ადვოკატმა როინ მიგრიაულმა სასამართლოს დღეს წარუდგინა საქართველოს ოლიმპიური მუზეუმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნული ასოციაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საქართველოს ოლიმპიური ფილატელიის ასოციაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ადვოკატ როინ მიგრიაულის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამივე სუბიექტი დარეგისტრირდა 2016 წლის 15 დეკემბერს, ანუ საარჩევნო სესიამდე (23 დეკემბრამდე) 1 კვირით ადრე.
"სეოკ-ის წესდების V პარაგრაფის მე-3
ა) გაწევრიანების მსურველი წარადგენს განცხადებას გაწევრიანების შესახებ,
ბ) ხოლო განცხადების მიღების შემდგომ აღნიშნული განცხადება სეოკ-ის პრეზიდენტის (ან აღმასკომის წევრის) მიერ წარედგინება სეოკ-ის აღმასკომს;
გ) აღმასკომი იღებს გაწევრიანების შესახებ პირობით გადაწყვეტილებას, ოლიმპიური ქარტიისა და წესდებით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.
დ) სეოკ-ის აღმასკომის პირობითი გადაწყვეტილება საბოლოო დამტკიცებისათვის წარედგინება მომდევნო სესიას (გენერალურ ანსამბლეას).
ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცხადყოფს, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირებული სუბიექტები ვერ მოასწრებდნენ გაწევრიანებას ზემოთ აღწერილი პროცედურების დაცვით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღმასკომის პირობითი გადაწყვეტილება, ხოლო მომდევნო სესია (გენერალური ანსამბლეა) შედგა სწორედ 2016 წ. 23 დეკემბერს", - აღნიშნულია ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობაში, რომლის ასლი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.
საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სარჩელს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი განიხილავს.
საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.