ასტანაში დოპინგით იკვებებიან

AutoSharing Option
ყაზახეთის ველოსპორტის ფედერაციამ შეაჩერა პროფესიული ველოსაჯინიბოს "ასტანას" საქმიანობა. ეს სანქცია იქამდე იქნება ძალაში, სანამ იწარმოებს გამოძიება გუნდში დოპინგის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით.

"ველოსპორტის ფედერაცია და Astana Proteam-ის მენეჯმენტი დაინტერესებულია გუნდის წევრთა მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტების დაწვრილებითი გამოძიებით. ჩვენი სტრატეგიული კურსია - ყაზახური ველოსპორტის სისუფთავე", - განაცხადა ყაზახეთის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ქაირათ ქელუმბეტოვმა.

უკვე გადააყენეს თანამდებობიდან "ასტანას" გენერალური მენეჯერი დმიტრი სედუნი. ყაზახეთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ გამოძიება ჩატარდება ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის რეგლამენტის სრულ შესაბამისობაში და შედეგები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გასულ კვირას, "ასტანას" მრბოლელი
არტურ ფედოსეევი დროებით ჩამოაშორეს საერთაშორისო ტურნირებს დადებითი დოპინგ-სინჯის გამო. უფრო ადრე აკრძალული პრეპარატების მიღებაში გამოიჭირეს გუნდის სხვა წევრები - ვიქტორ იკიშევი, ილია დავიდენოკი, აგრეთვე ძმები - მაქსიმ და ვალენტინ იგლინსკები.

"ასტანა" 2006 წელს შეიქმნა და სხვადასხვა დროს ამ გუნდში გამოდიოდნენ ლენს არმსტრონგი, ალბერტო კონტადორი, ალექსანდრ ვინოკუროვი... სხვათა შორის სწორედ "ასტანას" წევრია იტალიელი ვინჩენცო ნიბალი, რომელმაც 2014 წელს ტურ დე ფრანსი მოიგო.

* * *
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2014 წელს ანტისადოპინგო წესების 34 დარღვევა დააფიქსირა რუსი სპორტსმენების მხრიდან. ამ ფაქტს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოც ადასტურებს.

ამ 34 სპორტსმენიდან 12 ეკუთვნის სპრინტის ჯგუფს, 14 - ამტანობის ჯგუფს, 6 - სპორტულ სიარულს და თითო-თითო - სროლისა და ხტომების ჯგუფს.

საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ყველაზე ხშირად დოპინგზე სწორედ რუსი მძლეოსნები ჩავარდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული