გია ნაცვლიშვილი: ლონდონიდან ქართველების 7-8 მედალს ველოდები

AutoSharing Option
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ლონდონისკენაა მიმართული - ოციოდე დღეში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 30-ე საიუბილეო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება.

ცხადია, ამ უდიდესი სპორტული ფორუმისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი სპორტსმენები.

რა მდგომარეობაა დღეისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში, ამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, რომელიც "ლელოს" ესტუმრა. თუმცა, რაღა სტუმარი ეთქმის. მართებული იქნება, საკუთარ ოჯახს ეწვია - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნის იდეა ხომ 1989 წელს "ლელოს" რედაქციაში ჩაისახა და აქვე შეესხა ფრთები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სეოკ-ი სწორედ რომ "ლელოს" რედაქციაში განაგრძობდა საქმიანობას.

როგორც ვთქვით, ძალიან ცოტა დრო დარჩა ოლიმპიადამდე, ამიტომ ჟურნალისტებს აინტერესებდათ მისთვის მზადების პერიპეტიები. ბატონმა გიამ მასმედიის წარმომადგენელთა სურვილები დააკმაყოფილა. ჩვეული პირდაპირობით და გულახდილობით უპასუხა ყველა შეკითხვას.

- ბატონო გია, უპირველესად, დაბადების დღეს გილოცავთ და პირველ შეკითხვასაც დაგისვამთ: როგორი განწყობა გაქვთ მოახლოებული თამაშების წინ?
- უპირველესად, მადლობა მოლოცვისთვის. ოთხი წლის ასაკიდან "ლელოს" მკითხველი ვარ. სხვა გაზეთების წარმომადგენლებს ნუ ეწყინებათ, რომ ბოლომდე ჩემთვის საყვარელი გაზეთის ტრფიალი დავრჩი. სპორტულ ორთაბრძოლებში ობიექტური კრიტერიუმებია და მათი შესაბამისად ასახვა სწორედ ამ გაზეთში ხდება. თუმცა, არც ერთ ჟურნალისტთან ურთიერთობისას პრობლემები არ მქონია.

არ მეზარება არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. თანაც ისეთი პასუხებისა, რომლებიც მკითხველებისთვსი უცნობი და საინტერესო იქნება.

ორი წლის წინ საკმაოდ პესიმისტური განწყობა მქონდა, რადგან რეალურად მოხდა ისე, რომ ოლიმპიადი გამარჯვებულები, რომლებმაც დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონობაც და ჯილდოებიც, სარბიელზე არ ჩანდნენ. ვერაფერს ვიგებდი მათ შესახებ. ახალგაზრდები კი, რომლებიც უნდა ჩანაცვლებოდნენ, მყარად ვერ იდგნენ ფეხზე - შედეგებს ვერ აჩვენებდნენ.

ისეთი რეალობის წინაშე დავდექით, რომ საკმაოდ მძიმე ოლიმპიადას ველოდებოდი. წინა თამაშებზე მოპოვებული სამი ოქროს გაუმჯობესებაზე თუ არა, მის გამეორებაზე მაინც ხომ უნდა იფიქრო და ასეთ სურათს რომ უყურებ, ცხადია, კარგ ხასიათზე ვერ იქნები.

ხელფასს აძლევ, პირობას უქმნი - სხვა დაძალების ბერკეტი შენს ხელთ არ არის. რა უნდა ქნა, როცა გესმის პირობა: დღეს - ხვალო და ეს არ დაილია. ფაქტია, რომ სპორტს ზურგი აქცია ფავორიტთა უმრავლესობამ.

ცხადია, ამას ვერ ვიტყვით ჩვენს უნიკალურ ნინო სალუქვაძეზე, რომელსაც ერთი დღეც არ შეუწყვეტია ვარჯიში და კვლავაც პირველმა მოუტანა საქართველოს ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია. სხვები კი არ ჩანდნენ.

დღეს - ორი წლის შემდეგ ჩემი განწყობა რადიკალურად შეიცვალა. ოპტიმისტურად ვუყურებ ლონდონის ოლიმპიადას, არა იმიტომ, რომ 35 ლიცენზია მოვიპოვეთ (თქვენს კოლეგას შეეშალა - წინაზეც 35 ლიცენზია გვქონდაო. ქართველმა სპორტსმენებმა პეკინისთვის 33 ლიცენზია მოიპოვეს, ოღონდ სპორტსმენი გვყავდა 35).

ერთი სალიცენზიო ტურნირია მძლეოსნობაში დარჩენილი. ვერ გეტყვით, გაიზრდება თუ არა ჩვენი ოლიმპიური გუნდი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შედეგებია შესამჩნევად გაუმჯობესებული.

გული მწყდება, რომ შარშან მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი საგზური აშკარად წაგვართვეს. არა მგონია, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში კიდევ განმეორდეს. მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მცირედი დააკლდა ლიცენზიამდე. ზედ სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფეხი მოიტეხა ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ. ასევე, დაიჩაგრა წყალმხტომელი ჭოლა ჭანტურია. კრივშიც იყო ჩავარდნა. სალიცენზიო ტურნირზე სამ სპორტსმენს შეეძლო თითო მოგებით საგზური მოეპოვებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ ლიცენზიას დავჯერდით.

ყოველივეს მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც პეკინის შედეგების გაუმჯობესება შეუძლია.

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
- თავისუფალში, ძიუდოში, ბერძნულ-რომაულში გვყავს ისეთი ფალავნები, რომლებსაც ხელეწიფებათ კვარცხლბეკზე ასვლა. ნინო სალუქვაძეზე ვინ იტყვის, რომ იგი მედლის რეალური კანდიდატი არ არის. მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, ოლიმპიადაზეც ფავორიტი იქნება.

ლონდონში, ობიექტური რომ ვიყო, სულ მცირე, 7-8 მედალს ველოდები. ერთადერთი პრობლემა ჩვენთვის გუნდის ახალგაზრდული ასაკია. სპორტსმენების უმრავლესობა გამოუცდელია და რამდენად გაუძლებენ ფსიქოლოგიურ წნეხს, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

- თავიდან რამდენ ლიცენზიას ვარაუდობდით?
- ჩემი პესიმისტური მოსაზრება იყო 30 ლიცენზია, ოპტიმისტური 35 და ძალიან ოპტიმისტური 40. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა ამ რაოდენობაზე გასვლა. დღეს კი მთავარი ის არის, რომ 35 ლიცენზიატი გვყავს და მედლებს ველოდებით, რადგან თითოეულმა სპორტსმენმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა და ყველაფერი ეს შედეგებში უნდა აისახოს.

- ორგანიზაციული საკითხები როგორ გვარდება, რა ვერ არის ისე, როგორც ისურვებდით?
- აბსოლუტურად ყველა პრობლემა მოგვარებულია: ძირითადი დელეგაცია ლონდონში ჩარტერული რეისით 25-ში გაემგზავრება გულშემატკივართა ჯგუფთან ერთად, დაახლოებით 148 კაცი. ის თვითმფრინავი თბილისში 4 აგვისტოს დაბრუნდება და იმავე დღეს მეორე ჩარტერით მეორე ნაკადი ჩავა ლონდონში.

ბევრი სპორტსმენი შეჯიბრებისთვის შინ მომზადებას ამჯობინებს და მართებულადაც მიმაჩნია. აჟიოტაჟში ყოფნას სამშობლოში მშვიდად ვარჯიში ჯობია. ოლიმპიურ დელაგაციასთან ერთად ლონდონში 200 კაცი შეიკრიბება და, გულშემატკივრობის თვალსაზრისით, ეს ურიგო არ იქნება. მით უმეტეს ის დარბაზი, სადაც ჭიდაობები გაიმართება, დიდი არ არის.

მასპინძლებს სახელოვანი ფალავნები ნაკლებად ჰყავს, ამდენად ინგლისელი გულშემატკივრის მოზღვავებაც ნაკლებად ივარაუდება. ქართველი მაყურებელი კი მრავლად იქნება. ასე რომ ჩვენი ძიუდოისტები და მოჭიდავეები დარბაზში უცხოდ ნამდვილად არ იგრძნობენ თავს.

დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონის ტატამსა და ხალიჩაზე, ვინც მედლებისთვის იბრძოლებს, ნამდვილად არ დაიჩაგრება. ამის თქმის უფლებას დარბაზების ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად ის საქმიანი ურთიერთობებიც მაძლევს, რაც ჩვენს ორგანიზაციას მსოფლიო ფედერაციებთან აქვს. უნებლიე შეცდომებისგან კი, ცხადია, დაზღვეული არავინაა.

- წახალისებაზე რას იტყვით?
- გაცილებისას პრეზიდენტთან მოეწყობა შეხვედრა და ეს იქ გაცხადდება. ვფიქრობ, რომ საპრემიოდ სოლიდური თანხა იქნება. რამდენი? ამას სულ მალე შეიტყობთ. თანაც ისეთი პრემია იქნება, რომ აქტიურ სპორტს ჩამოშორებულ სპორტსმენებსაც მოუნდებათ ვარჯიშების განახლება.

- გუნდურ სახეობებში როდის გვეღირსება ოლიმპიადაზე გამგზავრება?
- ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად რომ ამირჩიეს, მთავარი ყურადღება წყალბურთზე გავამახვილე. ეს ზედმეტად თამამი სურვილი იყო, რადგან სათანადო ბაზა არ გვქონდა, არც მაღალი კლასის წყალბურთელები გვყავდა ძლიერი გუნდის შესაქმნელად. ნატურალიზებული სპორტსმენებით, ცხადია, პერსპექტიული ნაკრების ჩამოყალიბებება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა ჩვენს გუნდს ცუდად არ უასპარეზია: დავმარცხდით საკმაოდ წარმატებულ საბერძნეთთან და რუმინეთთან, რომლებმაც სალიცენზიო ეტაპი შესანიშნავად დაძლიეს და ლონდონში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

სამომავლოდ წყალბურთზე კვლავაც გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ტრადიციაც ხელს გვიწყობს და ფანტასტიკურად ნიჭიერი თაობა მოდის. ახალგაზრდებს რევაზ ჩომახიძე ავარჯიშებს, ჭაბუკებს - იოვან პოპოვიჩი. ამ მოზარდებში ისეთი ბიჭებიც ურევია, მსოფლიო დონის წყალბურთს რომ ითამაშებენ, თუ წვრთნას მომავალშიც მონდომებით განაგრძობენ.

მომავალი ოლიმპიადისთვის არანაკლებ პერსპექტივას ვხედავ ფეხბურთსა და კალათბურთში. იმ ჩვიდმეტი წლის ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ევროპაზე შესანიშნავად ითამაშეს, ვერავინ იტყვის, რომ გაუმართლაო. შესარჩევსა და მერე ფინალურ ეტაპზე ისეთ გუნდებს აჯობეს, წარმატებას შემთხვევითს ვერაფრით დაარქმევ. ესპანეთი, ინგლისი, გერმანია - ამაზე ძლიერი გუნდები რომელი უნდა შეგხვდეს. უკომპლექსოდ ითამაშეს ყველა ფავორიტთან. ამიტომაც ბიჭების მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.

იმავეს თქმა შეიძლება კალათბურთზეც. თუ გინდა, ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდე, გუნდში სულ მცირე NBA-ს დონის სამი კალათბურთელი მაინც უნდა გყავდეს. ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე შანსი გაგვიჩნდა, ლონდონისკენ გაგვეხედა. ეს დროც დადგება: შენგელია წლეულს თუ არა, გაისად აუცილებლად იქნება NBA-ს მოთამაშე. სანიკიძე და მარკოიშვილიც საგრძნობლად დაწინაურდნენ. კიდევ მოუმატებენ. მოდის კარგი თაობაც, რომელსაც თამამად შეუძლია ნაკრებში ადგილის დამკვიდრება. წინ ხომ 3-4 წელიწადია. ეს კი ოპტიმისტურად განგვაწყობს.

2016 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს ჩვენს შვიდკაცა რაგბისაც. მართალია, აქ ჯერ ტრადიცია და გამოცდილებაც გვაკლია. თუმცა, ამ ხარვეზის გამოსწორება შეიძლება. ასე, რომ რიოს ოლიმპიადაზე ამ ოთხი სახეობიდან ერთ-ერთის მოხვედრა რეალურად მეჩვენება. ამ სახეობებში მე დიდ პოტენციალს ვხედავ.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ 2016 წლისთვის შეგვიძლია 50 ლიცენზიას პლუს ერთი გუნდი სათამაშო სახეობებიდან, რადგან დიდი პოტენციალია ფარიკაობაში, ასევე, მშვილდოსან ქალებსა და ვაჟებში. ამერიკაში ჩვენი ყმაწვილი ჩუბინები ფხაკაძე და რიჟამაძე ისე თამამად ებრძოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომ ბევრი ქვეყნის მწვრთნელებს ნამდვილად შეშურდათ.

გვაყავს კარგი წყალში მხტომელები, ნიჩბოსანი ნადირაძე, მძლეოსნობაში გაჩნდა პერსპექტივები. კარგია, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდების ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოვიპოვეთ, არა იმიტომ, რომ მასპინძლები ვიქნებით, არამედ რეზერვი შეიქმნა: გუნდები ჩამოყალიბდა გოგონათა ხელბურთში, კალათბურთში, პერსპექტიული ბავშვები მოვიდნენ მძლეოსნობაში. მოზარდებს დაფინანსება არ მოაკლდებათ და დანარჩენი მათზეა დამოკიდებული.

- ბატონო გია, ყველა ოლიმპიადაზე გვქონდა "ქართული სახლი"...
- ამ მხრივ გამონაკლისი, ცხადია, არც ლონდონი იქნება. ინგლისის დედაქალაქის ცენტრში გვექნება სასახლე, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმოდგენას და უცხოელებისთვის გაცნობას შევძლებთ, უფრო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამე გვექნება, ვიდრე ოდესმე გვქონია.

- ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ბრძანდებით. ევროპის ჩემპიონატზე რას იტყვით, ვის ექომაგებით?
- კონტინენტის პირველობის ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებს ვესწრებოდი. საერთოდ, არგენტინის გულშემატკივარი ვარ, ევროპაში კი ესპანეთს ვქომაგობ. ამ ორი ქვეყნის ფეხბურთს ყოველთვის ჩვენსას ვადარებდი და ვაიგივებდი, არჩევანიც ამან განაპირობა.

ცხადია, კმაყოფილი დავრჩი, ესპანეთმა რომ გაიმარჯვა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია და ახლა ჩემი ფიქრი ლონდონსა და 30-ე ოლიმპიურ თამაშებს დასტრიალებს. ვცდილობთ, არაფერი გამოგვრჩეს, სპორტსმენებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, ასპარეზობამდე ვარჯიშისა და აქტიური დასვენების ყველა პირობა შევუქმნათ, რათა მათ ლონდონში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შეძლონ და გამარჯვებებით გაგვახარონ.

გია ნაცვლიშვილი: გვყავს გუნდი, რომელსაც პეკინის შედეგების გაუმჯობესება შეუძლია(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვიილი სტუმრად "ლელოსთან": ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება


მანუჩარ მარკოიშვილი სტუმრად "ლელოსთან": ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას

გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...

არჩილ არველაძე სტუმრად "ლელოსთან": ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია

ვასილ მაისურაძე სტუმრად "ლელოსთან" - წარმატების ფორმულა

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოსთან": თუ ნაკრებს დავჭირდები...

კახა კალაძე სტუმრად "ლელოსთან": ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 4 /
აზერების 53 კაციდან ჩემი ზედაპირული დათვლით მინიმუმ 25 მოწვეულია: უკრაინელი ნიჩბოსნები, ეთიოპელი მძლეოსნები, ბულგარელი ძალოსნები,დაღესტნელი მოჭიდავეები და მოკრივეები(8- დან 5), უამრავი რუსი, თითო ირანელი და ქართველიც!!!
ჩვენ კი მხოლოდ ერთი პოლონელი(ისიც უშანსო ვეტერანი)
საერთო ოლიმპიური მონაგარი:
აზერ: 4 ოქ,3 ვერ,9 ბრ. სულ-16
საქარ: 5 ოქ, 2 ვერ, 11 ბრ. სულ-18
mirage
11:55 09-07-2012
0
რას ტრაბახობთ აზერებს 54 ლიცენზია აქვთ, არა და არასოდეს ჩვენზე ძლიერები არ ყოფილან. დღეს კი გადაგვცასწრეც იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს იმიტომ რომ პატრიოტები არიან ქვეყნის რეკლამას და განვითარებისთვის დიდ ფულს ხარჯავენ ესენი კი ქვეყნის პრეზიდენტით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული მარტო ტრაბახობს სირცხვილია საუკეთესო სპორცმენები მოკვეთეს პოლიტიკის გულისთვის.
liza
14:26 08-07-2012
0

სიახლეები პოპულარული