მსოფლიოს ჩემპიონატი: და მაინც ბოლტი!

AutoSharing Option
პეკინში ორი დღეა რაც დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში და გუშინ, მეორე დღეს მთავარი ფინალი გაიმართა. 100 მეტრზე კაცების გადამწყვეტ გარბენში, იამაიკელ ლეგენდას უსაინ ბოლტს თითქმის ყველა გარანტირებულად წაგებას უწინასწარმეტყველებდა ამერიკელ ჯასტინ გეტლინთან ბრძოლაში.

ბოლო ორი წლის განავლობაში, გეტლინს არც ერთი სტარტი არ ჰქონდა წაგებული, გასული სეზონი საუკეთესო შედეგებით დაასრულა 100 და 200 მეტრზე რბენაში, მიმდინარე სეზონში კი ორივე დისტანციაზე საუკეთესო დროის მფლობელია. ბოლტს კი სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ორ წელიწადში მხოლოდ სამი ოფიციალური სტარტი ჰქონდა (ესტაფეტების გამოკლებით): ამა წლის 19
აპრილს, რიო-დე-ჟანეიროში 100 მეტრი მოკრძალებული 10.12-ით მოიგო, ერთი თვის შემდეგ, ოსტრავაში 200 მეტრზე 20,13-ით გაიმარჯვა, დაბოლოს, 24 ივლისს, ლონდონში 100 მეტრზე 9.87 წამი დააფიქსირა. ლოგიკის მიხედვით, ჩემპიონი გეტლინი უნდა გამხდარიყო.

ამერიკელის ფავორიტობა კიდევ უფრო გაამყარა ნახევარფინალურმა გარბენებმა. ბოლტმა სტარტზე შეცდომა დაუშვა და ძვირფასი დრო დაკარგა. იამაიკელს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ გვერდით ბილიკზე მორბენალ ჩინელ ბინტიან სუს დაწეოდა და მოეგო თავისი გარბენი - 9.96 წამი. საბედნიეროდ, იამაიკელი ფინალში გავიდა, რაც შეეხება გეტლინს, მან ძალიან იოლად და ბრწყინვალე დროით გაიმარჯვა - 9.77 წამი, რაც ნახევარფინალებში ისტორიაში აბსოლუტურად საუკეთესო შედეგია. საკითხი ასე იდგა: რამდენი ხანი იქნება ბოლტი ჩემპიონი - ორი საათი თუ მინიმუმ ორი წელი?

ორი საათის შემდეგ, ფინალის დროც დადგა. იამაიკელი სულაც არ ტოვებდა წაგებისთვის განწირული ადამიანის შთაბეჭდილებას, პირიქით, იღიმოდა, კამერაზე მუშაობდა, ხუმრობდა. გეტლინი კი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო.

ცნობილია, რომ უსაინის მთავარი სუსტი წერტილი სტარტია, მაგრამ, ამჯერად, კარიერაში სასტარტო ნიშანზე საუკეთესო რეაქცია ჰქონდა - 0.006 წამით უკეთესი, ვიდრე გეტლინს. მიუხედავად ამისა, ამერიკელი მაინც დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს ვიხილეთ უსაინის საფირმო აჩქარება და მორიგი გამარჯვება - ყველაზე რთული კარიერაში. სხვაობა ბოლტსა და გეტლინს შორის მხოლოდ 0.01 წამი აღმოჩნდა.

ბოლტი პირველი მძლეოსანი გახდა ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ცხრა ოქროს მედალი შეაგროვა. აქამდე, რვა-რვა ოქრო ჰქონდათ ლეგენდარულ ამერიკელებს - კარლ ლუისსა და მაიკლ ჯონსონს.

ბოლტის დიადი მოგებები:
მს. ჩემპიონატი-2015 9,79 პეკინი
მს. ჩემპიონატი-2015 9,77 მოსკოვი
ოლიმპიადა-2012 9,63 ლონდონი
მს. ჩემპიონატი-2009 9,58 ბერლინი
ოლიმპიადა-2008 9,69 პეკინი

* * *
ჩემპიონატის პირველ დღესაც არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. ტრადიციულად, პირველი ჩემპიონი მამაკაცებს შორის მარათონში გამოვლინდა და აქ ისტორიული შედეგი ვნახეთ - 19 წლის ერითრიელი მარათონელი გიმრაი გებრესელასიე ამ დისციპლინაში ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. მან ფინიშამდე დიდი ხნით ადრე მოიპოვა კომფორტული უპირატესობა და დროშით ხელში დაასრულა დისტანცია. 40 წამი წააგო მასთან ეთიოპიელმა ემანე ტსეგაიმ, ხოლო ბრინჯაო ერგო უგანდელ სოლომონ მუტაის.

პირველ დღეს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ცნობილი ბრიტანელი მო ფარა, რომელიც, ბოლო დროს, არაერთ სკანდალში გაეხვა, მაგრამ დოპინგის მიღება მაინც ვერ დაუმტკიცეს. 10 ათას მეტრზე რბენაში, წარმოშობით სომალელის მეტოქეები კენიელები იყვნენ. მათ სამი მორბენალი ჰყავდათ ფინალში, ამიტომაც, შესაძლებელი იყო გუნდური ტაქტიკის გამოყენებით ფარას დამარცხება.

პირველ წრეებზე ბრიტანელი ლიდერთა შორის მოექცა, მაგრამ პირველ ადგილზე არ გადადიოდა. ფინიშამდე ორი წრით ადრე ჩამოყალიბდა ლიდერთა ხუთკაციანი ჯგუფი - ფარა, სამი კენიელი და ამერიკელი გელენ რაპი. ფავორიტი ლიდერად ფინიშამდე 500 მეტრით ადრე გავიდა, რათა კენიელთა მარწუხებში არ მოქცეულიყო. ორი კონკურენტი მას გამოეკიდა, მაგრამ ფარამ ფართო ნაბიჯებით პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

კაცები
მარათონი
1. გიმრაი გებრესელასიე (ერით) - 2.12,27; 2. ემანე ტსეგაი (ათი) - 2.13,07; 3. სოლომონ მუტაი (უგა) 2.13,29...
10 000 მ.
1. მო ფარა (ბრიტ) - 27.01,13; 2. ჯეფრი კიპსაგნ კამვორორი (კენ) - 27.01,76; 3. პოლ ტანუი (კენ) 0 27.02,83...
სიარული. 20 კმ
1. მიგელ ანხელ ლოპესი (ესპ) - 1:19.14; 2. ვან ჟენი (ჩინ) - 1:19.29; 3. ბენჯამინ ტორნი (კან) - 1:19.57...
უროს ტყორცნა
1. პაველ ფაიდეკი (პოლ) - 80.88; 2. დილშოდ ნაზაროვი (უზბ) - 78.55 ; 3. ვოიცეხ ნოვიცკი (პოლ) - 78.55...
ბირთვის კვრა
1. ჯო კოვაჩი (აშშ) - 21.93; 2. დავიდ შტოროლი (გერ) - 21.74; 3. ო'დეინ რიჩარდსი (იამ) - 21.69...
100 მ.
1. უსაინ ბოლტი (იამ) - 9.79; 2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 9.80; 3. ტრეივონ ბრომელი (აშშ) - 9.92; 4. ანდრე დე გრასი (კან) - 9.92; 5. მაიკ როჯერსი (აშშ) - 9.94; 6. ტაისონ გაი (აშშ) - 10.00; 7. ასაფა პაუელი (იამ) - 10.00...

ქალები
ბირთვის კვრა
1. კრისტინა შვანიცი (გერ) - 20,37; 2. გუნ ლიძაო (ჩინ) - 20,30; 3. მიშელ კარტერი (აშშ) - 19,76...
შვიდჭიდი
1. ჯესიკა ენისი (ბრიტ) - 6669; 2. ბრიან ტეისენ იტონი (კანადა) - 6554; 3. ლაურა იკაუნიცე (ლატ) - 6516...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული