ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ქართულ სპორტში რომ გამორჩეული ფიგურაა, არაერთხელ დაგვიწერია - ის ერთადერთი ქართველია, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოუპოვებია. ამასთან, ბრაზილიაში მერვე თამაშებში იასპარეზა, რაც ასევე სარეკორდოა ქართული რეალობისთვის. თანაც, იმდენად გამორჩეული რეკორდი, მას ძალიან დიდხანს დამხობა არ ემუქრება. და თუ ვინმეს ეს მაინც ხელეწიფება, უმთავრესი კანდიდატი მისივე შვილი ცოტნე მაჭავარიანია, რომელიც ასევე ტყვიის სროლაში გამოდის და დედაზე ერთი წლით ახალგაზრდამ - 18 წლისამ უკვე დააჭაშნიკა ოლიმპიადა რიოში.
სხვათა შორის, ეს ამ დღეებში აღნიშნა კიდეც სროლის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა - 4 ოქტომბერს ბოლონიაში დაიწყო მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება, სადაც სალუქვაძე ვერ მოხვდა, მაგრამ აღნიშნულმა საიტმა თავის წინასატურნირო მიმოხილვაში ხაზი გაუსვა მის ამ რეკორდს და ისიც აღნიშნა, რომ ჯერჯეობით ვერავინ მოუხსნის.
სალუქვაძის კარიერაში არის რეკორდები, რომლებიც სამუდამოდ დარჩა ისტორიას, რიოს შემდეგ კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევის ავტორი გახდა - ის ტყვიის მსროლელ ქალთა შორისაც პირველია 8 თამაშში მონაწილეობით. ამ რეკორდის თანაავტორობა სეკარიჩსაც შეეძლო, ვინც ნინოზე ადრე მოიპოვა საგზური, მაგრამ საბოლოოდ სერბეთის ფედერაციამ არ წაიყვანა ბრაზილიაში, მას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი ამჯობინეს. სავარაუდოდ, სეკარიჩს ამაზე პრეტენზია არც ექნებოდა, რადგან ფედერაციას ჰქონდა ამის უფლება და ოთხი წლის წინ, თავად იასნაც სწორედ ასე წავიდა ლონდონის ოლიმპიადაზე - მაშინ სერბებმა ერთ-ერთი ვაჟი დატოვეს სახლში და მისი საგზურით სეკარიჩი გაუშვეს.
თუ ზოგადად მსოფლიოს სროლის სამყაროს გადავხედავთ, აქტივში 8 ოლიმპიადა სლოვენიელ თოფოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონ რაიმონდ დებევეცს აქვს, თუმცა მას რიოში პერუელი მესტენდური, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ფრანსისკო ბოზაც გაუთანაბრდა, რეკორდსმენი კი ლატვიელი ოლიმპიური ჩემპიონი აფანას კუზმინსია ტყვიის სროლაში, ვინც 9 ოლიმპიადაზე ამხობდა ფარებს.
თუმცა ზედიზედ ორი ოლიმპიადაა, ის ულიცენზიოდ რჩება, მაგრამ წინა თამაშებზე ლონდონში საერთაშორისო ფედერაციამ თავისი კვოტა უწილადა, რიოზე კი იმათაც უარი უთხრეს. სავარაუდოდ, ის აღარც გააგრძელებს კარიერას, რადგან უკვე 69 წლისაა. საინტერესოა, რომ ის და სალუქვაძე ერთად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები სეულში, 1988 წელს. სავარაუდოდ, დებევეციც დაასრულებს კარიერას, რადგან რიოში ვერც ის მოხვდა და უკვე ესეც 53 წლისაა.
ამდენად, სალუქვაძეს ერთ თამაშებში გამოსვლითაც შეუძლია დაეწიოს კუზმინსს და რეკორდის თანაავტორი გახდეს. თუმცა მას უფრო წინ წასვლაც შეუძლია - ოლიმპიადაში მონაწილეობის რეკორდი ხომ 10 თამაშია, თუმცა ეს ციფრი ოლიმპიზმის ისტორიის მკვლევართათვის მთლად სარწმუნო არაა. საქმე ისაა, რომ ამ რეკორდების ავტორებად მიიჩნევიან ზუსტად ერთი საუკუნისწინანდელი თამაშების მონაწილენი, მაშინდელი სტატისტიკა კი მთლად ასე ზუსტად არაა აღწერილი. საკამათოც ზუსტად ესაა - რამდენად სწორია ეს ციფრი, თუმცა ამას სალუქვაძისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს - ის აგრძელებს კარიერას და ერთ-ერთი მთავარი სამოტივაციო საგანი სწორედ 10 ოლიმპიადაა.
არადა, ბოლო წლებში ხშირად გაისმოდა კითხვები მის სპორტულ მომავალთან დაკავშირებით. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ხშირად თვითონ ნინოც საუბრობდა წასვლაზე, თუმცა ახლა გადაჭრით ამბობს, რომ რჩება. ახლა მას საამისოდ გაცილებით დიდი სტიმული გაუჩნდა - ცოტნე, რომელიც დიდ ნიჭს ავლენს.
ჩვენთან საუბარში სალუქვაძემ სპორტში დარჩენის მთავარ მიზეზად ეს დაასახელა.
"მე ვაგრძელებ კარიერას, რადგან ახლა ვჭირდები ცოტნეს გვერდით, რათა წინსვლა ჰქონდეს. ახლა უნდა ვიყოთ მის გვერდით მეც, მამაჩემი ვახტანგ სალუქვაძეც და ყველა მწვრთნელი. ის ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. ანბანი უკვე შეისწავლა და ახლა მის მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი შრომაა ჩასადები.
მას აქვს მონაცემები და არ მინდა, ასეთი სპორტსმენი დავუკარგო ქვეყანას. თუმცა იმავეს ვიტყვი სხვაზეც. მაგალითად, ლიზი კილაძეზე, ვისაც კარგი მონაცემები აქვს და ხელს თუ შევუწყობთ, დიდ სპორტსმენად გაიზრდება.
თან ახლა ჩემთვის კარგი პერიოდია კარიერის გასაგრძელებლად - ჩვენს სახეობაში ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შვილები კი უკვე დიდები არიან. მართალია, პრობლემებიც მეტია, მაგრამ ღამის თევა უკვე აღარ სჭირდებათ. მეუღლეც ხელს მიწყობს და მეუბნება, რომ მამაჩემის სურვილი უნდა ავასრულოთ და 10 ოლიმპიადაზე გამოვიდეთ.
ვნახოთ, მე ვაგრძელებ კარიერას და ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს.
ბუნებრივია, ვფიქრობ ოლიმპიადებში მონაწილეობის რეკორდზეც, თუმცა ხარისხის გაზრდასაც აუცილებლად ვეცდები. მხოლოდ მონაწილეობა არ მაკმაყოფილებს. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში რა საქმეც უნდა წამომეწყო, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომეყენებინა. ამ შემთხვევაშიც ასე ვარ - მხოლოდ მონაწილეობას არ დავჯერდები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"