რუი კოშტას სენსაციური ოქრო

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ფლორენციაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი - ბოლო დღეს გათამაშდა მედლების კომპლექტი მამაკაცებს შორის ჯგუფურ რბოლაში.

მრბოლელთა სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზი გამართლდა - წვიმა ქარის თანხლებით. და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთმა ამინდმა არ იმოქმედა რბოლის მსვლელობაზე.

მონაწილეებს დასაფარი ჰქონდათ ურთულესი 272-კილომეტრიანი დისტანცია: 10 წრე ფლორენციის გარშემო, ორი აღმართი, აქედან ერთი გრძელი, მაგრამ ნაკლები დახრილობის და მეორე მოკლე, მაგრამ ძალიან ციცაბო. აგრეთვე - ურთულესი დაშვება და ორი სწრაფი სწორი მონაკვეთი. ორგანიზატორებმა ისეთი ტრასის მომზადება შეძლეს, რომელიც ყველაფერს მოიცავდა, რისი მოფიქრებაც
კი შესაძლებელი იყო.

და ამას ემატებოდა ამინდი. რამდენიმე ნაკრებისთვის ეს ფაქტორი აღმოჩნდა ფატალური. მაგალითად, ბრიტანეთმა ტურ დე ფრანსის გამარჯვებულის, კრისტოფერ ფრუმის მეთაურობით, საერთოდ ვერ მიაღწია ფინიშამდე და ბრიტანეთი ერთადერთი გუნდი არ იყო, რომელმაც ასეთი ფიასკო განიცადა.

დისტანციის დიდი ნაწილი ლიდერობდა ჯგუფი ხუთი ველომრბოლელით. მათ წინ მიუძღოდნენ ჩეხი იან ბარტა და პოლონელი ბარტოშ ჰუზარსკი. ეს დუეტი იმის გამო გამოვყავით, რომ ისინი ლიდერის რანგში სხვებზე დიდხანს შემორჩნენ. მაგალითად, ჰუზარსკის პელოტონი მაშინ დაეწია, როცა ძირითად ჯგუფში უკვე დაწყებული იყო საფინიშო გარჩევები.

მანამდე მოხდა მთელი რბოლისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ლაპარაკია იტალიის ნაკრების კაპიტნის - ვინჩენცო ნიბალის წაქცევაზე. ეს ველომრბოლელი ცნობილია დაღმართის უნაკლო გავლით, მაგრამ სწორედ პირველი აღმართის შემდეგ დაეცა ასფალტზე.

როგორც ჩანს, ამ ეპიზოდმა ცუდად იმოქმედა ნიბალის თავდაჯერებულობაზე, რადგან იმ მომენტში, როცა გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა ხუთი ველომრბოლელი, ჯირო დ'იტალიას გამარჯვებულმა და ვუელტას მეორე პრიზიორმა მეტად სუსტი გამოსვლა აჩვენა ყველაზე სახიფათო დაღმართზე.

ნიბალის გარდა, გაქცეულებს შორის იყვნენ ესპანელები - ხოაკიმ როდრიგესი და ალეხანდრო ვალვერდე, კოლუმბიელი რიგობერტო ურანი და პორტუგალიელი რუი კოშტა. თუმცა ურანი დაღმართისას ასევე წაქცევის მსხვერპლი გახდა.

ხოაკიმ როდრიგესმა სცადა კონკურენტების ჩამოტოვება. მართალია, ნიბალიმ შეძლო მისი დაწევა, მაგრამ ამისთვის იტალიელმა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე როდრიგესმა კიდევ ერთხელ შეუტია. ამ მომენტში ვალვერდე ნიბალის აკონტროლებდა, რუი კოშტა კი როდრიგესს გამოედევნა. პორტუგალიელმა შეძლო ესპანელის დაწევა და ბოლო მეტრებზე სპრინტი მოუგო მას. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ვალვერდემ ნიბალის გაუსწრო.

მიუხედავად იმისა, რომ რუი კოშტამ წელს ტურ დე ფრანსზე ორი ეტაპი მოიგო, არავინ ელოდა, რომ პორტუგალიელი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდებოდა. ესპანეთის ნაკრებში კი აუცილებლად იქნება საქმის სერიოზული გარჩევა, რადგან ამ გუნდმა ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა ფინიშთან ახლოს.

გუნდური რბოლა
1. რუი კოშტა (პორტუგალია) - 7:25.44; 2. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი) - იგივე დრო; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) - +0.16; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტალია) - იგივე დრო; 5. ანდრეი გრინკო (უკრაინა) - +0.31; 6. პეტერ საგანი (სლოვაკეთი) - +0.34...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: ტონი მარტინის ზედიზედ მესამე ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული