პეტერ ზაიზენბახერი და გიორგი ალექსიძე თანამდებობებიდან მიდიან [+VIDEO]

AutoSharing Option
15 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა (იხილეთ ვიდეო).

მას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა და ესწრებოდნენ თამაშების მედალოსნები, ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციების პრეზიდენტები - გიორგი ალექსიძე და კახა გეწაძე.

ვიდრე პრესკონფერენციის მთავარ საკითხებზე გადავალთ, წინასწარ გეტყვით, რომ ნაცვლიშვილმა მთავარი ამბები სწორედ ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით გვამცნო - ალექსიძე პოსტიდან მიდის და ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს;

პოსტს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერიც ტოვებს, რომელიც წუხელ უკვე გაფრინდებოდა თბილისიდან, თუმცა დაზუსტებით ვერ გავარკვიეთ, დროებით წავიდა თუ
- საერთოდ.

ყოველ შემთხვევაში, ვერ მივიღეთ გარკვეული პასუხი კითხვაზე, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა დაუკავშირდება თუ არა მას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს ახალი პრეზიდენტის კომპეტენციააო, გვიპასუხეს.

პრესკონფერენცია ნაცვლიშვილმა გახსნა, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა ოლიმპიადის პერიპეტიები და ჩვენი გუნდის გამოსვლას ასეთი შეფასება მისცა:

"ჩემი შეფასებით, ეს ოლიმპიადა იყო კარგი და ხუთბალიანი სისტემიდან მას ოთხიანით შევაფასებ. ჩვენ წასვლამდე 7-8 მედალს ვგეგმავდით. რაოდენობრივად ჩვენი პროგნოზი გამართლდა, თუმცა 1-2 ოქროს ვვარაუდობდით, ამ მხრივ კი ვერ გავამართლეთ.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ ახალგაზრდულ ნაკრებს შემდგომი ოლიმპიადისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მჯერა, რომ ამათი 80 პროცენტი რიო დე ჟანეიროს თამაშებშიც მოხვდება; ცხადია, იმ კონკურენციას
თუ გაივლიან, რაც უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ქართულ სპორტში გაჩნდება".

ნაცვლიშვილი სპორტის გეოგრაფიის შემცირებასაც შეეხო და ამ კუთხით მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ამჯერად შვიდივე მედალი საჭიდაო სახეობებზე მოდის. კრივი, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, სადაც ბოლო პერიოდში ოლიმპიადებზე მედლები გვქონდა, ამჯერად ჩამორჩნენ, ხოლო სხვა სახეობებზე არცაა ლაპარაკი.

ნაცვლიშვილმა იმათზეც ილაპარაკა, ვისაც უახლოეს თამაშებზე წარმატებით გამოსვლა შეუძლია.

"ჭიდაობაში მოპოვებული მედლები კარგია, მაგრამ ოლიმპიადებზე თუ მასშტაბური წარმატება გვინდა, მაშინ სხვა სახეობებიც უნდა წამოვწიოთ. საჭიდაო სახეობებში ამჯერად 21-დან 7 მედალი ავიღეთ... ჰა-ჰა, მაქსიმუმ 10 ავიღოთ, რაც საერთო გუნდურ ჩათვლაში დიდად ვერ წაგვწევს წინ.

ამიტომ საჭიროა სხვა სახეობების წამოწევაც. დარწმუნებული ვარ, რიო დე ჟანეიროში ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება ძალოსნობაში, ვაჟთა ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, განსაკუთრებით - ვაჟებში.

ჩემთვის აღმოჩენა იყო მათი კარგი გამოსვლა სალიცენზიო ტურნირში. სიმართლე გითხრათ, ასაკის გამო მშვილდოსან ქალთა ნაკრები უფრო მაფიქრებს...

სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი მძლეოსნობაში, რათა 1-2 კაცი მაინც გვყავდეს მედლებისთვის მებრძოლი. ახლა კარგი შედეგი იყო 4 საგზური, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მონაწილეობა იყო და არ ვფიქრობდით მედლებზე, მაგრამ მომავალში ამაზეც უნდა ვიფიქროთ.

ძალიან კარგი ახალგაზრდაა ცურვაში ირაკლი ბოლქვაძე. კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. შეიძლება ის ბევრად ჩამორჩა პრიზიორებს, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან კარგად გამოვიდა. შემდეგ ოლიმპიადაზე პერსპექტივას ვხედავ გუნდურ სახეობებში და საამისოდ ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

წლეულსაც ვფიქრობდით წყალბურთზე და ბევრიც ვიწვალეთ, მაგრამ წავაგეთ იმ გუნდებთან, რომლებიც საუკეთესო ევროპულ შვიდეულში მოხვდნენ - რუმინეთთან და საბერძნეთთან. თუმცა შემდეგი ციკლის დიდი იმედი მაქვს, რადგან ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის.

მეტი უნდა ვიმუშაოთ კალათბურთზე. ამ გუნდის წევრთა ბირთვი რამდენიმე წლის შეთამაშებულია და იქ 3-4 ისეთია, რომლებიც მზად არიან NBA-ს დონეზე სათამაშოდ.

შესაძლებელია, ამ გუნდმა იბრძოლოს რიოში მოსახვედრად. ამის კარგი შანსი აქვთ ფეხბურთელებსაც, ოღონდ იქ თუ მოვახერხებთ, რომ ახალგაზრდულიდან წარმატებით გადავიდნენ უფროსებში.

17-წლამდელთა წლევანდელი კარგი გამოსვლა მოგეხსენებათ და სწორედ მათ უწევთ რიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბრძოლა.

ამ თაობას არ ექნება ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ადრე ახასია
თებდათ ჩვენებს. ბუნებრივია, რიოში წასვლის კანდიდატად განვიხილავთ შვიდკაცა რაგბისაც, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ეს არაა დიდი რაგბი, ეს სულ სხვა სპეციფიკაა.

ის დიდი რაგბი რომ იყოს, მაშინ თამამად დავიბევებდით ადგილს. შვიდკაცას კი დიდი მუშაობა მოუწევს".


ძიუდო - საგანი პრესკონფერენციის მღელვარებისა
ამის შემდეგ ნაცვლიშვილმა ძიუდოსა და მოჭიდავეთა ნაკრებების გამოსვლა შეაფასა. მან სინანული გამოხატა ჭიდაობაში მსაჯთა მიკერძოების გამო, რამაც მედლები დაგვაკლო როგორც ხარისხობრივად, ისე - რაოდენობრივად.

ისაუბრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შეხვედრის მსაჯთა დასჯაზეც და იქვე ქებით მოიხსენია თავად სპორტსმენი, რომელმაც საღი, მართლაც პროფესიული მიდგომა გამოავლინა და არბიტრთა მიკერძოების მიუხედავად, წაგებაში მაინც თავი დაიდანაშაულა, უკეთ უნდა მეჭიდავაო.

პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი ძიუდოს ნაკრებს, მის გამოსვლას და ზაიზენბახერის კონტრაქტს დაეთმო.

ნაცვლიშვილმა წონების მიხედვით შეადარა ამ გუნდის გამოსვლა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე და აღნიშნა, იქ მოპოვებული ერთი ოქრო თუ წარმატებაა, მაშინ ახლანდელიც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო თუ ის წარუმატებლობა იყო, მაშინ ამასაც წარუმატებლობა ვუწოდოთო.

ძიუდოს საქმეებში კარგად ჩახედულმა ნაცვლიშვილმა იცის, რომ პეკინში კიდევ ორმა მესამე ადგილისთვის იჭიდავა და აღნიშნა, მეხუთე ადგილი არავის ახსოვს, მთავარი მედალიაო!

ბრინჯაოსთვის ჭიდაობა თუ წარუმატებლობაა და არც გუნდის სტაბილურობას განსაზღვრავს, მაშინ მთელი გუნდის მეორე წრიდან გამოვარდნა რატომ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად? გაგვაკვირვა მიდგომამ იმასთან დაკავშირებითაც, რომ თურმე პეკინში მაშინდელი წესებით უფრო ადვილი იყო სანუგეშო წრეში გადასვლა და ახლაც რომ იგივე წეს-კანონები ყოფილიყო, რამდენიმე კიდეც გადავიდოდაო.

წესებს იქით უნდა მოვერგოთ, თორემ ჩვენი გულისთვის არავინ შეცვლის, ხოლო სანუგეშოში გადასვლა უცხოელებისთვისაც ისევე იყო გართულებული, როგორც - ქართველებისთვის. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია - ლონდონში ნაჩვენები ჭიდაობით რამდენი გაივლიდა დამამშვიდებლის ფინალამდე გზას და რამდენი მივიდოდა ბრინჯაოს მედლამდე საჭიდაოდ?

შეხვედრის დიდი ნაწილი ბეთქილ შუკვანის გახმაურებულ სკანდალსაც შეეხო, თუმცა ამ თემაზე, ძირითადად, არასპორტული მედია აქტიურობდა.

მოკლედ ვიტყვით - ნაცვლიშვილმაც და დელეგაციის სხვა წევრებმაც კატეგორიულად გამორიცხეს სპორტსმენის წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტი თვითმფრინავშიც და ოლიმპიურ სოფელშიც. მათ ეს ფაქტი პოლიტიკური ანგაჟირებით ახსნეს.

ზაიზენბახერის მუშაობა სეოკ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა, რადგან მათი პროგრამა-მაქსიმუმი ოქროს მედალი იყო.

მით უფრო, საამისოდ მეტად მცირე დრო ჰქონდათ და ფორს-მაჟორში უწევდათ მუშაობა. ნაცვლიშვილმა ამით ახსნა ის ხისტი, ლამის სამხედრო მიდგომა, ვინც ზაიზენბახერის გეგმას ვერ გაუძლებს, სახლში გავუშვებთო.

ავსტრიელის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა კონკრეტულად ვერაფერი გვითხრა, თუმცა ისაუბრა ფედერაციებში, ზოგადად - ქართულ სპორტში გასატარებელ მართვის რეფორმებზე.

მაგალითად, ძიუდოს ცენტრები, თბილისის გარდა, რეგიონებშიც უნდა არსებობდეს, სადაც ამის ტრადიციებია; მთავარი მწვრთნელი დამოუკიდებელი უნდა იყოს; პრემიებს მწვრთნელი არ უნდა ანაწილებდეს, ეს კანონით უნდა იყოს გაწერილი და ასე შემდეგ. ოღონდ საკითხავია - ამის გაკეთება უცხოელის გარეშე არ შეიძლება? განა კანონი ვინ უნდა მიიღოს?

ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა ზაიზენბახერს გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა იქვე ნაკრებისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზეც ილაპარაკა - არ უნდა მოხდეს განხეთქილება, დაპირისპირება და ასე შემდეგ...

სეოკ-ის პრეზიდენტი ირაკლი ცირეკიძის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე მისი წასვლა ერჩივნა, რადგან მედლის კანდიდატად განიხილავდა, მით უფრო - იმ კენჭისყრაში, თუმცა დაგმო წინასწარი შეთანხმება მასა და ლომერ ჟორჟოლიანს შორის, თუ ვინ უნდა წასულიყო ოლიმპიადაზე.

თამაშებამდე მცირე ხნით ადრე ორივეს დისკვალიფიკაციას ვერ მივცემდი, რადგან ამით ლიცენზიას ვკარგავდით და ამას ვერც ხალხი გაიგებდაო, აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ოლიმპიურში ოლიმპიადა შეაჯამეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანი ევროსასამართლოს მიმართავს
წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი
მკითხველის კომენტარები / 7 /
dato
უბრალოდ გაიხსენე რამდენი მედალი წაგვართვეს და მერე თქვი რამდენი იქნებოდა ჯამში
sano
21:58 17-08-2012
0
ძიუდოს ნაკრებმა ჩააგდო ეს ოლიმპიადა ლაშაამ შეუნარჩუნა კიდევ ცოტა სახე დანარჩენები რას გვანდენ ახალ ნაჟიმავებივით ფეხები ეკეცებოდათ და ილეთს ვერ აკეთებდენ საცოდავი საყურებელი იყო
რაც შეეხება პოლიტიკას სამწუხაროდ აქაც ჩაყვეს დორბლიანი ცხვირი ყველამ კარგათ იცის რამდენი მოჭიდავეა ზონდებრიგადებში
და ათას სიბინძურეში გახვეული რას იზამ თავი თუ დამპალია დანარჩენის დალპობაც დროის ამბავია. და ნუღარ გვიკვირს რო შედეგი არ გვაქვს
პ.ს. მიშა მართლა როგორ გავხარ შენ ბელადს :)უნდა ამაყობდე შენ ნამდვილი რევოლუციის შვილი ხარ და სამაგალითო ქართველი ვაშააა..:)
საქართველო გაივსო მსგავსი მუტანტებით და რა გვეძიუდოება ეე
judo777
04:24 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული