლეები პოპულარული