რიო 2016: მთავარი მატჩების დრო მოვიდა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა დაასრულა მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის. "დრიმ თიმი" 6 აგვისტოს, ჩინეთთან მატჩით დაიწყებს თითქმის გარანტირებული ოქროსთვის სვლას, მანამდე კი მან ხუთიდან ხუთი საჩვენებელი მატჩი მოიგო, საშუალო 43.0 ქულის სხვაობით. ამერიკელებმა დაამარცხეს არგენტინა, ორჯერ ჩინეთი, ვენესუელა და გუშინ, ნიგერია.

აფრიკელებთან მატჩი ჰიუსტონში გაიმართა. დარბაზში ანშლაგი იყო. აშშ-სა და ნიგერიის ბოლო შეხვედრა 2012 წლის აგვისტოში, ასევე ოლიმპიური თამაშების წინ ჩატარდა და მაშინ, კარმელო ენტონის 37 ქულის წყალობით, ამერიკელებმა 156:73 მოიგეს.

ამჯერად, "დრიმ თიმის" მონაგარი გაცილებით მოკრძალებული იყო, თუმცა მაიკ კრჟიჟევსკის
შეგირდებმა მაინც ასიამოვნეს გულშემატკივრები შემტევი და შედეგიანი თამაშით. მით უმეტეს მართებდათ ამის გაკეთება ვენესუელასთან წინა მატჩიდან გამომდინარე, როცა შეტევაში პრობლემები ჰქონდათ და მეტოქეს მხოლოდ 80 ქულა ჩაუგდეს.

კრჟიჟევსკიმ ამ მატჩში მხოლოდ ათი კალათბურთელი გამოიყენა, რადგან მცირე ტრავმები აწუხებდათ კაირი ირვინგსა და პოლ ჯორჯს. რთულია ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელთა სასტარტო ხუთეულის წინასწარმეტყველება, რადგან მათმა დამრიგებელმა ოთხი სხვადასხვა ხუთეულით დაიწყო ეს ხუთი ამხანაგური მატჩი.

ნიგერიელებმა მხოლოდ პირველ წუთებში გაუწიეს წინააღმდეგობა მასპინძლებს და საწყისი მეოთხედის შუაში ერთ ქულას აგებდნენ - 10:11. აფრიკელები ჯიუტად მისდევდნენ სამქულიანების ტაქტიკას, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა: ნიგერიამ მიზანს ააცილა პირველი 22 შორეული ტყორცნა და მხოლოდ 23-ე ცდაზე, როცა მატჩის დამთავრებამდე 3.48 წუთი რჩებოდა, ჩემბერლენ ოგუჩუმ შეძლო სამქულიანის კალათში მოთავსება. ნიგერიას შორეული ტყორცნების სიზუსტის პროცენტი 13 ჰქონდა (29-დან 4 ზუსტი), ამერიკას - 38. თამაშიდან სროლების გამოყენების პროცენტში ასეთი დიდი განსხვავება იყო - 53 37-ის წინააღმდეგ. და როგორც წინა მატჩებში, აშშ-ს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მოხსნებში - 47:28. ამ ყველაფერმა მოიტანა კიდეც 44-ქულიანი მოგება - 110:66.

კარმელო ენტონი ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში 19 ქულით. სულ ექვსმა ამერიკელმა შეძლო 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა. ეს ვერ გააკეთა კაილ ლოურიმ, თუმცა ის ახლოს იყო სამმაგ დუბლთან - 8 ქულა, 8 მოხსნა და 11 პასი.

მაიკ კრჟიჟევსკის ხელმძღვანელობით, ამერიკამ 81-ე მატჩი ჩაატარა და მე-80 მოიგო. ეს იყო "დრიმ თიმის" ზედიზედ 68-ე მოგება. აღნიშნული სერია 2006 წლიდან იღებს სათავეს.

აშშ-ნიგერია 110:66
27:14, 27:16, 30:15, 26:21
აშშ: ენტონი (19+5 მოხსნა), ტომპსონი (17), დურანტი (14), დეროზანი (13+5 პასი+4 ჩაჭრა), კაზინსი (10+5 მოხსნა), ჯორდანი (10+9 მოხსნა), ბატლერი (9+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბარნსი (8), ლოური (8+8 მოხსნა+11 პასი), გრინი (2+6 პასი).
ნიგერია: ოგუჩი (21), ა. ამინუ (13+5 მოხსნა), დიოგუ (10+9 მოხსნა), უზო (10+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული