ამ დისციპლინებში ქართველი სპორტსმენის უმედლოდ დარჩენა არბიტრების სინდისზეა. საკმარისია, საამისოდ სალომეს "რაჭულის" ვიდეოჩანაწერს უყურო: ფაჟავას გამოსვლის პირველსავე წამებში იფეთქა დარბაზმა. მქუხარე ტაში და ოვაციები გურზებით ასპარეზობის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელისო ბედოშვილმა მოსკოვური შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:
-
შეჯიბრებამ ბევრი ახალი სახე გამოავლინა. უპირველესად, ტყუპი რუსი დები - ავერინები და კარინა კუზნეცოვა უნდა გამოვყოთ.
სიახლეების ფონზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სალომეს ახალმა პროგრამებმა ბურთითა და ლენტით ვარჯიშში. სპეციალისტებმა აკი აღნიშნეს კიდეც - ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში ორიგინალური ელემენტები შემოიტანაო. ეს ჩვენი ჯგუფის (ნელი სალაძე, ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე, მერიემ ჯანტეზი-ვ.დ.) შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი შეფასებაა.
ბურთით ვარჯიშში ბალეტის ილეთები ჩავრთეთ. სპეციალისტებისა და ქომაგებისთვის ეს უცხო იყო, რადგან აქამდე არავის გაუკეთებია. ლენტით ვარჯიშისთვის დინამიკური როკ-მუსიკა შევარჩიეთ, რაც კარგად ეხამება სალომეს ხასიათს.
მსოფლიო მხატვრულ ტანვარჯიშში როკი აქამდე მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონ მარგარიტა მამუნს ჰქონდა, ამიტომ ესეც გარკვეულწილად უცხოა და თვალშისაცემი, იმის მიუხედავად, რომ ახალი პროგრამები ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე დახვეწილი და გრან პრისთვის მოსამზადებლად სათანადო პირობებიც არ გვქონდა.
- "რაჭულსა" და რგოლით ვარჯიშზე რას იტყვით?
- გურზებით გამოსვლისას სალომემ პირველი ბრუნიდანვე აიყოლია დარბაზი. სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს ძალიან უყვართ "რაჭული" და მათი თხოვნით დავტოვეთ იგი ოლიმპიადისთვის. კარგი იქნებოდა, მსაჯებს ობიექტურად შეეფასებინათ ფაჟავას ეს გამოსვლა.
რგოლით ვარჯიშის მსგავსად, სალომე გურზებითაც იმსახურებდა მედალს. ეს აღნიშნეს კიდეც რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა ირინა ვინერმა და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგენია კანაევამ, რომლებმაც სალომეს გრან პრიზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს. კანაევამ ისიც გვკითხა, ვარჯიშებს ვინ გიდგამთო. რომ გაიგო, ჩვენი ჯგუფის შემოქმედება იყო, გაუკვირდა. ვინერმა დაამატა - ნელის სკოლა ორიგინალობით ყოველთვის გამოირჩეოდაო.
- სამომავლოდ რას აპირებთ?
- ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის წევრის, ამერიკელი ქერლაინ ჰანთის მიწვევით მე და სალომე პირველ მარტს სოლტ ლეიკ სიტიში გავემგზავრებით ერთობლივ 10-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე.
მოსკოვურმა შეჯიბრებამ დაგვანახვა ის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელი იქნება ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც ივლისში ისრაელი უმასპინძლებს. თუმცა მანამდე ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრებაც გველის: 22 მარტს საფრანგეთში გრან პრი, ხოლო პირველ აპრილს იტალიურ პეზაროში მსოფლიოს თასის ეტაპია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ტურნირებზე სალომე კარგად გამოვიდეს და, რაც მთავარია, რიოს ოლიმპიადისთვის მომზადების პიკზე იყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"