"მიზანია ოლიმპიური თამაშების გენდერულად დაბალანსება" - "ტოკიო 2020" ახლებურად გაიხსნება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელში - ოლიმპიური ფიცის დადებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, მასში ხაზგასმული იქნება სოლიდარობის გამოხატულების მნიშვნელობა, ყურადღება დაეთმობა თანასწორობის საკითხს და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოხატვის დაუშვებლობას.

გარდა ამისა, ტოკიოში ფიცს დადებს ორი-ორი სხვადასხვა სქესის ათლეტი, მწვრთნელი და მსაჯი.

ამგვარი წამოწყების მიზანია ოლიმპიური თამაშების გენდერულად დაბალანსება. ეს მხოლოდ ერთ-ერთია IOC-ის და ტოკიო-2020-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც მიმართულია სპორტში ქალის მნიშვნელობის ასამაღლებლად, როგორც ამას მოითხოვს ოლიმპიური ქარტია.

ფიცის ახალი ფორმულირებები IOC-ის ათლეტთა კომისიის
მიერ ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესიის საფუძველზეა მომზადებული და ამგვარად ჟღერს: "პირობას ვდებთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მივიღოთ ურთიერთპატივისცემის და წესების დაცვით, სამართლიანი თამაშების, ინკლუზიურობის და თანასწორობის იდეით განმსჭვალულებმა. სოლიდარულები ვართ და ვალდებულებას ვიღებთ დავკავდეთ სპორტით დოპინგის, თაღლითობის თუ რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი გუნდების ღირსებისთვის, ოლიმპიზმის ფუნდამენტური პრინციპებისადმი პატივისცემით და იმისთვის, რომ სპორტის მეშვეობით სამყარო უკეთესი გავხადოთ."

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ტოკიოს თამაშების გახსნაზე ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი მედროშით - ქალითა და კაცით.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ფიცი გაისმა ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ყველა ოლიმპიელის სახელით ფიცი ბელგიელმა წყალბურთელმა ვიქტორ ბუინმა დადო.

ოლიმპიური ფიცის ტექსტი ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა დაწერა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altოლიმპიური ნაკრების მედროშეები ცნობილია - ლიცენზიანტების სია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული