ტყვიის სროლა. მსოფლიოს თასი: სროლა გაბალაში

AutoSharing Option
წინა კვირის მიწურულს აზერბაიჯანულ გაბალაში დაიწყო მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, დასკვნითი ეტაპი სროლაში, რომელშიც ამ სახეობის ყველა დისციპლინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თავდაპირველად შეჯიბრებაში მესტენდურები ჩაებნენ - მრგვალ სტენდზე მსროლელები, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყეს ტყვიის მსროლელებმაც.

მრგვალ სტენდზე ქალთა შორის კვლავაც ერთი მონაწილე გვყავს - ნატალია პანასი, რომელმაც ამჯერად ცუდად ისროლა და 63 ქულით 43-ე ადგილზე გავიდა. ჩვენებურმა განსაკუთრებით ცუდად მეორე სერიაში ისროლა, როცა 25-დან მხოლოდ 20 ქულა დააგროვა. თუმცა ბევრად უკეთესი შედეგი არც სხვა სერიებში ჰქონია - 22 და 21 ქულა.

შეჯიბრება იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა კეტიუსცია სპადამ მოიგო, თუმცა მან ოქროს მედლისთვის ბრძოლაში დამატებით სროლაში აჯობა ამერიკელ მორგან გრაფტს, რადგან ძირითადი სერია ფრედ დასრულდა - 15:15, დამატებითი კი - 4:3.

ბრინჯაოს მედალს ევროპული თამაშების ბრიტანელი ჩემპიონი ამბერ ჰილი დაეუფლა - მან 16-ვე სამიზნე დააზიანა, პოლონელმა ალექსანდრა იარმოლინსკამ კი ერთი ააცილა: 16:15.

ვაჟთა შორის ამავე სახეობაში 3 ქართველი გამოვიდა, თუმცა ასევე წარუმატებლად. ამ ტრიოდან ყველაზე უკეთ ვლადიმერ ნარჩემაშვილმა იასპარეზა, თუმცა მანაც 125-დან 115 სამიზნე დააზიანა და 73-ე ადგილზე გავიდა. მას არა უშავდა პირველ ორ სერიაში, როცა 25-დან 24-24 ქულა მოაგროვა. დავით ქვათაძე 110-ით 94-ეზე გავიდა, მამუკა ზარაფიშვილი კი 106-ით ზუსტად მე-100 ადგილზეა.

10 აგვისტოსვე ტურნირში ჩაებნენ ტყვიის მსროლელები - ქალებიც და ვაჟებიც, რომლებიც ჯერ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა ქალებმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი ჩაატარეს.

ამ დისტანციაში ჩვენგან მხოლოდ აწ უკვე რვაგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე გამოდის, რომელიც ნელი სროლების შემდეგ 291 ქულით მეხუთე ადგილზეა. თუმცა ამდენივე ქულა აქვთ ჩინელებს - ლიჯია ცაოს და იუმეი ლინს, რომლებსაც ქართველი ჩუბინი დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

კიდევ ერთ ჩინელს, მეორეზე მყოფ მსოფლიოს ჩემპიონ ჯინჯინ ჭანს სალუქვაძე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. სამაგიეროდ, პირველზე მყოფი უკრაინელთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი უსწრებს ყველას საგრძნობლად - 199 ქულით ლიდერობს.

ჩვენმა ვაჟებმა წარუმატებლად იასპარეზეს და საკვალიფიკაციოში ვერ მოხვდნენ. 10 აგვისტოს მათ შესარჩევში ისროლეს და წარუმატებლად. მართალია, თავის ქვეჯგუფში ორივე 25-ე ადგილზე გავიდა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. მათ არც შედეგი ჰქონდათ კარგი - ლევან ქადაგიძემ 535 ქულა დააგროვა, ცოტნე მაჭავარიანმა - 536, რაც ორივესთვის დაბალი შედეგია, თუმცა მათ არც სათანადო ტირი აქვთ, ისე ვარჯიშობენ.

სპორტული პისტოლეტიდან ასპარეზობა დღეს, 11 აგვისტოს დამთავრდება, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ გაბალაში ტყვიის სროლაში ლიზი კილაძეც გამოდის, რომელიც მხოლოდ პნევმატური იარაღიდან იასპარეზებს რამდენიმე დღეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული