- შმაგი ბოლქვაძე: ბედნიერი ვარ ქართველი ხალხის გახარებით - ამისთვის დიდი შრომა გავწიე!
- ბეგი დარჩია: შმაგის ვულოცავ, გუნდით კი მთლიანობაში უკმაყოფილო ვარ...
თუმცა ჭიდაობაში გამეფებული კორუფცია და უსამართლობის ზეიმი რომ არა, ბოლქვაძეს ახლა, მინიმუმ, ვერცხლი ექნებოდა და ვინ იცის, ეგებ სულაც ჩემპიონობა დაეკარგა, ნახევარფინალში ისეთი შეხვედრა წააგებინეს სერბთა მსოფლიოს ჩემპიონ დავორ სტეფანეკთან.
გუშინ რომან რურუ
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ძლივს სათანადოდ მოჭიდავე ერთი ქართველი ფალავანი ვნახეთ და იმასაც ასეთი რამე დამართეს მსაჯებმა... როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე - არც მსაჯობა ჭიდაობაში. ამათ ოლიმპიადიდან ამოღება თუ მოარჯულებთ.
სტეფანეკი რომ ძლიერი სპორტსმენია, ამაზე არავინ კამათობს; ისიც უდავოა, რომ ჩოქბჯენიდან ის გდებაც ვაჟკაცურად გააკეთა და ბოლქვაძეც შეცდა, სათანადოდ ვერ დაიცვა თავი, მაგრამ საკითხავია, რატომ ჩააყენეს ჩვენი ფალავანი ჩოქბჯენში ან მანამდეც რატომ აფრთხილებდნენ?
მთელი შეხვედრა ეს უტევდა, მაგრამ შემჩნევა-გაფრთხილებებს მაინც ამას აძლევდნენ. თუმცა, ეტყობა, მსაჯმაც კარგად იცოდა, სერბის ძლიერი მხარე რაც იყო და ამიტომ დაუყენეს ჩოქბჯენში - ჩქარობდნენ, ქართველმა არ დაგვასწროს ილეთის გაკეთებაო. არადა, არბიტრიც პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან რომ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდით რამეს, მაგრამ კორეელი იყო, ისინი და იაპონელები კი პროფესიული მიდგომებით გამოირჩევიან.
თან არბიტრმა სტეფანეკს დგომშიც რამდენჯერმე წაუხუჭა თვალი, როცა ორივე ხელით ჩამოეკიდა ჩვენებურს. მეტოქედ რუსი ან აზერბაიჯანელი რომ ყოფილიყო, მაშინაც გასაგები იქნებოდა ასეთი არაობიექტური მსაჯობა, მაგრამ ამ შემთხვევასაც მოეძებნება ახსნა - ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი სტეფანეკის თანამემამულეა და, ეტყობა, სწორედ აქაა "ძაღლის თავი" დამარხული.
სამაგიეროდ, ჭიდაობის სამყარო მსგავსი უმსგავსობებით თავისი ხელით ითხრის საფლავს - არ გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს ისევ რომ დადგეს ოლიმპიადიდან ამ სახეობის მოკვეთის საკითხი.
მებრძოლი გლადიატორი
გადაღლილი, დუნედ მოჭიდავე ნაკრების ფონზე შმაგი ბოლქვაძე მართლაც გამოირჩეოდა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო - ის ახალგაზრდაა, თან ახალი გადმოსულია ეროვნულ ნაკრებში და ჩანს, ჯერ ბოლომდე არ "გადაიწვა". ახალგაზრდა ორგანიზმმა უფრო გაუძლო პირდაპირ თუ ირიბ დატვირთვებს. არადა, მეეჭვება, სხვების მიზეზი სწორედ ამ "ირიბ" მომენტებშია, რის გამოც მათმა ორგანიზმმა სრულად აღდგენა ვერ მოასწრო. ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ შმაგი ბოლქვაძე ჩვენი ფალავნებიდან ჯერჯერობით მეორეა, ვინც მებრძოლი, საჩემპიონო ხასიათი გამოავლინა. ის ყველა შეხვედრაზე გლადიატორივით გადიოდა - ანთებული თვალებით, ენერგიული და საბრძოლოდ მომართული, როცა ლამის არბოდა ფიცარნაგზე, თითქოს ეშურებოდა, რაც მალე გადაეშვებოდა ორთაბრძოლაში.
მას ეტყობოდა ის, რასაც ეს დღეები ამაოდ ვეძებდით სხვების სახეებსა თუ თვალებში - ჟინი და აღმაფრენა, ჭიდაობის, მოგების სურვილი. არანაირი რიდი და შიში, ის მზად იყო, ეგრევე შეემუსრა მეტოქე. ასეთივე შემართებით ჩაატარა მან ოთხივე შეხვედრა და იქნებ ბევრი ილეთი ვერ გააკეთა, მაგრამ აქტიურობით ბევრჯერ დაასჯევინა მეტოქე ქულა-გაფრთხილებებით.
ერთადერთი, რაც მან ვერ გააკეთა, - საჭირო მომენტში მეტოქესთან ერთად მსაჯებიც ვერ დაანარცხა ლეიბზე.
ოლიმპიური ჩემპიონის პირისპირ
ბოლქვაძის ამ შემართებას პირველ შეხვედრაში ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკი შეეწირა - 3:0 და მეტად მრისხანე მეტოქესთანაც ასეთივე განწყობით გავიდა საჭიდაოდ. მეოთხედფინალში მის წინ ირანელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ომიდ ნოროოზი დადგა, სწორედ ის, ვინც 2012 წელს ლონდონში ფინალში რევაზ ლაშხი დაგვიმარცხა. თუმცა ეს 60 კილოგრამში მოხდა, მას შემდეგ კი ნოროოზი ახალ წონაშიც გადავიდა და 30 წლისაც მოიყარა. ფაქტობრივად, ეს თაობათა ბრძოლა იყო (ბოლქვაძე 22-ისაა), რომელშიც მჩქეფარე ენერგიამ გაიმარჯვა. გამოცდილი ირანელი უფრო ეშმაკურად ირჯებოდა, ბოლქვაძე კი ჟინიანად უტევდა და მიზანსაც მიაღწია - პასიურობისთვის ირანელი ორჯერ დასაჯეს თითო ქულით და შეხვედრა 2:0 დასრულდა ჩვენ სასარგებლოდ.
ნახევარფინალზე ზემოთაც გითხარით, აქ კი იმას დავამატებთ, რომ ჩვენებური თავიდანვე უტევდა და შესამჩნევად აქტიურიც იყო, მაგრამ ადგილობრივმა თემიდამ სხვაგვარად განსაჯა და ჩოქბჯენში ჩააყენა. ჯვარედინი მოვლებიდან, იქ რაც სტეფანეკმა გააკეთა, უდავოდ აღნიშვნის ღირსია, ლამის ლეიბზე დაწოლილმა ისე გადააგდო და სუფთად მოიგო.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონსა და უფროსებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ბოლქვაძეს კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი სანუგეშო წრეში ელოდა - სტეფანეკთან დამარცხებული გერმანელი ფრენკ სტაბლერი, მაგრამ მას ბედისწერად იაპონელი ტომოჰირო ინუე ექცა.
სამაგიეროდ, თავად იაპონელს ბოლქვაძემ გადაუკეტა მედლისკენ მიმავალი გზა. მან ეს შეხვედრაც აქტიურად ჩაატარა და ესეც გააფრთხილებინა, თავად კი ჩოქბჯენში კარგად დაიცვა თავი და 1:0 იმარჯვა.
გუშინ კიდევ ერთი ჩვენებური ჭიდაობდა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98), თუმცა ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბულგარელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურთან: 2:3. მას სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი არც მისცემია.
სატურნირო ამბები
გუშინ ბრაზილიაში ბედნიერი დღე ჰქონდათ მეზობელ სომხებს - ორივე ფინალში ჰყავდათ მონაწილე, თუმცა ერთი ოქრო მოიპოვეს. მათი მონაწილე, მიგრან არუთინიანი 66 კილოგრამში დამარცხდა, სადაც სტეფანეკმა, შეიძლება ითქვას, დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა. 30 წლის თურქი, ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი ცენკ ილდემი თავის მეორე თამაშებზე მაინც შესწვდა ოლიმპიურ მედალს - ბრინჯაო მოიპოვა. 98 კილოგრამში ასევე "დაგეგმილი" ჩემპიონობა მოიპოვა არტურ ალექსანიანმა, თუმცა ის თავიდანვე აშკარა ფავორიტი იყო და მსაჯებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ვერაფერს. მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგებმა სომეხმა ახლაც მაქსიმუმი ჩადო ამ ტურნირში და მედლების სრული კომპლექტი შეკრა, ისე კი, ის წინა თამაშებზე მესამე იყო. მასზე ერთი წლით უფროსი კუბელი იასმინ დანიელ ლუგო კაბრერა აქამდე რიგით ტურნირებზე თუ მოიპოვებდა მედალს, ახლა კი ოლიმპიადის ფინალში გავიდა. იქაც რომ მოეგო, კუბა სამი ოქროთი ყველას გაუსწრებდა, ახლა კი რუსებთან ერთად 2-2 უმაღლესი ტიტულით იყოფენ ტროფეის. თუმცა სწორედ ამ ვერცხლით მაინც უსწრებენ მათ.
ირანელებს გუშინ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს - 98-ში. გასემ რეზაეი 31 წლისაა და იქნებ ბარგსაც ალაგებდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი არაა (სხვა სინჯის მედლები კი აქვს) და შეიძლება ამ ტიტულის მოსაპოვებლად ცოტა კიდევ იჭიდაოს.
რიო 2016. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
66 კგ.
1. დავორ სტეფანეკი (სერბეთი); 2. მიგრან არუთინიანი (სომხეთი); 3. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო), რაასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი).
98 კგ.
1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 2. იასმინ დანიელ ლუგო კაბრერა (კუბა); 3. ცენკ ილდემი (თურქეთი), გასემ რეზაეი (ირანი); 11. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.ოლიმპიური კომიტეტის სანქციამაც ვერ უშველა ბოლომდე საქმეს.ბერძნულ რომაული ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია უნდა მთლიანად გადახალისდეს.