ვენერა ზარიპოვა: საქართველო და ქართველები ნელი სალაძემ შემაყვარა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნელი სალაძე და ვენერა ზარიპოვა შეგირდებთან
გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში, როცა მსოფლიო მხატვრული ტანვარჯიშის კაბადონზე ჯერ კიდევ ბრწყინავდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ირინა დერიუგინა, ირინა გაბაშვილი, გალიმა შუგუროვა, ირინა დევინა და სხვები, ვენერამ ამოანათა - ახალგაზრდა მწვრთნელ ირინა ვინერის 12 წლის შეგირდმა, უზბეკმა ვენერა ზარიპოვამ, რომელმაც მისწი-მოსწია ლიდერები და თანატოლებთან ერთად გზა გაიკაფა მწვერვალებისკენ და მხატვრული ტანვარჯიშის გაახალგაზრდავებას ჩაუყარა საფუძველი.

მერე, როგორი კონკურენტები ჰყავდა? - გალინა ბელოგლაზოვა, დალია კუტკაიტე, მარინა ლობაჩი... მათთან პაექრობაში მან
ოთხჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო სხვადასხვა საგანში, ხუთჯერ მეორე და სამჯერ მესამე ადგილი დაიკავა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა ერთხელ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა, გუნდურში ევროპის ჩემპიონი და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორია.

ვენერა ზარიპოვა, რომელსაც მედლებთან ერთად არაერთხელ რგებია "მის ტურნირის" ტიტული, რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფება. გუშინ მას ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის დარბაზში შევხვდით, სადაც სიცივისგან გათოშილები, მაგრამ ფერიებივით ლამაზი ნორჩი ტანმოვარჯიშეები - ქართველები და ებრაელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

- ბევრ ტურნირზე მიმიღია სილამაზის პრიზი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი 1985 წელია, - გვითხრა სტუმარმა, რომელმაც აქტიური კარიერის წლები გაიხსენა. - მაშინ არგენტინის საერთაშორისო შეჯიბრებაში პირველი ადგილი დავიკავე და "მის ტურნირის" პრიზიც მომანიჭეს. დაჯილდოება ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა, სადაც მასპინძელთა გუნდი, მგონი, ბრაზილიელებს ხვდებოდა. ქომაგებით გადაჭედილი ტრიბუნების წინ ტაიმებს შორის შესვენებისას გამარჯვება მომილოცა და ვარდების დიდი თაიგული თვით მარადონამ გადმომცა.

- საქართველოს როდის ეწვიეთ პირველად?
- 1978 წელს. მაშინ მე და ჩემი მწვრთნელი ირინა ვინერი ეშერაში ჩავედით საკავშირო შეკრებაზე. შესანიშნავი ბაზა იყო. პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ ქართველების ჩემდამი გულთბილ დამოკიდებულებას დღემდე ვერ ვივიწყებ. 1981 წელს საბჭოთა კავშირის თასზე თბილისის სპორტის სასახლეში ვიასპარეზე. პირთამდე სავსე ტრიბუნების დანახვისას შევკრთი, მაგრამ პირველი საგნით გამოსვლისთანავე შიში გამიქრა - მაყურებლები ჩემ მიერ შესრულებულ ყოველ ეფექტულ ილეთს მქუხარე ტაშითა და ოვაციებით ხვდებოდნენ. ეს ყველაფერი საოცარი სანახავი იყო და ახლაც თვალწინ მიდგას.

თბილისი მას შემდეგ ჩემთვის მშობლიური ქალაქი გახდა. თუმცა საქართველო და ქართველები მაინც მსოფლიო მნიშვნელობის მწვრთნელმა და არაჩვეულებრივმა პიროვნება ნელი სალაძემ შემაყვარა. მე და ვინერი ერთად პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდით, ტაშკენტიდან ხშირად ჩამოვდიოდით ქალბატონ ნელისთან, რომ მისგან რჩევა-დარიგებები მიგვეღო. ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენი მეგობრობაც იქიდან იღებს სათავეს.

სასიამოვნო იყო ნელი სალაძესთან მუშაობა, ადამიანთან, რომელმაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიო მხატვრულ ტანვარჯიშში ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი. დასტურად ირინა გაბაშვილის ბურთით შესრულებული "მომაკვდავი გედიც" კმარა. ეს ნამდვილი გედის სიმღერა იყო და მისი ასე შესრულება, არა მგონია, მსოფლიოში ოდესმე ვინმემ შეძლოს. ირამ ეს შედევრი ქალბატონ ნელის ხელმძღვანელობით შექმნა.

მუხლჩაუხრელი მწვრთნელი ყოფილ შეგირდებთან ერთად ახლაც აქტიურად ეძებს ტალანტებს, რომ ირა გაბაშვილის, ირა ჟემჩუჟინას, სალომე ფაჟავას და სხვათა მსგავსი ჩემპიონები გამოძერწოს. დღევანდელი შეჯიბრებაც ამის თვალსაჩინო მაგალითია. უამრავი ნიჭიერი მოზარდი ვიხილე სარბიელზე - მოქნილები, სხარტები, ლამაზები. მათ დიდი მომავალი ელით, თუ სათანადო ხელშეწყობა ექნება.

- როგორც ვხედავ, მხატვრული ტანვარჯიშისთვის ზურგი არ შეგიქცევიათ.
- 23 წლის წინათ ისრაელში გავთხოვდი. ქალაქ რამათგანში ვცხოვრობ. სამი შვილი მყავს, უფროსი 21 წლისაა. რაც შეეხება მხატვრულ ტანვარჯიშს, ბავშვობის სიყვარულს, აბა, როგორ ეღალატება. მოზარდებს ვავარჯიშებ, შეჯიბრებებზე დამყავს. წლეულს მეხუთედ ჩავატარე საერთაშორისო ტურნირი "ვენერას თასი". 12 ქვეყნის წარმომადგენლები გვესტუმრნენ, მათ შორის - ქართველები.

ჩემს საყვარელ პიროვნებას, შეუდარებელ პედაგოგს, შესანიშნავ ხელმძღვანელსა და ორგანიზატორს, ქალბატონ ნელი სალაძეს ვთხოვე, კონტაქტები გაგვემყარებინა. ძალიან მინდოდა, ჩემი შვილებისა და შეგირდებისთვის გამეცნო საქართველო და ქართველები. ამიტომ ჩამოვედით თბილისში. თან აქაური მწვრთნელების რჩევა-დარიგებებიც არ გვაწყენდა. ვეცდებით, ორმხრივი კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდეს, რაც ორივე ქვეყნის ტანმოვარჯიშეებს წაადგებათ...

ნელი სალაძე:
- ირინა ვინერს ჯერ კიდევ სპორტსმენობის დროიდან ვიცნობდი, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, რაც მეგობრობაში გადაიზარდა მას შემდეგ, მწვრთნელობა რომ დავიწყეთ. იგი შეგირდებთან ერთად საქართველოს ხშირად სტუმრობდა. მოსწონდა ჩვენი ლამაზი გოგონები და მათი შესრულებული ვარჯიშები.

იმის მიუხედავად, რომ კონკურენტები ვიყავით, შეჯიბრებებზე ირა და მისი მოსწავლეები, რომელთა შორის ორიგინალური მოძრაობებით ვენერა ზარიპოვა გამოირჩეოდა, მქუხარე ტაშით აჯილდოებდნენ ჩვენს გოგონებს, რაც მაშინ იშვიათობა იყო. იმ პერიოდიდან გვაქვს ახლო ურთიერთობა ვენერა ზარიპოვასთან, რომელიც დღეს სამი შვილის ბედნიერი დედა და ნიჭიერი მწვრთნელია. უყვარს საქართველო და სურს, რომ შვილებსა და მოსწავლეებსაც შეაყვაროს ჩვენი ქვეყანა.

რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში ჩავატარეთ, სტუმრებს დავათვალიერებინეთ თბილისის ღირსშესანიშნაობანი, ვიყავით მცხეთასა და ჯვარზე. ისინი ჩვენთან 24 ოქტომბრამდე დარჩებიან. ერთობლივი წვრთნა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენერა ძალიან კარგი სპორტსმენი იყო და სასიამოვნოა,რომ ძველი მეგობრობა გრძელდება.
ქალბატონ ნელის კი ვუსურვებ რკინის ჯანმრთელობას
დიდხანს სიცოცხლეს და ქართული ტანვარჯიშის იმაზე მაღალ დონეზე აყვანას,ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და საეხლაოდ კი გათბობას დარბაზში.
სოსო
12:25 25-10-2016
0

სიახლეები პოპულარული