მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს

AutoSharing Option
ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი და ტომას ბახი
რუსეთის ოლიმპიური გუნდის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სრულად მოკვეთის ახალი ტალღა აგორდა. საქმე ძალიან სერიოზულადაა. რუსეთის წინააღმდეგ გამოდის 10 ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო, აგრეთვე, 20 "სპორტული ჯგუფი", რომლებიც მთელ მსოფლიოში ოლიმპიელთა ინტერესებს წარმოადგენენ.

ყველაზე მეტად აქტიურობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან წერილობით ითხოვს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების რიოს თამაშებიდან ჩამოშორებას. ამერიკელთა გვერდით არიან - გერმანიის, ესპანეთის, იაპონიის, შვეიცარიისა და კანადის ანტისადოპინგო სააგენტოები.

ისინი ამ საკითხის წამოწევას ორშაბათს, 18 ივლისს აპირებენ, როცა
გამოქვეყნდება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის ანგარიში სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენების ფაქტების შესახებ. დამოუკიდებელ გამოძიებას კანადელი იურისტი რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის ნაკრების მოკვეთას ითხოვს ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის უფროსი ჯოზეფ დე პენსიე.

"დიდი ალბათობით, მაკლარენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ადგილი ექნება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დოპინგ-სკანდალს ისტორიაში და ის დაადასტურებს რუსეთის მთავრობის მონაწილეობას მთელი მსოფლიოს სუფთა სპორტსმენების წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებაში", - განაცხადა მან.

Sportall.Ge

რას უმზადებენ რუსეთს?
ორშაბათს, თბილისის დროით 17 საათზე, ტორონტოში სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის ანგარიში, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას რიოს ოლიმპიურ თამაშებში.

ბოლო პერიოდში, რუსული სპორტის რეპუტაციას ისედაც სერიოზული ზიანი მიადგა, მაგრამ ბოლოდროინდელი ამბები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მაკლარენი ამზადებს. კულუარებში კანადელი პროფესორის ანგარიშს უკვე უწოდეს "სისხლიანი" (Blood report). როგორც ამბობენ, ეს დოკუმენტი კიდევ უფრო მკაცრი და არგუმენტირებულია, ვიდრე მაკლარენის წინამორბედთა მიერ შედგენილი ანგარიშები.

საინტერესოა, რომ მაკლარენმა არ ჩათვალა საჭიროდ მოსკოვში მივლინება და რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრა. მან თავაზიანი უარით გაისტუმრა ისინი:

"მადლობა, ვერ ვხედავ ამგვარი ვიზიტის აუცილებლობას". სხვა სიტყვებით, კანადელმა რუსულ მხარეს მიანიშნა: "იმდენი სამხილი მაქვს, რომ საჭირო არ არის თქვენი თავის მართლების მოსმენა".

Sportall.Ge
ფოტოზე: რიჩარდ მაკლარენი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი შეფი რიჩარდ პაუნდი

მაკლარენის მთავარი მოწმეა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი. დღეს ის აშშ-ში ცხოვრობს. ამა წლის მაისში მან ინტერვიუ მისცა ამერიკულ გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსს" და შოკისმომგვრელი ისტორიები მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდა სოჭის ოლიმპიადის დროს რუსი ჩემპიონებისთვის "კოქტეილს" (სტეროიდები და ალკოჰოლი) და როგორ აყალბებდა ღამით დოპინგ-სინჯებს მსოფლიოს ანტისადოპინგო ლაბორატორიებში.

ერთი თვის წინ, თავისი სამუშაოს წინასწარი შეფასებისას, მაკლარენმა დაწერა, რომ როდჩენკოვის ინფორმაცია "ნდობას იმსახურებს". კანადელ პროფესორს დეტალებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ცხადია, რომ როდჩენკოვი აქტიურად თანამშრომლობს კომისიასთან და მოახერხა კიდეც წონადი მტკიცებულებების წარმოდგენა. მათ შორისაა ელექტრონული მიმოწერა რუს მაღალჩინოსნებთან.

სხვათა შორის, მსოფლიოს პრესაში პერიოდულად ჩნდება ახალი სახელები "როდჩენკოვის სიიდან". ეს არის იმ სპორტსმენთა ჩამონათვალი, რომელთა სინჯებს ცვლიდა სოჭში სპორტის სამინისტროს ბრძანებით. ასე მაგალითად, ამ დღეებში "ნიუ იორკ თაიმსმა" დაწერა, რომ ამ სიაში ფიგურირებდა სკელეტონში სოჭის თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი ელენა ნიკიტინა.

სავარაუდოდ, გადამოწმდა სოჭის რუსი ათლეტების მიერ ჩაბარებული სინჯები, რომლებიც ლოზანას ლაბორატორიაში ინახება და თუ იქ როდჩენკოვის დახმარებით რამე იპოვეს, ეს იქნება მომაკვდინებელი მტკიცებულება. ამით საბოლოოდ დამტკიცდება რუსეთში დოპინგის გამოყენებაზე ხელის დაფარებისა და თუნდაც წახალისების ფაქტები. ამის შემდეგ რუსებს თავზე ხელს აღარავინ გადაუსვამს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მაკლარენი რაღაცას აღმოაჩენს სოჭის სინჯებში, მაშინ რუსი სპორტსმენები უნდა მოიკვეთონ პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან.

თუმცა აქ ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პოზიციები პრინციპულად განსხვავდება.

დიდი ალბათობით, ახალი ანგარიშის რეკომენდაციებში ლაპარაკი იქნება რუსეთის მოკვეთაზე სწორედ უახლოესი ზაფხულის თამაშებიდან, რადგან თუ რუსეთში სახელმწიფო დონეზეა დაშვებული დოპინგის მიღება, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს - ზამთრის ოლიმპიადაზე იქნება ლაპარაკი თუ ზაფხულის. თუ მაკლარენის ანგარიშში თუნდაც ერთი მტკიცებულება იქნება რუსეთის სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ, რუსი სპორტსმენების მიმართ ნდობა საბოლოოდ გაქრება.

წერილი ამერიკიდან
რუსულ პრესას ხელში ჩაუვარდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის, ტრევის ტაიგერტის წერილი, რომლის ადრესატია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი. წერილი წარმოადგენს მოთხოვნას - გაირიცხოს რუსეთი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილეებიდან.

როგორც ჩანს, დოკუმენტი სამშაბათს უნდა გამოქვეყნებულიყო, რიჩარდ მაკლარენის პრესკონფერენციის შემდეგ. გთავაზობთ ტაიგერტის წერილის სრულ ვერსიას:

Sportall.Ge
ფოტოზე: ტრევის ტაიგერტი

2016 წლის 13 ივლისი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს
პატივცემულო პრეზიდენტო და აღმასკომის წევრებო,

გუშინდელმა დღემ სერიოზული დარტყმა მიაყენა ყველა სუფთა ათლეტს და იმათ, ვისაც სჯერა ოლიმპიური ღირებულებების.

დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი რიჩარდ მაკლარენი, დაადასტურა დოპინგის მრავალწლიანი გამოყენების შოკისმომგვრელი სისტემა და ანტისადოპინგო პროცესებში ჩარევა, რასაც სახელმწიფო დონეზე ჰქონდა ადგილი რუსეთში. ყველაფერთან ერთად, სამხილები ლაპარაკობს იმაზე, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისა და სხვა ტურნირების დროს განზრახ უშლიდნენ ხელს ანტისადოპინგო სამუშაოებს. აგრეთვე, მრავალი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რუსი სპორტსმენებისგან დოპინგ-სინჯების აღების პროცესში სისტემატურ ჩარევას და გამარჯვებების მოსაპოვებლად ტყუილების გამოყენება წარმატებული აღმოჩნდა.

მაკლარენის ანგარიში ამტკიცებს, რომ ამგვარ მოქმედებას ეწეოდა სპორტის სამინისტრო რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების დახმარებით. ამით რუსეთმა შეგნებულად დაარღვია ოლიმპიური მოძრაობის, ოლიმპიური ქარტიისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრინციპები.

ზარალი, რომელიც მიადგა ოლიმპიურ თამაშებსა და ათასობით სუფთა სპორტსმენს - აუნაზღაურებელია. ცხადია, რომ უნდა გადაიდგას სერიოზული და გადამჭრელი ნაბიჯები ამ ათასობით ადამიანის ნდობისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.

ამ მომენტში, მსოფლიოს ყველა სუფთა ათლეტი ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ნაბიჯებს ოლიმპიური მოძრაობის სტანდარტების გასამყარებლად; აგრეთვე, გარანტიებს იმისა, რომ რუსეთში შექმნილ სისტემას არ გამოიყენებს არც ერთი ქვეყანა, თუ მას სურს იყოს ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი. ჩვენ ვწერთ ყველა სუფთა სპორტსმენისა და ანტისადოპინგო ორგანიზაციების სახელით და იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიური კომიტეტი სათავეში ჩაუდგება მოძრაობას ოლიმპიზმის ძირითადი პრინციპების აღდგენისთვის.

ამიტომაც, პრინციპების, ქარტიისა და კოდექსის შესაბამისად, ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს, ჩამოაშოროს რიოს ოლიმპიადას რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები. ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან გადაიდგმება უმკაცრესი ნაბიჯები იმისთვის, რათა წინ აღუდგეს კორუფციას ოლიმპიადაზე და დოპინგს სპორტში, დაიცვას სუფთა სპორტსმენები და მხარი დაუჭიროს რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების სიწმინდეს.

არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული დოპინგის პატიება და ის უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. ასეთი მოქმედება არღვევს ძირითად პრინციპებს, რასაც ეყრდნობა ოლიმპიური მოძრაობა. ოლიმპიზმის ძირითადი პრინციპები ლაპარაკობს ეთიკური ნორმების, ურთიერთპატივისცემისა და სპორტში პატიოსნების წინ წამოწევაზე; აგრეთვე, ხელს უწყობს ათლეტებს შორის ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას.

ოლიმპიური ქარტია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს, რათა გარანტირებული იყოს ოლიმპიური მოძრაობის შიგნით ძირითადი პრინციპების დაცვა. კერძოდ, მეორე პარაგრაფში წერია: "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამოცანაა - განავითაროს ოლიმპიზმი მსოფლიოში და მართოს ოლიმპიური მოძრაობა. კომიტეტის როლია - დაიცვას "სუფთა" სპორტსმენები და იყოს სპორტში პატიოსნების გარანტი, ებრძოლოს დოპინგს და მიიღოს ზომები სპორტში კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ".

დოპინგის გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო დონეზე უჭერდნენ მხარს რუსეთში და რის შესახებაც არის მითითებული მაკლარენის ანგარიშში, არ ჯდება ეთიკის ნორმებში და არღვევს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსს, ოლიმპიზმის ძირითად პრინციპებსა და ოლიმპიურ ქარტიას. ერთადერთი ადეკვატური და დასაშვები ზომა ამ უპრეცედენტო სიტუაციაში არის რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების დაუყოვნებლივი ჩამოშორება ოლიმპიური მოძრაობისგან ოლიმპიური ქარტიის 59-ე პარაგრაფის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია აიკრძალოს რუსეთის წარმომადგენლების გამოსვლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

ჩვენი აზრით, ცალკეული რუსი სპორტსმენები, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ არაფერი აქვთ საერთო რუსულ სისტემასთან, რადგან ქვეყნის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდნენ და სხვა ანტისადოპინგო სისტემის მიხედვით მოწმდებოდნენ, დაშვებულნი უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე, ოღონდ ნეიტრალური დროშის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ მსგავს ზომებს ითხოვს ოლიმპიური ქარტია. აგრეთვე, ეს არის ერთადერთი ხერხი, რომლითაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაიცავს სუფთა ათლეტებს.

იმის გამო, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არაუგვიანეს 2016 წლის 26 ივლისისა, მიიღოს ზომები და დაადასტუროს, რომ რუსეთი, მისი ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები და ყველა რუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას რიოს ოლიმპიურ თამაშებში.

ტრევის ტაიგერტი, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტო

ზეპელტს დიდი იმედი აქვს
დღეს, 18 ივლისს დაგეგმილი პრესკონფერენციის დიდი იმედი აქვს ტელეკომპანია ARD-ის გერმანელ ჟურნალისტს, ჰაიო ზეპელტს, რომლის მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმებმა წამოიწყო მთელი ეს აურზაური.

"კარგად ინფორმირებულ წყაროებთან საუბარში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ როდჩენკოვის ბრალდებების დიდი ნაწილი - სიმართლეა. ამასთან, ნახსენებია არა მხოლოდ სპორტის ზამთრის სახეობები, არამედ ზაფხულისაც, რომლებშიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლები უნდა გათამაშდეს.

ვფიქრობ, დიდია ალბათობა, რომ რუსეთის მთლიან ოლიმპიურ გუნდს არ დაუშვებენ 2016 წლის ოლიმპიადაზე. ზეწოლა სპორტულ ორგანიზაციებზე, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, ძალიან გაიზრდება და მაშინ კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი იძულებული იქნება, იმოქმედოს. ის ხაფანგშია მოქცეული, როგორშიც არასოდეს ყოფილა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.

როცა საქმე ეხება სპორტში ორგანიზებულ ჩარევას, არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური ან სპორტის ცალკეული სახეობების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. თუ ხელისუფლება მართლაც მასიურად ერეოდა სპორტში, მაშინ ზომები რადიკალური უნდა იყოს", - განაცხადა ზეპელტმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
აშშ ში იმიტომ გაიქცა რომ მაგის ორივე თანამშრომელი საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა და შეეშინდა ,რომ მაგასაც მოკლავდნენ.რაც შეეხება სპორტსმენებს ვინც დოპინგის საშუალებით იგებს დიდი არამზადები არიან,იმიტომ რომ არათანაბარ უპირატეს მდგომარეობაში არიან. თუ გაიხსენებთ მარადონა გამოიჭირეს მსოფლიოზე დოპინგის მიღებაზე და საქართველოში გამოჩდნენ უსინდისოები რომლებიც ამართლებდნენ დიდ არამზადას. და საერთოდ საბჭოთა სპორტსმენების უმრავლესობას დოპინგით ააქვთ მოგებული უამრავი მედლები ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიადებზე
ვის იცავთ?
18:03 18-07-2016
0
ამ დოპინგს რუსები ყოველთვის იღებდნენ,მაგრამ ვერ უბედავდნენ ვერაფერს რუსეთს.ამას აქვს რა თქმა უნდა პოლიტიკური სარჩულიც. ...სანამ საქართველოს აოხრებდნენ რუსები არაფერი,ეხლა რომ მიადგა პუტინი თოფით ევროპას-მაშინ მოეგო მსოფლიო გონს, თუნდაც ნაწილობრივ.
რუსი ვანია
22:27 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული