ქართველი მსროლელების მარცხიანი დასასრული

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჩვენმა დუეტმა წარუმატებლად დაასრულა გამოსვლა კორეულ ჩანჯოუში.

ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის რიგით პირველ ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერც ნინო სალუქვაძე და ვერც ლევან ქადაგიძე ფინალში ვერ მოხვდნენ.

თუმცა, ქადაგიძისგან განსხვავებით, სალუქვაძეს რვა საუკეთესოში მოსახვედრად სულ ერთი ქულა დააკლდა - 381 დააგროვა, როგორც მონღოლმა ბაირმაა ტუმურჩუდურმა, ავსტრალიელმა მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ლოლიტა იევლევსკაიამ და რუსმა კატერინა კორშუნოვამ.

დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენებური ამათგან მხოლოდ მონღოლს ჩამორჩა და მეათე ადგილზე გავიდა. მან ყველაზე უკეთ პირველ სერიაში ისროლა, როცა მხოლოდ ორჯერ
დააცილა 10-იანს და 98 ქულა დააგროვა. მერე და მერე კი უკლო შედეგებს - 96, 93 და 94.

ქადაგიძე 564 ქულით 33-ზე გავიდა. მისი გამოსვლის დინამიკაც სალუქვაძის ანალოგიურია, ანუ თავიდან საკუთარი შედეგის კვალობაზე კარგად დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად მოუკლო - პირველივე სერიაში 10-დან 8 ტყვია 10-იანში ჩასვა და 97 ქულა დააგროვა.

არა უშავდა მომდევნო სამ სერიასაც, სადაც 95-95 აჩვენა, მაგრამ შემდგომში 92-ს და 90-ს დასჯერდა.

კორეულ ტურნირს თითო-ოროლა ცნობილი მსროლელი კი აკლდა, მაგრამ სუსტი ნამდვილად არ ეთქმოდა.

მშობლიური კონტინენტის ჰავამ იმოქმედა თუ რამ შთაბერათ ასეთი ძალა, ტურნირმა აზიელთა სრული უპირატესობით ჩაიარა.

თავად განსაჯეთ - პისტოლეტის ჩვენთვის საინტერესო ამ ორ დისციპლინაში, სპორტულსა და პნევმატურში, ქალებსა და ვაჟებში გათამაშებული 12 მედლიდან 11 აზიელებმა მოიპოვეს, მხოლოდ ერთი მედალი გაახერხა სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა - პნევმატურში მეორეზე გავიდა. მედლები კი არა, სტუმრებს ფინალში გაღწევაც უჭირდათ.

მაგალითად, პნევმატურში ვაჟებში რვავე ფინალისტი აზიელი იყო, ქალებში სტუმართაგან კი მხოლოდ ორი სერბი შევიდა - არუნოვიჩი და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი.

7 აპრილს პნევმატურში ფინალში ტაივანელი, ინდოელი და რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, ვიეტნამელიც კი ვიხილეთ.

ინდოეთის ნაკრები ლამის შეჯიბრების აღმოჩენადაც იქცა, რადგან სამი დღის წინ სხვა ინდოელმა - რაჰი სარნობატიმ სპორტულიდან სროლა სულაც მოიგო.

არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მათმა ასეთმა წარმატებამ რამდენიმე წლის წინ ევროპირველობაზე მომხდარი გამახსენა, როცა ფინალში ორი ალბანელი შევიდა და ერთმა ბრინჯაოც მოიპოვა, თუმცა გუნდის სამივე წევრი დოპინგზე ჩავარდა და ის მედალიც სალუქვაძეს გადმოეცა.

ქალთა ტურნირში კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი მოხდა - გაიმარჯვა ჩინელმა ჯი რენმა, ვისაც 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებში არ უასპარეზია.

ჩინეთში სპორტის ამ სახეობაში 10 მილიონი კაცი ვარჯიშობს და იმდენად დიდი კონკურენციაა, ცოტა ძნელია ლიდერებად და სათადარიგოებად დაყოფა - გამუდმებით იცვლებიან კადრები, მაგრამ ამჯერად კორეაში ლონდონის ოლიმპიადაზე ნამყოფი ხალხი არ ჩაუყვანიათ.

იქნებ რენს ამანაც გაუხსნა ნაკრების კარი, თუმცა ფაქტია - ჩინელთა სათადარიგომაც კი გაიმარჯვა, ხოლო მეორე მონაწილე ფინალში მოხვდა! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი სკოლის სიძლიერეს. რენის გამოსვლას ნამდვილად არ ვაკნინებთ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, მას ნაფტალინიდან ამოღებული ვუწოდოთ.

ის საერთაშორისო ფედერაციას მონაცემთა ბაზიდანაც კი ამოღებული ჰყავდა, სადაც მოქმედი ან ახლო წარსულის მსროლელთა სტატისტიკური მაჩვენებლებია განთავსებული.

არადა, ფინალში რენი მერვე ნომრად შევიდა - მას და სეკარიჩს 382 ქულა ჰქონდათ. საკვალიფიკაციო ეტაპი კორეელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იანმი კიმიმ მოიგო 388-ით, რომელმაც დამატებითი სროლებით აჯობა თანაბარქულიან ინდოელ ჰეენა სიდხუს.

ამ დუეტს მხოლოდ ქულით ჩამორჩა არუნოვიჩი, თავის მხრივ კი, ეს ტრიო საგრძნობლად უსწრებდა მდევარ სამეულს - 383-383-ქულიან ვიეტნამელ ნგოკ ჰოანგ ლე ტის, ჩინელ იულინ სუს და ტაივანელ ვენ იუ აის, ხოლო სეკარიჩსა და რენზე უკვე გითხარით.

მოგეხსენებათ, ახალი წესებით, მსროლელებს ფინალში საკვალიფიკაციოს ქულები არ გადაჰყვებათ და იქ ყველაფერი თავიდან იწყება, რითაც კარგად ისარგებლა რენმა, 201.8 ქულა დააგროვა და კარიერაში მეხუთედ მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი.

ვერცხლი 199.0-ით არუნოვიჩმა დაისაკუთრა, მესამეზე კი ტურნირის ფავორიტი კორეელი კიმი გავიდა 177.8 ქულით.

ვაჟთა შორის ოქრო ვიეტნამელმა ვინ ხუან ჰოანგმა მოიპოვა - 200.8 ქულა. სპორტულ პისტოლეტზე გამარჯვებული ლონდონის ოლიმპიადის ჩინელი მესამე პრიზიორი ჭივეი ვანი ამჯერად ვერცხლს დასჯერდა - 200.1, ბრინჯაო კი ინდოელმა პრაკაშ ნანჯაპამ ირგუნა 180.2-ით.

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამელისა და ინდოელისთვის ეს კარიერის პირველი მედლებია ეროვნულ ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული